|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონალური თეატრები კულისებს მიღმა

 პრობლემები, რომლებსაც რეგიონალური თეატრები აწყდებიან, თითქმის არაფრით განსხვავდება, ზოგადად, ქართული თეატრის პრობლემებისაგან. დარბაზების გავსების მიზნით ხშირია სპექტაკლების დაწესებულებებზე გაყიდვა. მცირე დაფინანსება ავტომატურად განსაზღვრავს რეპერტუარის სიმცირეს, თუმცა არანაირ გავლენას არ ახდენს ხარისხზე. თითქმის ყველა თეატრი განიცდის მაყურებლისა და დაფინანსების ნაკლებობას, ამის მიუხედავად ქუთაისის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „მაკბეტი“, რომელმაც მთელი თეატრალური სამყარო აალაპარაკა. თელავის თეატრმა მოახერხა პირველი ადგილი აეღო დადგმების რიცხვის მიხედვით, ის ინტენსიური შემოქმედებითი პროცესით სულდგმულობს. ყველა  თეატრიერთად, რეგიონალური თუ დედაქალაქის,  ქართულ თეატრალურ კულტურას ქმნის, სწორედ ამიტომ, საჭიროა ერთიანობა და  სიახლეები, რადგან ტრადიციების მკაცრად დაცვით თეატრები საგრძნობლად შორდებიან თანამედროვეობას.

 

„მაკბეტი“ - უილიამ შექსპირის ყველაზე საშიში, სისხლიანი და ბედისწერის გარდაუვალობის იდეის მატარებელი და თავადაც საბედისწერო პიესაა. მათთვისაც, ვინც მის შიგნით მოქმედებს და მათთვისაც, ვინც „გარედან“ ეხება, ჰყოფნის სითამამე და ხელს ჰკიდებს მის დადგმას. ჰქმნისახალ, თავისებურ ვერსიას, მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი უკვე შექმნილი და ნათქვამია. ბედისწერა მართავს ყველაფერს და როლებსაც ანაწილებს, მისგან გაქცევა შეუძლებელია. იოანე ხუციშვილს კი გაუმართლა. „მისი „მაკბეტი“ განსაკუთრებული აღმოჩენა იქნება მათთვის, ვისაც თეატრში სიახლეების, პიესის თავისუფალი წაკითხვისა და „დადგენილი წესების“ დარღვევის არ ეშინია. რადგან აქვს თავისთავადი სამყარო, რითაც კუდიანების წყევლას საკუთარი „ჯადოქრობა“ დაუხვედრა. შექსპირის გმირები, იდეები, პრობლემები და ხატები ახალ თეატრალურ ენაზე აამეტყველა და გამორჩეულ სისტემაში მოაქცია“ - ასეშეაფასა ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული „მაკბეტი“, სპექტაკლი, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და თავისი სიტყვა თქვა თეატრის ისტორიაში.

ქართული თეატრი ერის კულტურის გამოხატულების ერთ-ერთი სახეა, ის ხელოვნების რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.21-ე საუკუნეში თეატრი არაერთი პრობლემის წინაშე დგას, ეს პრობლემა გლობალურია და არ ეხება მარტო საქართველოს. საქმე იმაშია, რომ თეატრის მიმართ ინტერესმა იკლო. ეს ყოველივე კი ახალმა ტექნოლოგიებმა გამოიწვიეს. ზოგიერთ ქვეყანაში თეატრებმა მოახერხეს პრობლემისაგან თავის დაღწევა იმით, რომ მოერგნენ მაყურებელს. მაშინ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი, არ ჰყოფნით დაფინანსება, რომ მაყურებლის მოთხოვნები ბოლომდე დააკმაყოფილონ, ეს იწვევს იმედგაცრუებას და ისევ თეატრთან ჩამოშორებას. დაფინანსების სიმცირის შედეგად იდგმება ცოტა სპექტაკლი. რეპერტუარი მცირეა, მაყურებელი კი ერთ სპექტაკლს სამჯერ არ ნახავს. ეს პრობლემა დღეს რეგიონალურ თეატრებში საკმაოდ მწვავედ იჩენს თავს. თეატრები არსებობა/არ არსებობის საფრთხის წინაშე დგებიან.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისმთავარი პრობლემა მაყურებელთა სიმცირეა. „მაყურებელი თეატრის მიმართ ზანტადაა განწყობილი. რაც არ უნდა დარწმუნებული იყო სპექტაკლის სიძლიერეში, მაინც განიცდი მაყურებლის ზეგავლენას. თუ სპექტაკლი არ გაიყიდა, იგულისხმება ბილეთების სკოლებსა და დაწესებულებებზე მიყიდვა, ის მოიკოჭლებს. თვეში შეიძლება 5-6 სპექტაკლი ჩატარდეს, რაც ძალიან ცოტაა. ძირითადად, დამოკიდებული ხარ მაყურებელზე, რომელიც კი არ მოდის, მოგყავს, ზოგჯერ დაძალებითაც, რადგან სკოლის მოსწავლეებს თეატრში მოსვლა საერთოდ არ უხარიათ. ეს ალბათ ყოფიდან გამომდინარე ხდება, შეიძლება მშობლებს არ სცალიათ შვილები წაიყვანონ თაეტრში, ან ისინი თვითონაც აღარ დადიან, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები არ ღირს ძვირი. ხალხი უფრო თბილისიდან ჩამოტანილ სპექტაკლებზე დადის, თუმცა იმაზეც თანხმდებიან,რომ იქაც არაა ყველაფერი იდეალური, მაგრამ მას აქვს სახელი. ბევრჯერ წამოსულან უკმაყოფილეობიც, მაგრამ მოდიან მეორედაც, რადგან ყველას  არ ეძლევა საშუალება სპექტაკლები თბილისში ნახონ“- ამბობს თეატრის მსახიობი ლელა ლომთაძე.


ქუთაისისგან განსხვავებით, მაყურებლის სიმცირეს საერთოდ არ უჩივის თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი. „იმის გათვალისწინებით, რომ თეატრი პატარა ქალაქია, შემიძლია ვთქვა, რომ ხალხი თეატრში დადის, ბილეთების გაყიდვა ხდება სკოლებზე, დაწესებულებებზე, ბანკებსა და ლუდის ქარხნებზე, როგორც სხვაგან, ეს ჩვენთანაც ჩვეულებრივი მოვლენაა. თეატრი თავის არსებობას ამართლებს, ის მომავალ წელს 235 წლის იუბილეს აღნიშნავს. თელავის თეატრს მემორანდუმი გაფორმებული აქვს რუსთაველის თეატრთან, ჩვენთან ისინი მართვენ პრემიერებს და ჩამოაქვთ სხვადასხვა სპექტაკლი, მათი მსახიობები თანამშრომლობენ ჩვენს დასთან და ვდგამთ ერთობლივ სპექტაკლებს,  ასევე გვსტუმრობენ სხვა თეატრებიც, არის კერძო ღონისძიებებიც“  - ამბობს თეატრის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ თელავში ხალხი თეატრში დადის მათი პრობლემები ამით არ გვარდება, რადგან რეგიონალურ თეატრებს შორის მათ ყველაზე ნაკლები დაფინანსება აქვთ. „ჩვენ გვაქვს 200 000 ლარის ბიუჯეტი, რომლითაც ვიხდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს, ასევე ხელფასებს, სპექტაკლის ხარჯებსა და ყველაფერს, რაც თეატრს სჭირდება. ეს თანხა წელს გაიზარდა ახალი გუბერნატორის მოსვლით, მანამდე ბიუჯეტი ბევრად ნაკლები იყო. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამოგვიყო 15 000 ლარი გათბობისათვის, რათა სიცივის მიუხედავად მუშაობა შევძლოთ“- აღნიშნავს პაატა გულიაშვილი და იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დანაპირებს შეასრულებს და თეატრს დაფინანსებას გაუზრდის.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც რეგიონალური თეატრები თანამედროვეობასთან ერთად აწყდებიან მცირე რეპერტუარია. დაფინანსების სიმცირის გამო სპექტაკლები ნაკლებად იდგმება, იშვიათია პრემიერები, მაყურებელს კი ერთი და იგივე ძველი სპექტაკლები თანდათან ბეზრდება. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დირექტორის, ნანა წერეთლის თქმით,  თეატრში წელიწადში დაახლოებითსამი ახალი სპექტაკლი იდგმება. თვეში კი რვა სპექტაკლის ჩვენებაა შესაძლებელი.

რეპერტუარის სიმცირესთან დაკავშირებით მსგავს პრობლემებს აწყდება ქუთაისის მესხიშვილის თეატრიც. „ჩემი აზრით, თეატრი 5 წლის წინ უფრო დატვირთული იყო, ვიდრე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დაფინანსება ბევრად უფრო ნაკლები იყო სპექტაკლები მაინც იდგმებოდა. ვიღაცას მოსწონდა ეს, ვიღაცას არა, მაგრამ მსახიობს თავისი ფუნქცია ჰქონდა, ახლა კი ველოდებით როდის დააკავებენ სპექტაკლში მსახიობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასი დიდი არ არის. ვთანამშრომლობთ თბილისთან, ჩამოდიან თბილისელი მსახიობები ან რეჟისორები და მათთან ერთად იდგმება სპექტაკლები. მსგავსი გაცვლითი პროგრამები კარგია, მაგრამ გარკვეულწილადაგრესიასაც კი იწვევს. არიან მსახიობები, რომლებსაც უნდათ რაღაც კონტაქტი ჰქონდეთ სცენასთან, მაგრამ გადის 4-5 წელი ისე, რომ ვერ ადიან სცენაზე.“- ამბობს მსახიობი ლელა ლომთაძე.

რეპერტუართან დაკავშირებულ პრობლემებს არ განიცდის თელავის თეატრი, მან 2013 წელს დადგმების რიცხვის მიხედვით პირველი ადგილი აიღო. „წელიწადში ჩვენ 7 სპექტაკლი დავდგით, ვცდილობთ ეს ტიტული წელსაც შევინარჩუნოთ, თუ ვინმემ არ გადაგვასწრო და 8 სპექტაკლი არ დადგა. რაც თეატრში მოვედი, უკვე ორი წელია, რეპერტუარი საკმაოდ გაიზარდა.“ -  ამბობს სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი.


პრობლემების მიუხედავად, თეატრები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, აწყობენ შიდა გასტროლებს და სხვადასხვა ქალაქს აცნობენ თავიანთ რეპერტუარს. მოზარდების ხელოვნებასთან დაახლოების მიზნით ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თორნიკე და მარინა მარჯანიშვილებმა ჩაატარეს ფესტივალი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლის ფარგლებში მსახიობები მიმაგრებულები იყვნენ სკოლებში და დგამდნენ სპექტაკლებს, რომლებსაც შემდგომში ბავშვები დიდ სცენაზე ითამაშებდნენ.როგორც მსახიობი ლელა ლომთაძე ამბობს, პროექტმა ბევრი ბავშვი დააინტერესა თეატრით.„პროექტმა გაამართლა, ძალიან ბევრი ბავშვი „მოიწამლათეატრით. თუ ეს ბავშვები არ გააგრძლებენ სამსახიობო კარიერას რჩებიან და ყალიბდენიან კარგ მაყურებლად მაინც. საჭიროა მარცვლები იმისათვის, რომ მოზარდ თაობას მისცე იმპულსი, რათა მათი ინტერესის საგანი გახდეს ხელოვნება.“

ქუთაისის თეატრში მაყურებელთა სიმცირეს თეატრის მოყვარულები იმით ხსნიან, რომ ხალხს მალევე ბეზრდებათ ერთიდაიგივე სპექტაკლები. სალომე კუხიანიძე ქუთაისის მაცხოვრებელია, საკმაოდ ხშირად დადის თეატრში,  მისთვის ეს გარემო ნაცნობი და  ახლობელია. მისი აზრით, საჭიროა თეატრმა მაყურებელს მეტი სიახლე შესთავაზოს. „მე თეატრის განსაკუთრებული მაყურებელი სასკოლო თეატრალური ფესტივალიდან მოყოლებული  ვარ, მას შემდეგ შემოვრჩი თეატრს. ნანახი მაქვს ყველა სპექტაკლი, რაც ჩვენს ქალაქში იდგმება, ბევრს რამდენიმეჯერაც კი დავესწარი. ყველა ადგილი ხშირ შემთხვევაში პრემიერაზეც კი არ ივსება, სახეების უმეტესობა დარბაზში ყოველთვის ნაცნობია.  თეატრში, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები დადიან. თუმცა, მათაც ბეზრდებათ, თუ რაღაც სიახლე არ იქნება, ერთი და იგივეს ბევრჯერ ნახვა მომაბეზრებელია. ამიტომაც იკლებს ხალხის რაოდენობა პრემიერების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი სპექტაკლებზე ნაკლებად დადის, მაინც ერთხმად თანხმდებიან, რომ რეპერტუარი ძლიერი, გემოვნებიანი და საინტერესოა. საამაყო დასი და რეჟისორები გვყავს, კარგი იქნებოდა უფრო მეტი ხელშეწყობა რომ ჰქონდეთ, რათა უფრო მეტად გამოჩნდნენ და დაკავდნენ“- ამბობს სალომე კუხიანიძე.

მაყურებლის სიმცირესთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის არცერთი რეგიონალური თეატრისთვის არ არის უცხო.ჭიათურის თეატრი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი თეატრია საქართველოში და რომელსაც 1910 წლიდანჰყავს მუდმივი დასიბილეთების დაბალი ფასის მიუხედავად, მაინც ვერ ავსებს დარბაზს.„როგორც უმრავლეს თეატრებში, ჭიათურის თეატრსაც აქვს მაყურებლის პრობლემა. დარბაზი ვერ ივსება, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლები სკოლებსა და დაწესებულებებზე იყიდება, ამასთან ბილეთები საკმაოდ იაფია. ბავშვებისათვის ბილეთის ფასი ორი ლარია, უფროსებისათვის კი სამი, ფასი მხოლოდ პრემიერაზე იცვლება და ხუთ ლარამდე ადის.“ - ამბობს თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი.

ნათქვამია „თეატრში ნიჭიერი მსახიობები ყოველთვის როლებზე მეტია“-ო, შესაბამისად მსახიობების სიძლიერე ერთგვარი წარმატების საწინდარია, რომ არა ძლიერი დასი და ნიჭიერი რეჟისორი  „მაკბეტი“ ვერ დაიმსახურებდა აღნიშნულ რეცენზიას. რაც არ უნდა კარგად იმუშაოს თეატრის პიარმა და მოიყვანოს მაყურებელი, თუ შესრულება ძლიერი არ იქნება, მას ეს მაყურებელი გაექცევა. ის, რომ თეატრის მხატვრული დონე ეცემა, ამ თეატრების  მაგალითებიდან გამომდინარე რეალობასა და სიმართლეს არ შეესაბამება. თეატრი და შემოქმედებითი პროცესი მიბმულია, როგორც კულტურის სახელმწიფო პოლიტიკასთან, ასევე ტრადიციებთან. ის, რაც ვიღაცისთვის საუკუნის მონაპოვარია, ვიღაცისთვის დროს აცდენილი და უვარგისია. თუ კულტურის სფერო წინ არ წამოიწია და არ დადგა თავის სიმაღლეზე, თეატრი მარტო, მონდომების მიუხედავად, არსებულ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. დაფინანსების გაზრდით რეჟისორებს საშუალება მიეცემათ დადგან მეტი სპექტაკლი, დაასაქმონ დასის ყველა წევრი. 

ახალი რეპერტუარი და პრემიერები მაყურებლისთვის გამოწვევა იქნება, რათა მივიდნენ თეატრში. შესაბამისად რეგიონალურ და ზოგადად, ქართულ თეატრში არსებული პრობლემების მოგვარება თანაბარი ხარისხითაა დამოკიდებული, როგორც სახელმწიფოზე, ასევე თავად თეატრსა და მაყურებელზე. მათ ერთიანი ძალებით შეუძლიათ უთხრან „არა“ კითხვას - „კვდება თუ არა თეატრი“.




ავტორი: ბაია კუბლაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა