|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე ის ვარ, რაც ვარ"-ლგბტ თემის წარმომადგენლი

   შიში, უნდობლობა, დისკომფორტი და არაჰუმანური დამოკიდებულება, ეს არის ის რაც საქართველოში ყოველვარ ,,განსხვავებულს“ სდევს თან. ლგბტ თემი დღევანდელობის ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომელთან დაკავშირებით, ადამიანებს ძალიან უჭირთ კონსესუსამდე მისვლა. საქართველოში ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც ლგბტ პირებს ფიზიკურად უსწორდებიან, არის მათი ლიკვიდაციის შემთხვევებიც.  



   საინფომაციო სააგენტო ,,ნიუპრესი“ დაინტერესდა,  რა პრობლემებთან უწევთ შეჯახება ლგბტ თემის წარმომადგენლებს საქართველოში.  მიუხედავად ანონიმურობის გარანტიისა, რთულია, ამ თემაზე სასაუბროდ რესპონდენტის დათანხმება.   ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც  შევძელით  თემის წარმომადგენლებთან გასაუბრება.


 -რამდენად რთულია დღეს ლგბტ ადამიანისთვის ცხოვრება ქალაქში, რომელშიც დიდი დოზით ტრიალებს ,,ქართული მენტალიტეტი“. გექმნებათ თუ არა რაიმე სახის პრობლემები?

დათო- როდესაც საზოგადოება არის ზედმეტად ორიენტირებული იმაზე, რომ დაიცვას და შეინარჩუნოს თავისი ,,ძირძველი“ ტრადიციები, მაშინ ის ცდილობს განდევნოს ან მოიშოროს ყველა ის არსება, რომელიც მიუღებელია თავისი ქვეყნის კულტურისთვის. მე, პირადად, პრობლემები არ შემქმია, რადგანაც საზოგადოების წინაშე არ ვაკეთებ ამის აფიშირებას, მაგრამ დისკომფორტი შემქმნია მაშინ, როცა ჩემს გვერდით ორი ადამიანი ჩურჩულებდა იმის შესახებ, რომ მე ,,პიდარასტი“ ვიყავი. ეს არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ეს არის არაკომფორტულობის გრძნობის განცდა, როცა გრძნობ, რომ საზოგადოება არ არის მზად შენი მიღებისთვის.

ლივი - პირადად, მე არანაირი პრობლემა არ შემქმნია არასოდეს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი,  ქალაქში რა ვითარებაა, რადგანაც აქ ძალიან ცოტა ლგბტ ადამიანს ვიცნობ, უფრო თბილისთან მაქვს შეხება.


 -რამდენად რთულია გათავისება იმისა, რომ  ლგბტ თემის წარმომადგენელი ხარ? გრძნობთ თუ არა რაიმე განსხვავებას სხვებთან  მიმართებაში?

ლივი - ჩემთვის ამის გათავისება თავიდან რთული იყო,  თუმცა  როდესაც ყველაფერი შევიტყვე ჩემი ორიენტაციის შესახებ,  დღეს ეს არანაირ პრობლემას არ მიქმნის. პირიქით,  მომწონს ეს, მე ის ვარ,  რაც ვარ...

დათო - როდესაც ჩემს ორგანიზმში სექსუალური მომწიფება დაიწყო, ეს ყველაფერი მაშინ გავაცნობიერე, იმ პერიოდში საკუთრ იდენტობას ჩემს თავსაც ვუმალავდი, მაგრამ დადგა დრო, როცა ამას შევეგუე და ახლა ძალიან მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობ. მყავს მეგობრები, რომლებსაც ვუყვარვარ და არ გრძნობენ თავს ვინმესგან დამცირებულად. ჩემს ლგბტ მეგობრებს ვურჩევ, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.



 -რა ხდება მაშინ, როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან,   რომ შეგეძლოს შეცვლიდი თუ არა რაიმეს შენს ცხოვრებაში?

ლივი - არაფრის შეცვლა არ მინდა და არც არასოდეს გამჩენია სურვილი,  რაიმე შემეცვალა. მე მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი, მომწონს,  როგორც ვცხოვრობ. თუმცა მომავალი ბუნდოვნად გვესახება, რადგანაც არავინ იცის, რა მოგველის ხვალ...

 -რა რეაქცია ჰქონიათ თქვენს ირგვლივ მყოფთ, როდესაც თქვენზე გაიგეს?

დათო - ჩემი ორიენტაციის შესახებ, არც ისე ცოტა ადამიანმა იცის. ამის შესახებ ყველამ ჩემგან გაიგო. ვარჩევ ადამიანებს,  ვინც არის ,,ღირსი“, რომ ეს გაიგოს. ვაკვირდები პიროვნებას, ვუსვამ კითხვებს ამ თემის ირგვლივ  და თუ გავაცნობიერე, რომ ეს ადამიანი არ არის ჰომოფობი და სანდოა, მაშინ დიდი სიამოვნებით ვუზიარებ მათ ჩემს საიდუმლოს. არც ერთს არ დაუბრუნებია აგრესიული პასუხი, იყო გაოცება და გაკვირვებული სახეები, მაგრამ ერთიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ დადებითად მიიღეს.

ლივი - პირველად ,,ქამინგ აუთი“ გავაკეთე მეგობრებში, რადგან მაინტერესებდა მათი რეაქცია ( ამაზე იყო დამოკიდებული სახლში გავაკეთებდი თუ არა იგივეს)  გავმხნევდი, რადგან ჩემს მეგობრებში ამას განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუწვევია. არ ყოფილა არანაირი დაცინვის, ან  აგრესიის გამოხატვის მცდელობა.  მე მათთვის იგივე დავრჩი,  რაც ვიყავი.  დედაჩემს როცა ვუთხარი ჩემი ორიენტაციის შესახებ,  ეს საკმაოდ კარგად მომზადებულმა გავაკეთე,  საჭირო ინფორმაციაც მოვიშველიე, რომ მას ყველაფერი სწორად გაეაზრებინა. ჩემთვის ,,ქამინგ აუთი“ პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ  ვფიქრობ, რომ ვისაც ამაზე საუბარი სურს,  თუნდაც ოჯახში, თუნდაც სამეგობროში,  სჯობოს ეს საკმაოდ მომზადებულმა გააკეთოს, რადგან მთავარი პრობლემა საზოგადოებაში მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა...

-ყოფილა თუ არა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები შენს მიმართ?

დათო - იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, მაგრამ ფიზიკური არასოდეს. იყო შემთხვევა, როცა პიროვნებამ ეს გაიგო და შემდეგ  ცდილობდა  სხვები დაერწმუნებინა, რომ მე არ უნდა ვყოფილიყავი მათი ნაწილი, ამას მან  ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდა,  მე მას მაქსიმალურად ვაიგნორებდი და სიტუაციის განმუხტვაც ავტომატურად მოხდა. სხვა ლგბტ ადამიანებსაც ამასვე ვურჩევ, არ აჰყვნენ ჰომოფობიურ შანტაჟს.




-მიგიმართავს ფსიქოლოგისთვის ან რომელიმე ორგანიზაციისთვის, რომელიც ლგბტ საკითხებზე მუშაობს?

დათო - მქონია ურთიერთობა ორგანიზაცია ,,იდენტობასთან“. უკვე დიდი ხანია,  რაც ფსიქოლოგთან დავდივარ.  არ მაქვს არანაირი პრობლემა ჩემს ორიენტაცისთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა პირადი პრობლემების მხრივ ფსიქოლოგი ძალიან დამეხმარა.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე