|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა მეფარიშვილი: "2015 წლის პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა"

რა პრობლემები იყო აქტუალური  2014 წელს იმერეთის რეგიონში; რით იყო გამორჩეული გასული წელი, რა გამოწვები აქვს ხელისუფლებას; რა მოლოდინია ახალ წელთან დაკავშირებით - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, "Newpress.ge"-ს  შეკითხვებს იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი პასუხობს:


– რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ იმერეთის გუბერნატორი?

ჩემთვის ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას  რეგიონის წინაშე, პასუხისმგებლობას იმ ადამიანებთან, ვინც ნდობა გამომიცხადა, პასუხისმგებლობას ქვეყნის და ყველა იმ ღირებულების წინაშე, რომელიც მიმაჩნია უნდა ქონდეს წესიერ მოქალაქეს.

იმერეთი მისი ყველა თვისებით არის გამორჩეული   ნიჭიერებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, გეოპოლიტიკური მდგომარეობით, მომავლის ფუნქციით, სიდიდით. გუბერნატორობა ამ რეგიონში პატივია და კიდევ მიზანი – ეს დრო გახადო იმერეთის ცხოვრებისთვის საინტერესო და სასარგებლო.

–ეს წელი რით იყო გამორჩეული?

-გასული წელი იყო ჩემი გუბერნატორობის პირველი წელი და ამით  ჩემთვის მისი მნიშვნელობაც ნათქვამია. ეს იყო წელი, როცა დიდი ენერგიის და შრომის პარალელურად, ვნახე არაერთი წარმატებაც და გამოწვევაც. მტერიც და მეგობარიც, დამსახურებული და დაუმსახურებელი კრიტიკაც, მადლიერებაც და უმადურობაც. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის საქმეებია, რომელსაც ათასობით ადამიანის ოჯახში კეთილდღეობა და უკეთესობის იმედი შეაქვს.

 ჩვენმა რეგიონმა შეძლო მთავრობის მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტების 100 პროცენტით რეალიზება. პროფესიონალები დამეთანხმებიან, რა სირთულე იყო ეს განსაკუთრებით 2014 წელს, როცა თვითმმართველობებში ჯერ კიდევ არ არსებობდა სტაბილურობის განცდა, არ იყო სრულად დამთავრებული რეორგანიზაციის ეტაპები, მოშლილი იყო გუბერნიასთან ურთიერთობის სწორი წესი, ყველაფერთან ერთად –ეს წელი იყო არჩევნების წელი, ყველაზე დიდი გამოწვევის, ყველაზე დემოკრატიული და მოლოდინებით სავსე. ამ ფონზე გავიარეთ ჩვენ პირველი ტესტი და გავიარეთ წარმატებით.

გუბერნიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ კანონით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტატო კომისიის შექმნა. ჩვენი მიზანი იყო ობიექტურობა, პროფესიონალიზმი და საზოგადოების ნდობა. გუბერნიის რეორგანიზაცია დასრულდა კანონით განსაზღვრულ ვადებზე ადრე და მაქსიმალური შედეგით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შედეგით, კი ის გახლდათ, რომ გუბერნიის ადმინისტრაცია იანვრის ბოლოს, უკვე ახალი გუნდით შეუდგა მუშაობას. კომისიის მისამართით არ შემოსულა არც ერთი პრეტენზია.

სრულად ჩვენს მიერ გაწეულ მუშაობაზე მოსახლეობამ უკვე იცის მთავრობის 2 წლიანი და გუბერნიის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშიდან, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დეკემბრის დასაწყისში გაიმართა. ამიტომ აღარ განვმეორდები კონკრეტულ პროექტების ჩამონათვალით.

ფაქტია, რომ ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით, გუბერნიის ფუნქციის სრულად რეანიმირება, გავხადეთ ეფექტური მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობები ისევ საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით და დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, რომ სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ყველაზე საჭირო კონსულტანტი და მხარდამჭერია ნებისმიერი ჯანსაღი ინიციატივის, ყველაზე დიდი ქომაგი  თვითმმართველობასა და მთავრობას შორის. ეს გასული წლის მონაპოვარი იყო.

2014 წელს მე გავიცანი ადამიანები, რომლებიც საოცარი ენთუზიაზმით აკეთებენ საკუთარ საქმეს და ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ზესტაფონის შშმ პირთა სკოლა–პანსიონმა ,,ორიონი", მათი ნაკეთობა ჩემს სამუშაო ოთახს ამშვენებს, საოცრად მოტივირებული ახალგაზრდობა გავიცანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლაში, ხარაგაულის კინოთეატრის გახსნაზე მე ვნახე განსაკუთრებულად ნიჭიერი თაობები, რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე და საკუთარი რაიონი, არ მავიწყდება ხონის ახლადრეაბილიტირებული კულტურის ცენტრის მცირე დარბაზის კრეატიული დიზაინი, რომელიც ადგილობრივების შემოქმედებაა და ასე შემდეგ. ვნახე სამთოელი, მეშახტე, გლეხი, პედაგოგი, რომელიც გაძლევს მოტივაციას რომ უკეთესი რეგიონი გვქონდეს და კიდევ მეტი მონდომებით ემსახურო საკუთარ ქვეყანას.

–მიიჩნევთ თუ არა თავს წარმატებულად?

საკუთარი რეგიონის უკეთესობისთვის საქმიანობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს წარმატების ერთ მხარეს,  მაგრამ წარმატება მაინც შედეგია და არა პროცესი.  ჩვენ ყველა ჯერ შედეგისთვის ვზრუნავთ და დასკვნას ამაზე სხვა, ანუ ხალხი,  გააკეთებს.

–რას უმადლით წარმატებას?

-შრომას, იღბალს, საჭირო დროს და საჭირო ადგილს, ადამიანებს, ვინც ამის საშუალებას მაძლევს, ოჯახს, გუნდს და ძალიან ბევრ რამეს, რომლის მადლიერიც ვარ და მადლიერების განცდა არის კიდეც წარმატების ნაწილი,  ყოველ შემთხვევაში, წარმატების შეგრძნება მადლიერების განცდის გარეშე არ არსებობს, მე ასე მგონია.

-რა არის წარმატების მიღწევის თქვენეული ფორმულა?

-  ყველაფერი ერთმანეთიდან გამომდინარეა და არ არსებობს განყენებულად ,,წარმატების შეგრძნება" - ცხოვრება გიყვარს  ან არ გიყვარს, საქმის ერთგული ხარ,  ან არ ხარ... სიყვარული და საქმე –ეს ყველაფერი ერთად არის წარმატება, რომელშიც მარტო ვერასდროს იქნები, რადგან წარმატების ილუზიასაც კი მარტო ვერ შექმნი.. სხვებთან გაზიარების გარეშე არც ერთი ემოცია არ არსებობს, მითუმეტეს წარმატება. კარგი გუნდია წარმატება, კარგი ოჯახია წარმატება, კარგი მიზნები და სიკეთეა წარმატება და ვფიქრობ ისეთ ფასეულობებზე ვსაუბრობ, რაც ყველა გონიერი ადამინისთვის ანბანური ჭეშმარიტებაა. ფაქტი ერთია,  მე წარმატებას თანამდებობრივ ჭრილში ვერ განვიხილავ,  ეს გაცილებით მეტია და გაცილებით ღრმა.

–რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც წარმატების მიღწევა სურთ,   მათ შორის ახალგაზრდებს, ვინც ქუთაისში ცხოვრობენ?

-ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამის ერთ–ერთ საშუალებად, ანუ ახალგაზრდების რეალიზაციის კუთხით რაც შეეძლო, ვფიქრობ,  კარგი მაგალითი აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს ქონდა შესაძლებლობა მიეღო  მონაწილეობა, როგორც გუბერნიის ადმინისტრაციაში, ისე ქუთაისსა და მუნიციპალიტეტებში გამოცხადებულ კონკურსებში. მეამაყება, რომ ბევრი ამ წესით მოსული ნიჭიერი ახალგაზრდა უკვე ჩვენი ადმინისტრაციის ორგანულ ნაწილად იქცა და მინდა მათ კიდევ მეტი წარმატება ვუსურვო. ძალიან მალე ცნობილი იქნება სხვა კონკურსების გამარჯვებულებიც და დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ.

თუმცა წარმატებისთვის მარტო ერთი გზა არ არსებობს. უმთავრესი, სადაც წარმატება იწყება, განათლებაა და შრომისმოყვარეობა. არც ერთს და არც მეორეს, გეოგრაფია არ ზღუდავს. კარგია როცა შენს რეგიონში და ქალაქში ახდენ შენი უნარების და ცოდნის რეალიზებას, მაგრამ განათლებული კადრი ყველაგან საჭიროა.

2015 წლის პრიორიტეტი სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ზოგადად, ხელისუფლების პრიორიტეტია დასაქმება, რადგან ეს დღემდე რჩება მთავარ პრობლემად. ჩვენ უნდა ვაშენოთ ქვეყანა, სადაც ერთადერთი გზა დასაქმებისთვის არ გადის საჯარო სამსახურზე, რაც დღეს სამწუხარო რეალობაა.

–მიულოცეთ ახალი წელი ჩვენს მკითხველს

თქვენს რედაქციას, თქვენს მკითხველს, მთელს საქართველოს და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონს ვულოცავ  შობა - ახალ წელს ! 2015 წელს თითოეული თქვენგანის ოჯახში მშვიდობა, ბედნიერება, წარმატება, ხვავი და ბარაქა  მოეტანოს!

2014 წელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების, ახალი სტრატეგიის დასახვის, გამოწვევებისა და ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელების პერიოდი იყო. თუმცა ამ ყველაფრის ობიექტური შემფასებელი მაინც ხალხია და თუ თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ჩვენი საქმე აისახება, მაშინ იქნება ეს ნამდვილი წარმატება!

გასული წლის მანძილზე ჩვენ შევძელით თვითმმართველობების რეფორმირება, ადმინისტრაციებში, ობიექტური კრიტერიუმებით,  გამოცდილი კადრების ახალთან ადაპტაცია, ჯანდაცვის სფეროში სერიოზული ცვლილებები, ახალი სკოლების, საბავშვო ბაღებისა და კულტურის ცენტრების მშენებლობა–რეაბილიტაცია, ბევრი სიახლის დანერგვა სოფლის მეურნეობის სფეროში, იმერეთი იყო ერთ–ერთი პირველი რეგიონი, სადაც  მთავრობის მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტების 100 პროცენტით რეალიზება მოხდა. გვაქვს ბევრი ინიციატივა და მთავრობის მხარდაჭერის იმედი.

გასულ წელს გაწეული სამუშაოები ქმნის წინაპირობას იმისა, რომ 2015 წელს გაუმჯობესდეს იმერეთის რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაიზარდოს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი და სტატისტიკა, გაიხსნას გაცილებით მეტი საწარმო, გვყავდეს მეტი დასაქმებული და გვქონდეს დღესასწაულების  განწყობა და რესურსი!

ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია ... ვისურვებდი, რომ ეს მუხტი მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეს თითოეულ თქვენგანს !  კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2015 - ს, ყველა კეთილი სურვილი აგხდენოდეთ !

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა