|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავა გემოვნებაზე პროვოცირების გარეშე

თეატრალური პროდუქციის ხარისხს ქუთაისში ორი მაკონტროლებელი ყავს – პუბლიკა და სამხატვრო საბჭო. ყოველ შემთხვევაში ამ ორზე მიანიშნებენ ადგილობრივ თეატრებში.

მაყურებლის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებენ მესხიშვილის თეატრში. იქ ე.წ. სამხატვრო საბჭო აღარ მუშაობს, ვინც მხატვრულ ღირებულებებზე შეედავება, მოიწონებს და დაიწუნებს სპექტაკლს. „მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი განმსაზღვრელი არის მაყურებელი.  მაყურებელი მოვა სპექტაკლზე - იმ სპექტაკლს აქვს არსებობის უფლება, არ მოვა და თავისთავად დიდხანს ვერ დარჩება რეპერტუარში“, – ამბობს მესხიშვილის თეატრის მმართველი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.

თეატრში „ჩაბარების“ ფორმა ფუნქციონირებს. რომელშიც მონაწილეობას თეატრის შიდა სტაფი იღებს. თუმცა „ჩამბარებელმა“ საზოგადოებამ რომც არ მოიწონოს სპექტაკლი, ის მაყურებლამდე მაინც მივა.

„არავის უნდა ცუდი სპექტაკლი გამოუვიდეს. არ მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ამხელა ენერგია ჩადონ, ნერვიულობა გადაიტანონ და მერე მოუხსნა ისე, რომ მაყურებელსაც  არ აჩვენო შენი გემოვნების, ან რამოდენიმე ადამიანის გემოვნების გამო, რომლებიც სამხატვრო საბჭოშია. იმ ხალხს უნდა ვცეთ პატივი, ვინც იმუშავა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სპექტაკლი მაინც მაყურებელმა უნდა ნახოს“, – ამბობს გიორგი სიხარულიძე.

სამაგიეროდ საბჭოს ტრადიცია ძალაში რჩება ოპერის თეატრში. „ჩვენ გვაქვს სამხატვრო საბჭო. მისი არსებობა საჭიროა და სულაც არ მივიჩნევ საბჭოთა „მავნე“ გადმონაშთად. პრემიერის შემდეგ განხილვა მიდის, ხდება ფოკუსირება ამა თუ იმ მომენტზე.  პროფესიონალების გუნდმა უნდა გამოთქვას შენიშვნები. საბჭო არის მაკონტროლებელი და გარკვეული თვალსაზრისით მაბალანსებელიც“, – ამბობს ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრისა და მუსიკალური დარბაზის მმართველი როზა დვალიშვილი.

ოპერაში საბჭოს გარკვეული უფლებამოსილებებიც გააჩნია „შეუძლია დაბლოკოს სპექტაკლი, დაბლოკოს სოლისტი, იქამდე  – გაათავისუფლოს“, – ამბობს როზა დვალიშვილი.

დაბლოკვის უფლებას იტოვებენ მესხიშვილშის თეატრშიც. სპექტაკლი იმ შემთხვევაში არ მივა მაყურებელთან „თუკი იქ რაიმე ამორალურია, ან მიუღებელი ამ თეატრისთვის, თუკი ეწინააღმდეგება თეატრის იდეას, მის მხატვრულ ხაზს ამ შემთხვევაში მმართველი ვალდებულია, რომ დაბლოკოს. მაგრამ თუ ნამუშევარია და მარტო მოწონება–არმოწონების საკითხი დგას, ეს მაყურებელმა განსაზღვროს. თუ დამარცხებაა, ჯობია დამარცხდე მაყურებელთან, ვიდრე – რამოდენიმე ადამიანთან“, – მიაჩნია მესხიშვილის თეატრის მმართველს.

ამიტომ, დრამატულ თეატრში გემოვნებაზე დავას, დაბლოკვის ფორმატით, მაინცა და მაინც ეფექტურ და აუცილებელ ქმედებად არ მიიჩნევენ. თუმცა ამბობენ, რომ თეატრი უნდა უსწრებდეს საზოგადოებას. „თეატრმა ყველანაირი საშუალებით, თავის გემოვნებაზე, თავის დონეზე უნდა ამოიყვანოს მაყურებელი“, – ამბობს გიორგი სიხარულიძე.

გემოვნების და მხატვრული დონის ფორმირების საქმეში ნაკლები როლი ეკისრება კრიტიკას. თეატრალები ამის მიზეზს კრიტიკის არარსებობაში ხედავენ. „ძალიან ცოტა იწერება სპექტაკლებზე. ვეცნობი პრესას, ინტერნეტშიც ვკითხულობ. რაც იწერება ისინი არც ანალიტიკურია, არც წვდომითი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს საერთოდ არ არსებობდეს ეს სფერო. არადა მხატვრული კრიტიკის არსებობა ყველას სჭირდება“, – ამბობს როზა დვალიშვილი.

თუმცა ეს ყველასათვის საჭირო კრიტიკა შესაძლებელია უძლური აღმოჩნდეს იმ ზოგად პრობლემებთან, რაზეც ქართულ კულტურაში კრიტიკოსები მიუთითებენ. „თეატრი, ისე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, შორსაა მისი დანიშნულებიდან. რაც შეეხება კრიტიკას, საქმე იმაში არაა, კრიტიკოსი რამდენად აკრიტიკებს სპექტაკლის ხარისხს თუ მხატვრულ ღირებულებას. ყველაზე ცუდი ალბათ ისაა, რომ იდეურად, აზრობრივად, სიუჟეტურად გაუმართავი სპექტაკლები იდგმება. უფრო თუ დავაზუსტებთ თეატრი ვეღარ ესაუბრება მაყურებელს მნიშვნელოვან თემებზე“, – ამბობს რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.

უმნიშვნელო თემები კი თეატრსა და ზოგადად კულტურაში „ვერ ახდენენ მასიური მომხმარებლის აზროვნების პროვოცირებას...პროვოცირება არაა აუცილებელი სკანდალს ნიშნავდეს. თუმცა გარკვეულწილად ეპატაჟსაც ითვალისწინებს. ის რაც დღევანდელ თეატრებში ზოგადად ხდება, არ შეიძლება რაღაც მხატვრულ ღირებულებებთან გაიგივდეს“, – მიაჩნია ლევან ბიბილეიშვილს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა