|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქრისტინე რობაქიძე: "მხატვრობით ვერ ვიცხოვრებ, რადგან აქ ნახატს მყიდველი და შემფასებელი არ ჰყავს"

ქრისტინე რობაქიძე  საქართველოს და საერთაშორისო მხატვართა   კავშირების წევრია.  მისი ნამუშევრები დაცულია თურქეთის, ამერიკის, ნორვეგიის  კერძო კოლექციებში.  ქრისტინე   8 პერსონალური გამოფენის  ავტორია.  მისი გამოფენები  ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, თურქეთის ქალაქ   ორდუსა და მოსკოვში  გაიმართა.

 ნამუშევრებს ყიდის,   მაგრამ  საქართველოში იშვიათად.  ცხოვრობს ქუთაისში. ამბობს, რომ მხატვრობით ვერ იცხოვრებს, რადგან  აქ  ნახატს მყიდველი და შემფასებელი არ ჰყავს.   "ჩვენთან ურჩევნიათ სამი ჯიპი იყიდონ და ტილო - არა“ - ამბობს ის.  გამოფენის გამართვაც  არ არის იოლი  საქმე,  ამისათვის საგამოფენო დარბაზი უნდა დაიქირავო,  რაც მხატვრების მოკრძალებული შემოსავლებით  მიუწვდომელი სიამოვნებაა.

ქრისტინე ამბობს,  რაც თავი მახსოვს, ვხატავ.  როგორც  მშობლები  ამბობენ,  ხატვა უფრო ადრე დაიწყო,   ვიდრე ლაპარაკი.  პირვლად, როცა მესამე კლასში იყო ,  მისი ნახატები სკოლის გამოფენაზე წარმოადგინეს,   გამოფენას ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ, მათ შორის მხატვრები იყვნენ, რომლებმაც  პატარა გოგონას ხელოვნებას მაღალი შეფასება მისცეს.  ამან ქრისტინეზე  დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. 

13 წლის ასაკში პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა.

შემდეგ   იყო მოსკოვი და გემზე   გამართული საერთაშორისო  გამოფენა. „აღმოჩნდა,   რომ გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი.    მაშინ  მხატვართა საერთაშორისო კავშირის წევრი გავხდი.   ამისათვის იმ დროს  დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.“-აღნიშნავს  ქრისტინე.

 ბავშვობაში ლექსებს  წერდა და 2 კრებულის  ავტორიც  გახდა:  „ცისფერი მუზა“ და   “მე ბავშვბიდან ცხოვრებაში გადავფრინდები“.  ამის შესახებ ახლა ასე იხსენებს:  „კარგად ვწერდი და ალბათ, ვიღაცამ მშობლები შეაგულიანა, რომ ჩემი ლექსები კრებულად გამოეცათ.  ახლა რომ ვფიქრობ,  არასწორია,  ბავშვს წიგნი დაუბეჭდო. ეს,  ჯერ  კიდევ ჩამოუყალიბებელ ასაკში,  ზედმეტ თავდაჯერებულებას მატებს.“ 

სკოლის დამთავრების შემდეგ   ჰქონდა მცდელობა ჩაებარებინა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ იმ წელს ბათუმში რუსუდან ფეტვიაშვილს შეხვდა.   მათი გამოფენები ერთდროულად გაიმართა. ამ შეხვედრამ შეცვალა ქრისტინე რობაქიძის გეგმები.

ცნობილი  მხატვრის რჩევის გათვალისწინებით  ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.  ქრისტინე რობაქიძე თვლის, რომ   მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საკუთარი ხელწერის შენარჩუნება შეძლო.

ხატვისათვის  სხვადასხვა მასალას  იყენებს,  გამოკვეთილად    რომელიმე ჟანრში  არ  მუშაობს,  ამბობს,  რომ მისი შემოქმედება  „ძალიან ჭრელია“  და თავს რომელიმე სტილს არ მიაკუთვნებს.

თავდაპირველად მასზე,  როგორც  თვითონ აღნიშნავს  შთაბეჭდილება     სალვადორ დალიმ  მოახდინა.  ასეთი  სახელწოდების ნახატიც აქვს -  „მე და სალვადორ დალი“,  თუმცა უკვე  თვლის,  რომ ეს მისთვის უკვე განვლილი ეტაპია და ახლა   შაგალის,   ვან  გოგისა  და ეგონ  შილეს  ხელოვნებითაა გატაცებული.

     16-17 წლამდე  ძირითადად მითოლოგიური გმირების ხატვით იყო გატაცებული, ასევე მოსწონდა რელიგიური და ლიტერატურული პერსონაჟების ტილოზე გადატანა.    გული წყდება,  რომ  ახლა  კითხვისათვის  დრო აღარ რჩება,  შესაბამისად მის  შემოქმედებაში   ამ პერსონაჟების ადგილი ცხოვრებისეული ემოციებით შექმნილმა სახეებმა ჩაანაცვლა.

ახლა გრძნობების კარნახით ხატავს.    მისთვის ლექსი, მუსიკა და ნახატი  ემოციის    გადმოცემის საშუალებებია.    

  ბოლოს ყველაზე კარგი რაც მახსენდება ქუთაისში ჩატარდა „ვენტილაცია“ და იქ ვმონაწილეობდი.“

მხატვრობის გარდა დაინტერესებულია  ფოტოგრაფიით, ცეკვით, იოგით.  ჩემი ჰობები გასაკვირი არაა,  ხელოვნებას  რომ  უკავშირდება.

ქუთაისში, ნოემბერში,  გაუქმებულ საპყრობილეში - „გუბერსკის ციხე“  გრანდიოზული გამოფენა იგეგმება,  რომელშიც  სხვა  მხატვრებთან ერთად  მონაწილეობას ქრისტინე რობაქიძეც მიიღებს:  „საიტერესო გარემოა, სივრცე სპეციალურად შეირჩა, კედლებზე შემორჩენილია პატიმრების ნახატები, არსებობს  იქ ერთ- ერთი ოთახი,  სადაც სტალინი იჯდა,   ფაქტიურად,  მუზეუმია. ამ გამოფენაში მონაწილეობასსიამოვნებით მივიღებ.“

 სამომავლოდ,  ახალგაზრდა  მხატვარი     პერსონალურ გამოფენას გეგმავს, სახელწოდებით: „დიალოგი“. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა