|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის - გამოფენა ქუთაისში

"ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის" ამ სახელწოდების გახლდათ გამოფენა, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა გამართა ქუთაისში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ასევე, ზოგადად, საზოგადოებრივად აქტიური ქალების ფოტოები და ექსპონატები. გამოფენის ორგანიზატორთა თქმით გამოფენის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება.

"ისტორიული მაგალითების საფუძველზე გვინდა ხელი შევუწყოთ ქალთა წახალისებას. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა,  რომლის მიზანი იყო შეგვესწავლა როგორ აშუქებდა მე-19- მე- 20 საუკუნის  მედია ქალთა საკითხებს და თავად ქალები როგორ წერდნენ იმ პერიოდში.  საკმაოდ საინტერესო მიგნებები აღმოვაჩინეთ", - ამბობს  მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი.

ორგანიზატორთა განმარტებით, თემა გარკვეული თვალსაზრისით განაპირობა მოახლოებულმა თვითმმართველობის არჩევნებმა "შევარჩიეთ ექსპონატები და ამონარიდები სწორედ იმ ქალბატონების საზოგადოებრივი საქმიანობიდან, რომლებიც  ქალებს მოუწოდებენ  იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები და  იზრუნონ იმ საჭირბოროტო საკითხებზე უფრო მეტად, რომელიც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის არის მნიშვნელოვანი და ნახავთ, რომ ბევრი პრობლემა რომელიც დღეს არის აქტუალური, აქტურალური იყო საუკუნის წინათ", - განმარტავს თამარ კინწურაშვილი.

აქტუალური იყო ოკუპაციის საკითხი და ამაზე აქტიურად წერდნენ ქალებიც. "ნინო ყიფიანი მოუწოდებდა მსოფლიო თანამეგობრობას დახმარებოდნენ საქართველოს რუსეთის იმპერიისგან  თავის დასაღწევად", - ამბობს კინწურაშვილი.

ორგანიზატორთა თქმით, გენდერული თანასწორობის საკითხში ჯანსაღ დამოკიდებულებებს ჰქონდა ადგილი საქართველოს კონსტიტუციასა და პირველ პარლამენტში. "ეს გამოფენა არის მაგალითი იმისა, რომ გენდერული თანასწორობის თემა ისტორიულად უცხო არ იყო  საქართველოსთვის, რასაც მოწმობს 1921 წლის კონსტიტუცია. ასევე მნიშვნელოვანია,  რომ საქართველოს 1919 წელს პირველ პარლამენტში ყავდა 6 ქალი დეპუტატი. მაშინ როცა  მაშინდელ მსოფლიოში ქალები იბრძოდნენ არა თუ პარლამენტში წარმომადგენლობითობითვის, არამედ საარჩევნო ხმის უფლებისთვის. ჩვენი კონსტიტუცია იყო გაცილებით წინ წასული და უსწრებდა  იმ დროს და ეპოქას", -აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა. 

პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა