|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

IDFI-მ ნეპოტიზმის ნიშნებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ნეპოტიზმის ნიშნებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. 
როგორც IDFI-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში 2012 წელს შეტანილი ცვლილებებით, სავალდებულო გახდა საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების კონკურსის წესით მიღება. 
"აღნიშნული მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ნეპოტიზმის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრისათვის. კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ვრცელდება, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებზეც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი საჯაროდ თითქმის არასდროს ცხადდებოდა, როგორც ჩანს, სწორედ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო, რომლის მიხედვითაც ვაკანტური საშტატო ადგილების დაკომპლექტება მხოლოდ კონკურსის გზით არის შესაძლებელი, ბოლო პერიოდში კომისიაში კადრები ძირითადად როგორც არასაშტატო სპეციალისტები, ისე ინიშნებიან. ამავე დროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს დაწესებული არასაშტატო პოზიციებზე პირთა დასაქმების კვოტა. შესაბამისად, შესაძლებელია შეუზღუდავად გაიზარდოს კომისიაში შტატგარეშედ დასაქმებულ პირთა რაოდენობა, მათი მიღების პროცესი კი გაუმჭვირვალედ მოხდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2015 წლის 4 მარტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი პირი დასაქმდა 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში. მანამდე 2014 წლის 3 ნოემბერს ასევე მოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო, შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებულთა სამუშაო გამოცდილების (CV), პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია. როგორც კომისიის პასუხიდან ირკვევა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება არც ერთმა დასაქმებულმა არ ისურვა.
IDFI-ის ინფორმაციით, კომისიაში, შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტით, შესაძლებელია მხოლოდ შტატში მყოფი თანამშრომლების ხელფასების ოდენობის გამოთვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასაშტატო სპეცილისტებთან ხელშეკრულება ინდივიდუალურად ფორმდება და ანაზღაურებაც გაუმჭვირვალე პრინციპით განისაზღვრება.
GNCC-ს მიერ IDFI-ისთვის 2015 წლის 16 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში მიიღეს 51 ახალი თანამშრომელი. აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა შორის რამდენიმე მათგანი პარლამენტის წევრის ნათესავია. 
"როგორც ცნობილია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 2013 წლის მაისში დაიწყო და ამავე წლის ნოემბერში დაასრულა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანი მიროტაძის ძმის ცოლი, თამარ გოშუა უკვე 2014 წლის თებერვალში GNCC-ს სამართლებრივ დეპარტამენტში არასაშტატო სპეცილისტის პოზიციაზე დაინიშნა", - ნათქვამია განცხადებაში. 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, თამარ გოშუას მსგავსად, თებერვალში კომისიაში ასევე დაიწყო მუშაობა არჩილ მაკარიძემ, საგამოძებო კომისიის კიდევ ერთი წევრის და პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის სიძემ, რომელიც ტრიპოლსკის შვილის, სალომე ტრიპოლსკის ქმარია. არჩილ მაკარიძეც GNCC-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, როგორც არასაშტატო სპეციალისტი, ისე დასაქმდა. ივლისში, 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, არც არჩილ მაკარიძე გამხდარა კომისიის საშტატო თანამშრომელი, თუმცა, თამარ გოშუასგან განსხვავებით, ის სხვა, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლავ არასაშტატო სპეციალისტად გადაიყვანეს.
"სამწუხაროდ, იმის გამო, რომ კომისიიდან მიღებული ინფორმაციით, არასაშტატო პოზიციებზე დასაქმებულებმა უარი თქვეს თავიანთი CV-ების გასაჯაროვებაზე, ჩვენთვის რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რა კვალიფიკაციისა და გამოცდილების არიან ზემოთ დასახელებული პირები. თუმცა, უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტისა და ამავდროულად GNCC-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრთა ახლო ნათესავები სწორედ იმ უწყებაში დასაქმდნენ, ვის საქმიანობასაც სწავლობდნენ, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს", - ნათქვამია განცხადებაში. 
IDFI-ის ინფორმაციით, მიღებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლის 19 მაისს აირჩიეს, ჰყავდა სამი კონსულტანტი - თამარ მელიქიძე, ანა ნაკაშიძე და მერაბ ქათამაძე. მერაბ ქათამაძე მოგვიანებით კომისიის წევრი გახდა და მის მიერ მანამდე დაკავებული კონსულტანტის პოზიცია ახლა ვაკანტურია. კომისიის თავმჯდომარეს ასევე ჰყავდა თანაშემწე თამარ პოპიაშვილი და ორი მრჩეველი - უსაფრთხოების საკითხებში ზაზა მაზმიშვილი (რომელიც როგორც შემდგომში აღმოჩნდა კომისიაში ე.წ. "ოდეერიის" ფუნქციას ასრულებს) და ფინანსების მიმართულებით მრჩეველი ზურაბ ნონიკაშვილი. ანა ნაკაშიძის გარდა, ყველა მათგანი დასაქმებული იყო, როგორც არასაშტატო სპეცილისტი. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, შტატები იყო არა საჭიროებისამებრ გაზრდილი, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ კომისიის თავმჯდომარეს სჭირდებოდეს 3 კონსულტანტი, 2 მრჩეველი და 1 თანაშემწე.
IDFI-ის ცნობით, გაუმჭვირვალე და გაურკვეველია GNCC-სთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის დაკომპლექტების პროცესიც. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი აკეთებს გამონაკლისს და საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნა დაშვებულია კონკურსის გარეშე. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ვფიქრობთ, რომ ამგვარი რეგულაცია არ უნდა გამორიცხავდეს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დასაქმების პროცესის გამჭვირვალობას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივ დამცველად 2014 წლის თებერვალში აირჩიეს. ის მანამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კომისიას.
"თამთა ტეფნაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის დაკომპლექტება დაიწყო. კერძოდ, საზოგადოებრივმა დამცველმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც მანამდე მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა - სს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგში", სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა. 2015 წლის თებერვალში თამთა ტეფნაძემ თანაშემწედ უკვე საკუთარი მეჯვარე, ნათია ფანგანი დანიშნა. საზოგადოებრივი დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მას ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, კერძოდ 2009-2010 წლებში ის სამშენებლო კომპანიაში, "ალიონი 99" იურისტის თანაშემწედ მუშაობდა. ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არასაშტატო სპეციალისტად თამთა ტეფნაძემ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ირინა ტყემალაძე დანიშნა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტია. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ GNCC-გან განსხვავებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატი დეტალურად აქვეყნებს ინფორმაციას აპარატის შტატში დასაქმებულ პირთა შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ შტატგარეშე თანამშრომლად იმ ადამიანის (დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის) ახლო ნათესავის დანიშვნა, ვინც აპარატის ხელმძღვანელის შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე იყო, იწვევს საფუძვლიან ეჭვს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
IDFI-ის ცნობით, საერთო ჯამში, 2012 წლიდან დღემდე კომისიაში 51 ახალი თანამშრომელი მიიღეს, 23 კი გაანთავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ან კონტრაქტის ვადის ამოწურვა, ან სამსახურიდან წასვლის საკუთარი სურვილი იყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა