|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური დახმარების ნაცვლად მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები.

„ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა ახალი, გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები.

ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე მუშაობა და საუბარი დაწყებული გვაქვს გუნდის, მთავრობის წევრებთან ერთად და მე მჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორი ხედვა.

კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს და უმოქმედობას, მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა, დაახლოებით ნახევარი არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომლებიც რა თქმა უნდა, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად, დასაწყებად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა