|
  • EUR 1 = GEL 3.4673
  • USD 1 = GEL 3.0614
|

ქუთაისის ბიუჯეტის პრიორიტეტი სოციალური სფეროა

19 დეკემბერს  ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ  საკრებულოს ქალაქის ბიუჯეტის პროექტი  დასამტკიცებლად წარუდგინა. „2015 წლის ბიუჯეტში შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები ერთი მილიონი ლარით და საერთო  ჯამში,  47 მილიონ 555 ათას 400   ლარით  განისაზღვრება. ეს ზრდა მოხდა საკუთარი შემოსავლების ხარჯზე. ქუთაისის ბიუჯეტს ამხელა ზრდა აქამდე არ ქონია“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ბიუჯეტში რვა პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა  ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა, ტარიელ მაკარიძემ „newpress.ge“ საუბარში მათგან 4 ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო გამოყო. „თვითმმართველობის კოდექსიდან“ და ულფებამოსილებიდან გამომდინარე, 2015 წლის ბიუჯეტში 4 ძირითადი პრიორიტეტული მომართულებაა. ესენია: ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება, კულტურის, სკოლამდელი აღზრდისა  და ინფრასტრუქტურული მიმართულებები,“ - განუცხადა „newpress.ge“ საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა ტარიელ მაკარიძემ.

მომავალი  წლის  ბიუჯეტში სოციალური საკითხები ისევ ძირითად პრიორიტეტად რჩება. პროექტის თანახმად,  ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსება  3 მლნ 221 ათასი ლარით განისაზღვრა.

როგორც ბიუჯეტშია მითითებული, თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას კვლავ განაგრძობს.  ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 47 მილიონიანი პროექტიდან   ჯანდაცვისათვის 1 მილიონ 120 ათასი ლარი გამოყო. თანხა მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარებას, დაავადებული გადახდისუუნარო პირების უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს. გამოყოფილი თანხა მეტია, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ კუთხით განსაზღვრული დაფინანსება. თუმცა, შემცირებულია ქუთაისში მცხოვრებ ეპილეფსიით დავადებულთა მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის განკუთვნილი თანხა. 2014 წელს ეპილეფსიით დაავადებულთა პროგრამით 138 ბენფიციარმა ისარგებლა.

 „გასული წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ მეტი მომხმარებელი  პროგრამას არ ჰყავს. აღმოჩნდა, რომ ოჯახების გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს ამ დახმარებას და თვითონ წვდება ხარჯებს. არის მეორე ტიპის ოჯახები, რომლებსაც არ სურთ გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. წინა წელს 130-მა ადამიანმა მოგვმართა.  წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მეტი დაავადებული ადამიანი არ გვყავს, ამიტომ თანხა შემცირდა,“- განაცხადა სოციალური და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ თემურ ნადირაძემ.


2013 წელს „მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამით გათვალისწინებული იყო 285 000 ლარი. დახმარებით 1999 ბენფიციარმა ისარგებლა. 2014 წელს იმავე პროგრამით გათვალისწინებული იყო 300 000 ლარი, დახმარებით ისარგებლა 3886 ბენფიციარმა.    მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის მიმდინარე და მომავალ წლის ბიუჯეტში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 250 ათასი ლარი გამოყო.  როგორც წელს, ისე მომავალ წელსაც თანხა ქრონიკული, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარებას ითვალისწინებს.

„ჯანდაცვის მიმართულებიდან 20 ათასი ლარი ჩავდეთ სასკოლო მონიტორინგში -  ქირურგიული,  ორთოპედეული და ოფთალმოლოგიურ შემოწმებაში;  20 ათასი ლარი ჩავდეთ ეპილეფსიით დაავადებულ პირებისთვის . შარშან გვქონდა მხოლოდ ორთოპედია და ქირურგია და მისთვის იყო მხოლოდ ათი ათასი ლარი, წელს დამატებული ოფთალმოლოგიის შემდეგ კიდევ დაემატა დაფინანსებას ათი ათასი ლარი,“ - განაცხადა  თეიმურაზ ნადირაძემ.

2015 წლის ბიუჯეტიდან  ადგილობრივი თვითმმართველობა ჯანდაცვის მიმართულებისთვის   დაახლოებით  2 მილონ 401  ათას ლარს  გამოყოფს.  პროექტს ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური ახორციელებს. პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. თანხა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და სხვა სოციალური ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, რომელმაც მთლიანობაში ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ეს პროექტი მიმდინარე წელს ამ კუთხით გათვალისწინებული თანხოს მოცულობას 232 ათასი ლარით აღემატება.

 თავშესაფარში მცხოვრები პირებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.  აქედან 2 ათასი ლარი კრიზისული სიტუაციების მართვას, 18 ათასი ლარი კი თავშესაფრებში მაცხოვრებელ პირთა მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს. ყველაზე საინტერესო მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაა, რომლისთვისაც ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 500 ათასი ლარი ჩადო.

 თანხა გამოყოფილია ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი.  იგი  თითოეულ არასრულწლოვან შვილზე თვეში 20 ლარის ოდენობით მატერიალური დახმარების გაწევას გულისხმობს. დახმარების მისაღებად სავალდებულოა მრავალშვილიანი ოჯახის ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს ქალაქ ქუთაისში.  ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული და ჰყავთ  ექვსი, შვიდი და რვა შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ, ერთჯერადად, 700 ლარის ოდენობით. 9 და მეტი შვილის შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 1000  ლარის ოდენობით.

 „ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც 2015 წელში შეეძინებათ მე-4, მე–5 და შემდეგი შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. მე-4 შვილის შეძენისას მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა 1000 ლარის ოდენობით, მე-5 შვილის შეძენისას 500 ლარის ოდენობით, ყოველი შემდეგი შვილის შეძენისას თანხა გაიზრდება 100 ლარით“, - განუცხდა „newpress.ge" საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა ტარიელ მაკარიძემ.

2013 წელს მრავალშვილიან დედებზე პროგრამით გათვალისწინებული იყო 236.900 ლარი. დახმარებით ისარგებლა 298 მრავალშვილიანმა ოჯახმა, თითოეულმა თანხით - 211 ლარი. მე-4 და მეტი შვილის შეძენასთან დაკავშირებით 50 ოჯახმა ისარგებლა, საერთო თანხით 23.300 ლარი. 2014 წელს პროგრამისათვის განკუთვნილი თანხა გაიზარდა და მრავალშვილიანი დედებისათვის 500 000 ლარი გამოიყო. თუმცა, ამ დახმარებით ისარგებლა 359 მრავალშვილიანმა ოჯახმა - ჯამური თანხით 293 000 ლარი. მე-4 და მეტი შვილის შეძენასთან დაკავშირებით 45 ოჯახმა  იგივე მოცულობის თანხით ისარგებლა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვირად განახლებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და უფრო დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უფასო მგზავრობის პროგრამას მიმდინარე წლისაზე განსხვავებით, ერთი ათასი ლარით გაზრდის. 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ ვარიანტში მისი რაოდენობა დაახლოებით 160 ათასი ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით როგორც მომდინარე, ისე მომავალ წელს 1050 ადამიანი ისარგებლებს.

საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობის უზრუნველყოფა ხდება შემდეგი კატეგორიის პირებისათვის: უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარები; II მსოფლიო ომის ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ინვალიდები და მარჩენალდაკარგულები; „წითელი ჯვრის“ კლუბების ხანდაზმული პენსიონერები; „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამით მოსარგებლე დედები; მხედველობით მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;  სტუდენტური ოჯახები. 

2015 წლის ბიუჯეტში შშმ პირებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა თანხას თანადაფინანსებით გამოყოფს. „შეზღუდული შესძლებლობების პირთათვის გამოყოფილია თანხა, ამას „კარიტასის“ თანადაფინანსების პროგრამით დაემატა თანხა და ჯამში, შეადგინა 45 ათასი ლარი“,- განაცხადა ტარიელ მაკარიძემ. 

საერთო  ჯამში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის 3 მლნ 221 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ავტორი: ანა ჯიქია

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.56%
უარყოფითად - 40%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.44%
სულ - 45 ხმა