|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ"

გიორგი გამთენაძე ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარია. გამოფენებში ხშირად იღებს მონაწილეობას და ამბობს, რომ ხატვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

-როგორ და რატომ გახდი მხატვარი?

-მხატვარი ვერ გახდები. მხატვარი ან ხარ, ან - არა. შეიძლება ისწავლო ნოტები, მაგრამ მუსიკოსი ვერ გამოხვალ. მთავარია, როდის მიხვდები, რომ შენ ხატვის გარეშე არ შეგიძლია.

-როდის დაიწყე ხატვა?

ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ძალიან ხშირად ვხატავდი რვეულებში, კედლებზე... სერიოზულად კი მხატვრობა 20 წლის ასაკში დავიწყე, როცა მივხვდი, რომ სხვა რამეს უბრალოდ ვერ გავაკეთებდი. ჩემში ძალიან ძლიერად იყო გამჯდარი ხატვისა და ხელოვნების სიყვარული.

-როგორ მიაღწიე იმას, სადაც ახლა ხარ?

-აქამდე მოსასვლელად დიდი დრო და ენერგია დამჭირდა. ძალიან მცირე პერიოდის განმავლობაში ვსწავლობდი ხატვას, დანარჩენი ჩემით ვისწავლე, უფრო თვითნასწავლი ვარ. შემიძლია მალე ავითვისო, ის, რასაც ვხედავ და ეს დამეხმარა აქამდე მოსვლაში. დიდ დროს ვატარებდი მხატვრებთან. ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ და მერე ვცდილობდი მეც ისე დამეხატა. ამით დავაგროვე ეს ცოდნა.

-რა ჟანრში ხატავ?

ძირითადად გრაფიკაში ვმუშაობ, ვხატავ პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, ყველაფერს, რაც მომწონს...მაქვს ფანქარში და პასტელში შესრულებული ნამუშევრები. რამოდენიმეჯერ ქანდაკებაც ვცადე და ძალიან მომეწონა მუშაობის პროცესი.  არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთ  ჟანრში უნდა ვიმუშავო. ყველა ჩემი ჟანრია, რომლის მუშაობის დროსაც სიამოვნებას ვიღებ.

-რაზე ფიქრობ ხატვის დროს?

ხატვის დროს ვცდილობ და ვფიქრობ იმაზე, რაც შეიძლება ზუსტად დავხატო გონებაში უკვე დახატული საგანი, პეიზაჟი ან პორტრეტი

-შენი საუკეთესო ნამუშევარი და მისი მოკლე ისტორია

-ჩემთვის ყველა ნამუშევარი კარგია და საყვარელი. მხოლოდ ავტოპორტრეტები შემიძლია გამოვარჩიო, იმ მხრივ, რომ სულ სხვა განცდა მეუფლება ხატვისას, ვხედავ ნაცნობ, დაზეპირებულ ნაკვთებს და ამის მიღმა ვეძებ ჯერ კიდევ უცხო ადამიანს. ამით ვცდილობ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას, სხვა თვალით დანახვას.

-რთულია თუ არა საქართველოში ხატვა იყოს არა გატაცება, არამედ პროფესია? როგორ შეგიძლია იცხოვრო მხოლოდ მხატვრობით, ეს ხომ ძალიან ცოტას გამოდის?

-მართლაც, ძალიან რთულია საქართველოში იყო მხატვარი, მაგრამ ამის გარეშე არ შემიძლია. ერთ ჩემთვის პატივსაცემ მხატვარს დავესესხები - "ამ ქვეყნად ათასჯერ რომ მოვიდე, ისევ და ისევ მხატვრობას ავირჩევდი." რთულია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ. ვცხოვრობ მხატვრობით, ქუთაისის მეჩვიდმეტე სკოლასთან არსებულ სტუდიაში ბავშვებს ხატვას ვასწავლი.

-რომელი დიდი მხატვრების ნამუშევრები იყო შენთვის შთაგონების წყარო ბავშვობაში? რომელია ახლა?

ჩემთვის შთაგოების წყარო ყველა დიდი მხატვრის ნამუშევარი იყო, რომელზეც ხელი მიმიწვდებოდა - და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, რემბრანტი და ა.შ. ახლა უფრო მონე, ვან გოგი, მოდილიანი და ელ გრეკო მხიბლავს.

-შენი შემოქმედების შესახებ ვისი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი?

ყველას აზრი მაინტერესებს. ზოგჯერ ბავშვმა შეიძლება ისეთი რამ გითხრას, რასაც გამოცდილი მხატვარი ვერ გეტყვის, ამიტომ, სიამოვნებით ვუსმენ ყველას აზრს, თუმცა არიან ისეთი ადამიანები ძირითადად მხატვრები, ვინც პირველები ნახულობენ ჩემს ნამუშევრებს და მხატვრის თვალით აფასებენ ყველა შტრიხს.

-რისი თქმა გსურს შენი ნახატებით?

ჩემი ნახატებით ვცდილობ დავანახო სხვას ისეთი სამყარო, როგორსაც მე ვხედავ. ვცდილობ ის განცდები გადავცე სხვას, რასაც მე განვიცდი, ნახატი ხომ პორტრეტია რომელსაც მხატრვის სამყაროში შეყავხარ.

-ხატვის გარდა რამე განსაკუთრებული ნიჭი თუ გაქვს?

-მაქვს სილამაზის აღქმის განსაკუთრებული ნიჭი.

-რა არის მთავარი ცხოვრებაში?

მთავარია, არ დანებდე იცოდე რა გინდა და ამისთვის ყველაფერი გააკეთო.

-გასულია შენი ნახატები საქართველოს საზღვრებს გარეთ?

რამდენიმე ნამუშევარი მაქვს გაყიდული, თუმცა არ ვიცი ახლა ეს ნამუშევრები სად არის.

-სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?

-მალე, თბილისში მექნება გამოფენა, რის შემდეგაც მხატვართა კავშირის წევრი გავხდები.


ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა