|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

"შემოდგომის ლეგენდის" გამარჯვებული მწერალი ჟურნალისტობაზე ოცნებობს

ახალგაზრდა მწერალი ბექა ადამაშვილი  ლიტერატურული ონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ მეხუთე გამარჯვებულია.  წელს კი დათო ტურაშვილთან ერთად  ამავე კონკურსის ჯიურის წევრი იყო. მან ახლახანს საკუთარი წიგნი  „ბესტსელერი“ გამოსცა.  ახალგაზრდა მწერალს სხვებისგან  წერის სტილი-სიტყვებით თამაში და  იუმორი გამოარჩევს.

ვინ არის ბექა ადამაშვილი?

„დღეს მე მშობლებისთვის - შვილი ვარ და კოსმოსისთვის "ტყუპები", დედამიწისთვის 64 კილოგრამი  და გარშემომყოფებისთვის - "ცოტა მოსამატებელი", პედოფილებისთვის-ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის - ნამეტანი ადრე.  უფასო დონორი კოღოებისთვის და ფასიანი ბანკებისთვის,  ყველაფერი - რამდენიმე ადამიანისთვის და არაფერი ბიძინა ივანიშვილისთვის (სამწუხაროდ).“-ასე გაეცნო ბექა "Newpress.ge".

 ამბობს, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არაა,  მაგრამ მაინც ...  "დაიბადა  მაშინ, როცა "მეცხრე ბლოკი" ქართული სკაბრეზული ფოლკლორის მთავარ მუზას წარმოადგენდა და დენზე უფრო ხშირად ინკასატორი მოდიოდა.  „შეიძლება ითქვას, რომ „კარენოი 90-იანელი“ ვარ.“-ხუმრობს.

 იყო ცელქი, მაგრამ არა უზრდელი ბავშვი, თუმცა   სკოლაში "ხმაზე უფრო ხშირად, ნიშნებს იღებდა".  ჰქონა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ მასაც უნდოდა ფეხბურთელი,  კოსმონავტი, პოლიციელი და ექიმი გამოსულიყო.

„ბოლოს გამოვედი... ბავშვობის ასაკისან და 4 წლიანი თავდადების მიუხედავად, მაინც ვერ გავხდი ჟურნალისტი“ - ამბობს  ბექა ადამაშვილი.  „ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბების“ ერთ-ერთი სცენარისტს, მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული აქვს  "კავკასიის მედიის სკოლა" და ტელევიზიაშიც მუშაობს, თავი შეუმდგარ ჟურნალისტად მიაჩნია,  რადგან  თავის  შესაძლებლობები ამ პროფესიაში   ჯერ არ გამოუვლენია.

 კითხვა   მისი საყვარელი საქმიანობაა.  ამბობს, რომ ვერასოდეს დაწერ კარგად, თუ კითხვა არ გიყვარს.    "რაც თავი მახსოვს, არ ვწერ, იმიტომ რომ თავი უფრო ადრე მახსოვს, ვიდრე წერას ვისწავლიდი. ვწერ იმ დროიდან,  რაც წერა ვისწავლე.   ვწერ  მხოლოდ პროზას,  რადგან  ყველა ქართველი რომ პოეტია და ყველა ქართველი პოეტი ორმაგად პოეტი,  ბედნიერებისთვის ესეც მყოფნის."-  ამბობს ბექა.

ოქტობრის დასაწყისში  მისი პირველი წიგნის „ბესტსელერი“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ავტორი ამბობს: „ეს არის სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-და კიდევ,  რაც გამოგვრჩა ჟანრის რომანი "ლიტერატურულ ჯოჯოხეთზე", სადაც მწერლები იტანჯებიან ისეთივე მეთოდებით, როგორც მათი ნაწარმოებები ტანჯავენ მკითხველს.“

პრეზენტაციამ  წარმატებულად ჩაიარა, რასაც თავისებურად გვიყვება „არ იყო ხანგრძლივი, აკადემიური, მოსაწყენი და იყო ხალხმრავალი, მხიარული, გემრიელი ტორტის თანხლებით. ტორტი ხომ - მისი ტკბილი და ჩვენი მსუნაგი ბუნებიდან გამომდინარე - წარმატებული პრეზენტაციის ერთ-ერთი წინაპირობაა.“

ბექასთვის  „შემოდგომის ლეგენდა“ პირველი  სერიოზული კონკურსია.

ბექასთვის „შემოდგომის ლეგენდის“ ჟიურის წევრობა  კიდევ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა,  რადგან აქ  სუბიექტურ დამოკიდებულებებზე მეტად    ობიექტურობს დაცვა იყო  საჭირო.

 

მას ხშირად აკრიტიკებენ.  თვლის, რომ კრიტიკა საჭიროა, რადგან „როცა არ გაკრიტიკებენ,  ან გენიოსი ხარ,  ან მკვდარი“.  მიაჩნია,   რომ კრიტიკა განვითარებაში ეხმარება. ვერ იხსენებს მწერალს, რომელმაც მასზე გავლენა მოახდინა, მაგრამ მოსწონს ჯემალ ქარჩხაძე, მისი განსაკუთრებული სტილის  გამო.

მეგობრების  შესახებ ამბობს, რომ ეს ის  ადამიანები არიან,   ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს.  ისინი მისთვის განსაკუთრებულები არიან - "სხვადასხვა ნიშნით  გამორჩეულები."

სიყვარული  მისთვისაც "  ვერტიკალურია და თან ბრუნვადი.  თუმცა ახლა  იძულებითი  შესვენება აქვს - "ამ ეტაპზე აღარ მიყვარს- არ ვუყვარვარ“.

 სამომავლო გეგმებზე  ხალისით საუბრობს:  "მინდა, რომ ყველანაირად შევუწყო ხელი წიგნის პირველი ტირაჟის რეალიზებას და როდესაც ეს მოხდება, შემდეგ გეგმაშია ახალი, მეორე ტირაჟის პრეზენტაცია ქუთაისში. ასევე, სურვილი მაქვს წიგნის თარგმნის...

შურს  "ჯესიკა ალბას საბნის" და არ შურს ცხრიდან ექვს საათმდე დასაქმებული ადამიანების.

 

წლების შემდეგ?   „მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც მალე მოდის“
 
საკუთარ თავს "დავუმატებდი" ცოტა დამაჯერებლობას, დანარჩენის შეცვლას არ ვაპირებ,   უბრალოდ,  შევეჩვიე  საკუთარ თავს  ისეთს, როგორიც ვარ. 

ავტორი: ანა ჯიქია