|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს"

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს", ბოლო პერიოდში ამ ლოზუნგით საინიციატივო ჯგუფის მსვლელობები გააქტიურდა. ჯგუფის წევრები მთავრობას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვენ.

 „ნიუპრესი“  საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს მალხაზ ფხაკაძეს ესაუბრა.

- ჩვენ ვართ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი.  ვითხოვთ  ბიძინა ივანიშვილის  წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომ  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდეს ქუთაისში და არა თბილისში. წინასაარჩენო დაპირება იყო, რომ ეს  უნივერსიტეტი  ქუთაისში  აშენებულიყო. მე, როგორც ერთ-ერთი  მათი ამომრჩეველი, ვითხოვ,  როგორც სხვა დაპირებები,  ეს დაპირებაც შესრულდეს. გვინდა, რომ ქალაქისთვის გაკეთდეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მიეცეს მას ფუნქცია. ქუთაისში იყოს შესაძლებელი მაღალი დონის განათლების მიღება.

-რამდენი წევრისგან შედგება ჯგუფი და ვინმე თუ გეხმარებათ ფინანსებით?

- გააქტიურება გადავწყვიტეთ მაშინ, როდესაც გავიგეთ ,  რომ ჯგუფი „ქართუ“  აპირებდა ტექნოლიგიური უნივერსიტეტის თბილისში აშენების დაფინანსებას. რამდენიმე თანამოაზრე გავერთიანდით.  ყველანი ვმუშაობთ ენთუზიაზმით, საკუთარი ფინანსებით.  ვაწყობთ მსვლელობებს, ვავრცელებთ ბროშურებს ,  რადგან საზოგადოებას ჩვენი  მოთხოვნის  შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია.

-სარგებლობთ თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით?

-ჩვენ არ მივეკუთნებით არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს.

-რა პერსპექტივას ხედავთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში განთავსებით ?

-ვფიქრობთ, რომ ასეთი მაღალი დონის  უნივერსიტეტის აშენება  იქნება კარგი ბიძგი  ქალაქისთვის განვითარებისათვის.  თუ გავითვალისწინებთ  "თავისუფალი უნივერსიტეტის" და  "აგრარული უნივერსიტეტის" შემთხვევას, ვნახავთ, რომ  იქ კერძო  ინვესტიციის ჩადებას   სწავლების დონის ამაღლება მოჰყვა.    ეს ინვესტიცია იქნება ბიძგი ასევე  დანარჩენი ინვესტორებისთვის, რომ ქალაქში ჩაიდოს თანხები, გაჩნდეს სხვადასხვა ობიექტები, მომსახურეობის სფეროები, რაც ქალაქს ეკონომიკურად  გამოაცოცხლებს . დღეის მდგომარეობით კი  ძალზედ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. მნიშვნელოვნად გაუარესებულია ქალაქში დემოგრაფიული მდგომარეობაც.  ქალაქს ტოვებს ახალგაზრდობა.

-როგორ ფიქრობთ რამდენად რეალურია თქვენი ინიციატივის განხორციელება?

-ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია. რაც მთავარია, ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებიც მხარს გვიჭერენ და აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში.

- ამჟამად  რა ეტაპზე ხართ?

 -2 მაისს დავასრულებთ ხელმოწერების შეგროვებას.  მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს , ვისაც ადარდებს ჩვენი ქალაქის ბედი, ვისაც უნდა, რომ აქ შესაძლებელი იყოს   ხარისხიანი  განათლების მიღება, მოვიდეს და ხელი მოაწეროს   ამ მოთხოვნას.

- ვის წარუდგენთ  შეგროვებულ ხელმოწერებს და რამდენი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს?

- მოთხოვნას ვუგზავნით ჯგუფ "ქართუს" და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს,რაც შეეხება ხელმოწერების რაოდენობას  შეზღუდული არ ვართ.

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი