|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სპორტსმენის წარმატებას მხოლოდ ძალა არ წყვეტს“

2015 წლის  საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ზვიად პატარიძე დაასახელეს.  ქუთაისელმა სპორტსმენმა მის  მიერ განვლილი გზისა და  სამომავლო გეგმების შესახებ  „ნიუპრესს“  ესაუბრა.

          კარიერული წინსვლა 2008 წლიდან დაიწყო . პირველად  საერთაშორისო ტურნირზე,    მე-3 ადგილი  დაიკავა, რამაც მისცა მოტივაცია, იმისა რომ შემდეგში უკეთესად  ეასპარეზა და მეტი წარმატების მისაღწევად ებრძოლა. 18 წლის ქუთაისელი ზვიად პატარიძე 10 წლის ასაკიდან ჭიდაობით არის დაკავებული. ის ბერძნულ-რომაული სახეობის მოჭიდავეა.   სპორტის ეს სახეობა მისთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ზვიადი ქუთაისში დაიბადა, აქ დაასრულა  #22 საჯარო სკოლა.  ვარჯიში  არასოდეს  ეზარებოდა,   მეტი მოტივაცია პირველმა  გამარჯვებამ მოუტანა.   თუმცა აღნიშნავს,  რომ შემდგომა დამარცხებებმა წარმატების მიღწევის სურვილი გაუმძაფრა.

„საერთაშორისო  ტურნირზე  გამოცდილ  სპორტსმენებს მოვუგე, მესამე ადგილზე გავედი. მახსოვს, უბედნიერესი ვიყავი. მეორე წელს საქართველოს ჩემპიონატზე გავედი, სადაც  მეორე ადგილი დავიკავე და ევროპის  ჩემპიონატის საგზური მოვიპოვე. იქ  კი, გამოუცდელობის გამო დავმარცხდი რუსეთის წარმომადგენელთან და  მე-5 ადგილზე გავედი.  ამ ჩემპიონატმა დამარწმუნა იმაში,  რომ  მეტი შემეძლო.  არ დავნებდი, მოვიკრიბე ძალები, უფრო მოვინდომე.  საკუთარ თავს ვამხნევებდი, ვიცოდი, რომ მეტი შემეძლო და ამ შემართებით წინ და წინ მივდიოდი“,- გვიამბობს ზვიადი.

მისი  მონდომება  და ძალისხმევა  უშედეგოდ არ დასრულებულა. მას შემდეგ ზვიადმა უამრავ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და იმ შედეგსაც მიაღწია, რისი მიღწევაც სურდა. მან  რამდენიმე  ჩემპიონატზე  ოქროს მედალი მოიპოვა  და საერთაშორისო ტურნირის პრიზიორიც გახდა.

„2014 წელს კვლავ  გავედი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედალი ავიღე და მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსი, რამაც ძალიან გამახარა. ეს ბედნიერი წუთები წარუშლელია ჩემს მეხსიერებაში.  ამის შემდეგ,  2014 წელს  „ოქროს ხანა“ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.   მოვიპოვე 3 ოქროს მედალი.  საერთაშორისო ტურნირის, ევროპის  და  მსოფლიო ჩემპიონი გავხდი“,- ამბობს  პატარიძე.

2015 წელს სპორტსმენი ახალგაზრდულ  ნაკრებში გადავიდა, სადაც  ფინალში ევროპის ვიცე ჩემპიონი დაამარცხა. პატარიძემ ახალგაზრდულ ნაკრებშიც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. საერთაშორისო ტურნირზე  20 კგ.-თ  მეტ წონაში მოუგო მეტოქეს და კვლავ  მსოფლიო  ჩემპიონატზე  გაემართა, სადაც  რევანშით  იმ სპორტსმენს მოუგო,  რომელმაც  3 წლის წინ დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი ზვიადი  სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  ამბობს, რომ ძალიან რთულია, იყო სპორტსმენი, რადგან მხოლოდ ძალა არ წყვეტს წარმატებას. მისი თქმით, სპორტსმენს  რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს, რომელიც აუცილებლად დაეხმარება გამარჯვების მოპოვებაში. ეს არის საკუთარი თავის რწმენა, ნებისყოფა, შეუპოვრობა და  შრომის სიყვარული.

„სულ სხვაა სპორტსმენის ცხოვრება. ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა, სულ რეჟიმში უნდა იყო, სულ ფორმაში, თუმცა,  ეს ყველაფერი ღირს იმ ბედნიერებისთვის, რასაც გამარჯვება ჰქვია.  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ერისა და ქვეყნის წინაშე, მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს.  მე ვეკუთვნი  ქვეყანას და ჩემი ქვეყნის ღირსებას,  ამიტომ ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ  ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილი ვიყო და კიდევ მრავალჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა“,- განაცხადა სპორტსმენმა.

პატარიძე, ახლა   მთავარი მისიის  შესასრულებლად იბრძვის. მას ოცნებად  ოლიმპიური  ჩემპიონატის  მოგებაღა რჩება და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ოცნების განსახორციელებლად.  მიუხედავად იმისა,რომ  ამისთვის დიდი ძალისხმევა, ბევრი ვარჯიში და შრომაა საჭირო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პატარიძე საქართველოს წარმარებულ სპორტსმენად აღიარეს და პრემიერმა  დააჯილდოვა.  ასევე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, როგორც  საუკეთესო  სპორტსმენს   სპეციალური ჯილდო გადასცა.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა