|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაია პატარაია - ქალს სჯიან დამოუკიდებელი აზროვნებისა და დაუმორჩილებლობისთვის

2013 წლის 20 მარტს თეა მეტრეველი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, ამ სამწუხარო ფაქტის გამო  ფემინისტთა დამუკიდებელმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია  მოაწყო, სადაც ჯგუფის წევრები წარწერით  - STOP მოითხოვნენ, რომ შეჩერდეს და აღიკვეთოს ქალებზე ძალადობა. მაშინ ამ საპროტესტო  ფოტო-აქცია ნუ კლავთ ქალებს! ბევრი შემოუერთდა. თუმცა, საქართველოში ისევ კლავენ ქალებს. სულ რამოდენიმე დღის წინ თბილისში საშინელი ფაქტი მოხდა - ყოფილმა ქმარმა 27 წლის ყოფილი ცოლი მოკლა და ასეთი შემთხვევები ბევრია.  რა არის ამ მკვლელობების მიზეზი? რატომ ხდება სწორედ ქალი ძალადობის მსხვერპლი? რატომ იჩენს მედია სექსისზმის მიმართ ნაკლებ მგრძნობელობას?

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი, ბაია პატარაია. 

- საქართველოს მასშტაბით ქალზე ძალადობის ძალიან ბევრი ფაქტის  მოყვანა შეიძლება სამწუხაროდ. რა არის ამის მიზეზი? რამდენად დიდია ამ მკვლელობებში პატრიარქალური  ტრადიციების წილი?  რამდენად  შეუძლია გაამაგროს და „წაახალისოს“ ტრადიციამ ქალზე ძალადობა?

- სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა ქალზე ძალადობის ისეთი უკიდურესი გამოვლინება, როგორიცაა მკვლელობა. თვეში რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება: ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა მოკლა ქალი/ცოლი. ერთის მხრივ ეს უკავშირდება ზოგადად დანაშაულის მატებას ქვეყანაში. მეორე მხრივ, ოჯახში ძალადობა პირდაპირ კავშირშია გენდერულ უთანასწორობასთან. საზოგადოებაში, სადაც ქალი აღიქმება მეორეხარისხოვან ადამიანად, რომელიც უნდა მორჩილებდეს კაცს, იქ თანასწორობაზე საუბარი ზედმეტია; ხოლო უთანასწორო ურთიერთობაში ადვილია სუსტი პოზიციის მქონე ადამიანის ჩაგვრა. ქართული ტრადიციები, ისევე როგორც დღევანდელი მართლმადიდებლური რელიგია, არ აღიარებს ქალისა და კაცის თანასწორობას. ყველა კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით ტარდება ქვეყანაში მიუთითებს ამ პრობლემაზე. კაცებიც და ქალებიც თვლიან, რომ გადაწყვეტილების მიმღები ოჯახშიც და მის გარეთაც კაცია. ასეთი უთანასწორობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ძალადობისათვის, განსაკუთრებით ოჯახში, რომელიც  დიდწილად იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან. საქართველოში ოჯახის საქმეებში ჩარევა ცუდ ტონად მიიჩნევა, მაშინაც კი, როცა ოჯახში ძალადობის ფაქტები საზოგადოებისთვის ცნობილია.

- ბოლო პერიოდში ნანახი რამოდენიმე გადაცემა მახსენდება, სადაც ძალიან მომხვდა ყურში წამყვანების სხვადასხვა სექსისტური გამონათქვამები, ერთ გადაცემაში კი სტუმარი ქალის მიმართ, რომელიც ოჯახში ძალადობის თემაზე ლაპარაკობდა,  ლამის აგრესიას  ჰქონდა ადგილი მამაკაცი წამყვანის მხრიდან. მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, მაინც რატომ არ არის მედია უფრო მეტად მგრძნობიარე ამ საკითხის მიმართ? მითუმეტეს რომ მედიის დიდ წილს სწორედ ქალები შეადგენენ? 

- სწორად ბრძანეთ, მგრძნობელობა ქალთა პრობლემატიკის მიმართ დაბალია საქართველოში. უფრო მეტიც, ხშირად თითიდან გამოწოვილ პრობლემად აღიქმება ქალთა დისკრიმინაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქალი დისკრიმინირებულია ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ამის აღიარება არ ხდება. კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ: დღეს ოჯახის საქმე მთლიანად ქალს აწევს ზურგზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქალებს სხვა სამსახურიც აქვთ. საქ.სტატის მონაცემები ადასტურებს, რომ ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალი მნიშვნელოვნად დაბალ ანაზღაურებას იღებს კაცთან შედარებით. ქალები არ არიან წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე არც კერძო და არც საჯარო სივრცეში, მათი წარმომადგენლობა 15% არ აღემატება, მაშინ როცა მოსახლეობის 52% ქალებს შეადგენენ. შსს რეგისტრირებული ოჯახური დანაშაულებების მსხვერპლის 90% ქალია. ეს სია შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ აქ შევჩერდები. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები სახეზეა, ჩვენს საზოგადოებას მაინც არ უნდა იმის აღიარება, რომ ქალები იჩაგრებიან და სანამ პრობლემების აღიარება არ მოხდება, მანამდე გადაჭრის გზებზე საუბარი უიმედოა.

- თუკი სხვადასხვა ჯგუფების (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობების) შემთხვევაში დისკრიმინაციას თავისი სახელი ქვია, ქალის  დისკრიმინაციას ზოგჯერ მორალს არქმევენ, ზოგჯერ ტრადიციას, ზოგჯერ დაუწერელი კანონის სახელი ერქმევა და ძნელად იდენტიფიცირდება დისკრიმინაციასთან. იქამდე თავად ქალებიც არ აიგივებენ სხვადასხვა ე.წ. ტრადიციებს ჩაგვრასთან. რამდენად რთულია სწორედ ქალის აზროვნებაში გამაგრებული ცრურწმენის დაძლევა?

- როგორც ზემოთ ჩამოვთვალეთ ქალთა დისკრიმინაცია თითქმის ყველა სფეროში ვლინდება და საზოგადოება ამას არ აღიარებს. პატრიარქალურ საზოგადოებას ურჩევნია მიჩქმალოს ქალების პრობლემები, არ ისაუბროს მათზე, საერთოდ არ წარმოაჩინოს ის პრობლემად. პირიქით, პატრიარქალური საზოგადოება იწონებს ქალის დაკნინებულ როლს, უწონებს მას მორჩილებას, სხვის ჭკუაზე სიარულს, პრეტენზიების არ გამოთქმას. სწორედაც რომ მორცხვი, მორჩილი, “შინაური” ქალია დღეს დაფასებული. ასეთია გენდერული როლი, რომელსაც საზოგადოება უკვეთავს ქალსაც და იმ ოჯახსაც, სადაც გოგონა იზრდება. ჩვენ ასე ვზრდით გოგონებს, სწორედ ქალები ზრდიან ასე თავის შვილებს. და ძნელია წინ აღუდგე დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, მავნე ტრადიციებს, მყარ რელიგიურ შეხედულებებს. ქალები, რომლებიც არ ეპუებიან ასეთ ყოფას, ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები საზოგადოების მხრიდან, ხოლო ოჯახში ისინი ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ. ქალს სჯიან დამოუკიდებელი აზროვნებისთვის და დაუმორჩილებლობისთვის. უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ ქალთა პრობლემები, ვაღიაროთ მათი არსებობა და ვიფიქროთ მათი გადაწყვეტის გზებზე.

- რამდენად მარტივია საქართველოში უწყინარი, პოზიტიური შინაარსის მქონე სიტყვების დემონიზება (გენდერი, ფემინისტი, ანტიდისკრიმინაცია და ა.შ.)?

- ძალიან ადვილია და იმიტომ არის ადვილი, რომ განათლების დონეა დაბალი. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სიტყვებს ნეგატიურ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც წესი არ ფლობს ინფორმაციას. საზოგადოების დიდი ნაწილია მიჩვეული ინფორმაციის მხოლოდ სატელევიზიო ან საგაზეთო გზით მიღებას და არც კი ცდილობენ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ. მე ხშირად მიწევს ტრენინგებისა და ლექციების ჩატარება და როდესაც ადამიანები აპროტესტებენ გენდერულ თანასწორობას, ფემინიზმს, ანტიდისკრიმინაციულ კანონს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ სრულიად მცდარი ინფორმაცია აქვთ ამ თემების და ცნებების შესახებ. ინტერნეტის ეპოქაში ძალიან მარტივია ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ამის კულტურა არ აქვს. ჩვენ თუ გვსურს შევდგეთ და ჩამოვყალიბდეთ დემოკრატიულ და თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებად, აუცილებელია ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს სიტყვებზე, ჩვენს აზრებზე, გადავამოწმოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ ეს ინფორმაცია. არ უნდა შეგვეშინდეს აზროვნების და ფიქრის, უნდა შევძლოთ კითხვა დავუსვათ ყველაზე ძველ ტრადიციებსაც კი. გვინდა კი ჩვენ მათი შენარჩუნება? რა სიკეთე მოაქვს ამას ჩვენთვის? რა ალტერნატივები გვაქვს? თუ ჩვენ არ ვიქნებით შეკითხვებით და ინფორმაციით შეიარაღებულები, ვერანაირი სხვა იარაღი ვერ დაგვიცავს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა