|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

ლაშა გაბუნია: "მეტმა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება"

ლაშა გაბუნია   ქუთაისლებისათვის და არა მხოლოდ მათთვის  მუსიკალურ ტელეგადაცემით  „კედელი“ გახდა ცნობილი, რომელსაც წინა საუკუნის მიწურულში ქუთაისში მის მეგობრებთან ერთად აკეთებდა, ეს გადაცემა საქართველოს ტელევიზიის მე-2 არხზეც გადიოდა. შემდეგ  ტელეკომპანია „ივერიონში“  საავტორო გადაცემა „ანარეკლი“ ჰქონდა. ლაშა ახლა  ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისში ეწევა, მისი სფერო მუსიკაა. 2005 წელს გამომცემლობა „საარმა“ მისი  სტატიების წიგნი „არაკოლექტიური ცეკვა“ გამოსცა.
ლაშა ნიუპრესის  სტუმარია.

–რა გაკავშირებს და რა გაშორებს ქუთაისთან?

–ქუთაისთან მაკავშირებს საუკეთესო მოგონებები: წლების წინ მე და ჩემმა მეგობრებმა ქუთაისში ერთ-ერთი პირველი ანდერგრაუნდ-კლუბი, „ნიღბების კლუბი“დავაარსეთ. ჩვენი კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ შეიქმნა და ქალაქის სივრცეში სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო ღონისძიებებსა და აქციებს უკეთებდა ორგანიზებას. კლუბი ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილი იყო, რომლებიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მონაწილეობდნენ ამ აქციების მოწყობაში. ჩვენს კლუბი ახალი მუსიკის, ფილმების, წიგნების და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ადგილიც იყო. გვქონდა საკუთარი გვერდი გაზეთ „იმერეთის მოამბეში“, სადაც კლუბის წევრები საკუთარ ჩანახატებს, სტატიებს აქვეყნებდნენ. გაზეთის ეს ნომრები შენახული მაქვს. „ნიღბების კლუბი“ ერთგვარი კომუნა იყო, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ქუთაისში და საქართველოში ხელოვნებისადმი თავისუფალი დამოკიდებულების საქმეში და ძველი ხელოვნური შტამპების მსხვრევაში.
 დაშორებით კი, უბრალოდ, 225 კილომეტრის მანძილზეა იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვცხოვრობ. სხვამხრივ კი, სადაც არ უნდა მოვხვდე, მაინც ქუთაისელად ვითვლები და ეს ნამეტნავად მსიამოვნებს. 

-რით იყო ეს წელი გამორჩეული?

–მოვლენებთან დაკავშირებული განწყობები უფრო მამახსოვრდება, ვიდრე ზუსტი თარიღები... ამიტომ როცა წიგნს, დისკს ან რამე მსგავსს ვყიდულობ, ყოველთვის ვაწერ თარიღს. მერე დავხედავ ამ თარიღს და ვცდილობ იმ დღის დეტალები აღვიდგინო. ამას წინათ „იუტუბის“ 2014 წლის შემაჯამებელი ვიდეო ვნახე და გამახსენდა, რომ ზაფხულში იმ საქველმოქმედო ისტერიის დროს, ყინულიანი წყალიც გადამივლია. 
კარგია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ძალიან ცუდია, საყდრისი რომ ავაფეთქეთ და ჩვენს ქვეყანაში ქალების მკვლელობების რიცხვი ძალიან გაიზარდა. მართლა გვჭირდება რაღაცეების სწავლა და არ უნდა გვეწყინოს, როცა ვინმე რამეს გვირჩევს. ცუდია, ამდენი ტერაქტი რომ ხდება მსოფლიოში და რუსეთი რომ უკრაინის დაპყრობას ცდილობს. უცუდესია, რომ ტელევიზიებიდან ძალადობა იფრქვევა და ჩვენც ვუხეშობთ ერთმანეთთან, გინდ ქუჩაში, გინდ სახლში...

–მიიჩნევ, თუ არა თავს წარმატებულ ადამიანად?

-მიუხედავად ყველაფერისა, თავს წარმატებულ ადამიანად ვთვლი. არც არასდროს მქონია დიდი ამბიციები და ცნობადობის განსაკუთრებული მოთხოვნილება. არც არასოდეს მდომებია ვინმესთვის მეჯობნა. შეჯიბრებს ვერ ვიტან, თუ საქმე სპორტს არ ეხება. თუმცა ყოველთვის მსურდა ის, რაზეც ვფიქრობდი ხოლმე, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა, რადგან თავიდანვე ვგრძნობდი, რომ არაორდინარულად ვფიქრობდი ბევრ ისეთ რამეზე, რაც უმრავლესობითვის ჩვეულებრივი რამ იყო. არის ბევრი საზოგადოებაში ფესვგამდგარი ერთგვარი წარმართული ტრადიცია, რომელიც არასდროს მომწონდა და მსგავს რამეებზე ხმამაღლა გამოვთქვამდი საკუთარ აზრს, როგორც ტელევიზიით, ისე პრესით. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემთვის მიუღებელი ტრადიციები, – თუნდაც უზომო სმა, ღრეობა, ქალებზე მბრძანებლობა, ბავშვების ცემა, აზიური მელიზმებით გაჟღენთილი არაქართული მახინჯი სიმღერების გავრცელება, პომპეზური ქელეხები თუ ქორწილები და სხვა მსგავსი უგვანობანი, სწორედ ჩვენი გაუნათლებლობის და ქრისტიანობისგან ჩამოშორების შედეგია. ამას ბევრი მიზეზი აქვს და ახლა აღარ დავაკონკრეტებ.

–რას უმადლი წარმატებას? 

– პირველ რიგში, ღმერთს, ასევე, ოჯახს და  რა თქმა უნდა, საკუთარ თავს. ღმერთს იმიტომ, რომ მისი ნების გარეშე არაფერი ხდება. ოჯახს თავისუფლებისთვის და საკუთარ თავს იმ აუცილებელი ცნობისმოყვარეობისთვის, რაც საჭიროა ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის. ერთი პერიოდი ერთგვარ ექსპერიმენტებს ვატარებდი საკუთარ თავზე. მაგალითად, ერთხელ, ავდექი და ჩემს მეგობართან ერთად „დავმუნჯდი“, თითქოს ყრუ-მუნჯი ვიყავი, ბლოკნოტით და პასტით დავდიოდით და ადამიანებს ისე „ველაპარაკებოდით“. ეს ბლოკნოტი დღემდე შენახული მაქვს. ერთხელაც 2 დღე მოწევისგან შევიკავე თავი და ა.შ. იმ პერიოდში ბენზოგასამართ სადგურზეც ვმუშაობდი და 31 დეკემბერს ბევრუცნობ მძღოლს რამდენიმე ლიტრი ბენზინი უფასოდ, ბონუსადჩავუსხი, რომლის ღირებულებაც მერე ხელფასიდან გამომექვითა. სამაგიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ზოგიერთი სამსახურში შამპანურებით და მცირე ძღვენით მომადგა. 
ჩემი წარმატება ჩემი მეგობრების დამსახურებაცაა, რომლებიც არასოდეს წუწუნებენ. მათთან ერთად გადავიტანე 1990-იანების არეული პერიოდი. დღე და ღამე ერთად ვიყავით და მეტად მძიმე ყოფაში, სახელდახელო კონცერტებს, აქციებს ვაწყობდით, მოკლედ არ ვჩერდებოდით.

–რას ურჩევ იმ ადამიანებს, ვისაც წარმატების მიღწევა სურთ?

–მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და არასოდეს დაიღალონ. ყველაზე საშინელი მოსასმენია, როცა ჯან-ღონით სავსე ადამიანი წუწუნებს, დავიღალეო და ყურები აქვს ჩამოყრილი. ჩემმა მეგობარმა ერთხელ თქვა, ადამიანს კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი დაუფასებელი შრომა უწევს და თუ კარგად იმუშავა, მერე უკვე მთელი ცხოვრება იმ ძველი შრომით გააქვს თავიო. მართალია, რაც მეტ გამოცდილებას დააგროვებ და ცოდნას შეიძენ, დროთა განმავლობაში მით უფრო ადვილი და სასიამოვნოა საკუთარი საქმის კეთება.

–რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, ვინც ქუთაისში ცხოვრობენ?

–რაც შეიძლება მეტი ქალაქი, ქვეყანა ენახოთ და ბევრი ემოგზაუროთ. ქუთაისი დღეს უპერსპექტივო ქალაქად ითვლება, სადაც თავის რჩენაც კი ჭირს, ამიტომ რაც შეგვიძლია წინ უნდა აღვუდგეთ ამას, თორემ ქალაქი მოკვდება. უცხოეთში ნასწავლი, ნამოგზაურები ხალხი უკან რომ დაბრუნდება, ბევრს გააკეთებს. ისეთ კარგ რამეებს მოიფიქრებს, ჩემისთანა საბჭოთა პერიოდში დაბადებულ ადამიანს საერთოდ რომ არ მოსვლია თავში. ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მივცემდი შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში ცოტა ხნით მაინც ეცხოვრა. დღეს სულ ვიმეორებთ, რომ დიდი წარსული და კულტურა გვაქვს, მაგრამ, დამეთანხმებით, საერთოდ არ ვიცით, თანამედროვე ქვეყანა როგორ უნდა ვაშენოთ, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ სხვა ქვეყნის კულტურულ ინტერვენციას და ა.შ. ამიტომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება.
–მიულოცე ახალი წელი ჩვენს მკითხველს

„ახალი გაზეთისა“  და Newpress.ge-ს ყველა მკითხველს და გაზეთში მომუშავე ჩემს კოლეგებს  ვულოცავ ქრისტეშობას და ახალ 2015 წელს, საუკეთესო სურვილებით!


ავტორი: ირინა მაკარიძე