|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის „ახალი სიცოცხლე“ თუ ავანსად გაცემული პიარი?

ქუთაისში, უკვე, პრესტიჟულ უბნად ქცეულ ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებებია თავმოყრილი, პრობლემები ამ დრომდე რჩება. მოუწესრიგებელი ინფრსატრუქტურა, დასაქმება, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები და შიდა გზები - ეს ის პრობლემებია, რომელზეც მოსახლეობა საუბრობს. დასახლებაში მცხოვრებთა  აზრი ავტოქარხნის ,,ახალ სიცოცხლეზე“, არაერთგვაროვანია.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებებმა ავტოქარხანა გამოაცოცხლა და იქ ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა და  მომავალს პესიმისტურად უყურებენ.

„სიკარგისკენ არაფერი მიდის. პარლამენტი და სილამაზე მაშინ არის კარგი, როცა ადამიანს საკვები მაინც აქვს. მშიერი ადამიანისთვის არაფერს წამოადგენს პარლამენტი და არც შადრევანი. ჯერ დააკმაყოფილე ადამიანი და მერე შადრევანიც გააკეთე, კულტურის სახლიც და სხვა დანარჩენი. აქ ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია შიდა გზებისა და კანალიზაციის პრობლემა. ჯერ, აქედან უნდა დაეწყოთ,“  - ამბობს ავტოქარხნის მცხოვრები ანზორი ივანაშვილი.

„გამოცოცხლდა და უფრო საინტერესო გახდა ცხოვრება. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, არაფერი არ იყო განსაკუთრებული აქ. ახლა, უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ვართ. ახალი დაწესებულებები გადმოვიდა, დასაქმდნენ ადამიანები,“ - ამბობს თეა ტყეშელაშვილი.

„ზაპოროჟეცი“ მყავდა და მიხაროდა ცხოვრება, კაცისთვის პატივისცემა შემეძლო. ახლა, ფირმა მანქანა მყავს და არაფერი მიხარია. ჩემდა საუბედუროდ, ორჯერ ჩამოვართვი სააკაშვილს ხელი და რატომ არ მივიჭერი იქვე და არ გავატანე უკან. მერე რა, რომ პარლამენტი გადმოდის, რა აზრი აქვს. ხალხი არის ჩამკვდარი, სიცოცხლე ჩამკვდარია და მე ამისთანა სიცოცხლე არ მინდა,“ - აღნიშნა როლანდი ლექვინაძემ.

ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, ,,ახალი მემარჯვენეების“  ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. მამუკა მღვდელაძე ფიქრობს, რომ ავტოქარხნის ამჟამინდელი მდგომარეობა, მოსახლეობისთვის ავანსად გაცემული პიარია.

„პრობლემად რჩება დასაქმება. პარლამენტის გადმოსვლას, როგორც რიგითი ქუთაისელი, მხარს ვუჭერ. თუმცა, რეალურად უნდა მოხდეს უბნის განვითარება. მხოლოდ, ფასადების შეღებვით, ეს ვერ მოხდება. ავტოქარხანა , რომელიც ინდუსტრიული ზონაა,  წინა არჩევნების დროს გაპიარდა, აქ უნდა დასაქმებულიყო 15 000 ადამიანი, ეს რეალობასთან ახლოსაც არ არის. 1000 ადამიანიც კი არ დასაქმებულა. პარლამენტთან ახლოს, 300-400 მეტრში,  კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. ამ ეტაპზე, ამ პროექტების განხორციელება ავანსად გაცემული პიარაია. ამას უნდა მოჰყვეს პროგრამები, რომლიც მცირე ბიზნესს განავითარებს, ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, დასაქმების და შიდა გზების პრობლემას მოაგვარებს. ჯერჯერობით, ეს რეალობა ჩვენ არ დაგვდგომია“ - აღნინა მამუკა მღვდელაძემ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პრობლემების გადაჭრა ავტოქარხნის მოსახლეობისთვის დაწყებულია და ახლო მომავალში, მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდება.

„ავტოქარხანაში სერიოზული პრობლემა იყო წყლით მომარაგება. დღესდრეობით,  ავტოქარხანა უკვე სარგებლობს 24–საათიანი წყლის მომარაგებით. პრობლემებია ინფრასტრუქტურის კუთხით, თუმცა, გარკვეული სამუშაოები უკვე დაგეგმილია. რაც გამოიწვევს, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ადამიანების დასაქმებას. სერიოზულად გაიზარდა საკუთრების საბაზრო ღირებულება, რაც მოქალაქეებს აუცილებლად წაადგებათ,“ – განაცხადა საკრებულო წევრმა მერაბ მეშველიანმა. მისი თქმით, ავტოქარხნის ტერიტორიით,  ბიზნეს-სექტორიც დაინტერესდა და ახლო მომავალში, ცალკეული ბიზნეს იდეების განხორცილება დაიწყება. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა