|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

40-მილიონიანი ნახატის დაბრუნება

ლუკას კრანახის ,,მაჭანკლის" გატაცება თბილისის ხელოვნების მუზეუმიდან XX საუკუნის ყველაზე მასშტაბურ ძარცვად შეფასდა. 90-იან წლებში ბევრი ნამუშევარი დაიკარგა საგამოფენო დარბაზებიდან, ,,მაჭანკალი" კი ხელოვნების მუზეუმიდან გაიტაცეს. მერე უცნაურად აღმოაჩინეს - ვიღაცამ, 40-მილიონიანი ნახატი ქუჩაში დატოვა. 
გაზეთ ,,კვირის პალიტრას“ ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ,,მაჭანკალი“ იპოვეს, ამ დროს თბილისის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი იყო, რომელიც გამოცემასთან ნახატის დაბრუნების დეტალებზე საუბრობს.
,,1994 წლის 28-29 ივლისის ღამეს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ხუთმა ბოროტმოქმედმა მუზეუმის მცველი სამი პოლიციელი განაიარაღა და მუზეუმიდან სამი სურათი გაიტაცა, მათ შორის - 40 მილიონად შეფასებული გერმანელი მხატვრის, ლუკას კრანახის ,,მაჭანკალი".
საქართველოში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული შედევრის გატაცება კრიმინალური სამყაროს ერთგვარ გამოწვევას ჰგავდა. თუმცა, ამას ვერაფრით უპასუხეს სამართალდამცავებმა. შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები ქალაქში დათარეშობდნენ. მართალია, მაშინ სახელმწიფოს პირველმა პირებმა ხელოვნების მუზეუმის დაყაჩაღების ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანეს, მაგრამ საქმე ვერ გაიხსნა და გატაცებული სურათების ადგი¬ლსამყოფელიც ვერ დადგინდა“ - იხსენებს ყოფილი პროკურორი.
ვალერი გრიგალაშვილის განცხადებით, ,,მაჭანკალი“ მუზეუმს რომ დაბრუნებოდა, ის ,,კანონიერ ქურდს“ გაურიგდა.
,,2004 წლის 10 მაისს სამსახურში ვიყავი. მოქალაქე მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა სურდა გავლენიან ,,კანონიერ ქურდს", გოგი ჩიქოვანს, რომელიც იმხანად გულიკო ჩაფიძის კლინიკაში იწვა მძიმე მდგომარეობაში. ჩაფიძის კლინიკაში საღამოს მივედი. გოგი ჩიქოვანი რეანიმაციაში იწვა. დიდხანს ვისაუბრეთ. ჭკვიანი მოსაუბრე გამოდგა. მითხრა, გენდობი და ვიცი, კარგ საქმეს, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ, ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებ. არ დამაბრალებთ იმ დანაშაულს, რაც მე არ ჩამიდენიაო. შეწუხებულმა მითხრა, ამ ხნის კაცი ვარ, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი პოლიციელები თუ არსებობდნენ, არ ვიცოდი. ვერაზე ვცხოვრობ, კერძო სახლში, სახლს გალავანი აქვს. დავინახე, ნიღბიანი შეიარაღებული ხალხი როგორ გადმოხტა გალავანზე. სანამ კარს გავაღებდი, შემომიმტვრიეს. გაზიდეს ყველაფერი, თუ რამე ძვირფასეულობა მქონდა. ნერვიულობის გამო ინფარქტით აქ მომათავსესო. ბოლოს მთხოვა, დავხმარებოდი იმ ნივთების დაბრუნებაში, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. ეს იყო ბეჭედი და ჯვარი. მას შემდეგ, რაც ამ ნივთებს დამიბრუნებთ,მე ჩაგაბარებთ ,,მაჭანკალს". ის სახელმწიფოს საკუთრება იყო და უნდა დაუბრუნდეს მუზეუმსო. ასევე მთხოვა ერთი ახალგაზრდისთვის პატიმრობის შეცვლა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით. 

კარგად ვიცოდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ნახატს, ამიტომ არა მხოლოდ დავთანხმდი მის წინადადებას, არამედ შევპირდი, რომ სურათის დაბრუნების შემთხვევაში ქურდობის მცდელობისთვის დაპატიმრებულ ახალგაზრდას შევუწყვეტდით სისხლის სამართლის საქმეს. ასეთ სიტუაციაში გამოიყენება საპროცესო შეთანხმება, თუმცა, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ჩვენს კანონმდებლობაში 2004 წლის ივნისიდან შემოვიდა. ამიტომაც ჩვენ შორის შედგა წმინდა ჯენტლმენური შეთანხმება. კრიმინალური ავტორიტეტისთვის მიცემული სიტყვა პირნათლად შევასრულე - ის პირი გავათავისუფლეთ. პოლიციას კი მოვთხოვე,დაებრუნებინათ ის ნივთები. მეორე დღეს, ანუ 2004 წლის 11 მაისს პოლიციის სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შევიდა უცნობი მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება, რომ ,,მაჭანკალი" იქნებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლის წინ. 1994 წელს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ნახატი ზუსტად 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება მხოლოდ გოგი ჩიქოვანის დამსახურებაა. მან თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ,,მაჭანკალი" ქვეყანას დაუბრუნა“,-აცხადებს გრიგალაშვილი.

აღორძინების ეპოქის გერმანელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ლუკას კრანახი-უფროსის (1472-1553) შედევრი "მაჭანკალი" საქართველოში დიდი მთავრის, გიორგი რომანოვის წყალობით მოხვდა, 1920 წელს იგი კერძო კოლექციონერ ყორღანოვს ჰქონდა,რომლისგანაც მხატვარსა და მეცენატს, დიმიტრი შევარდნაძეს შეუძენია და თავის "ცისფერ გალერეაში"მოუთავსებია. 
1921 წელს ნახატი საქართველოს საგანძურის ნუსხაში მოხვდა და მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი ერთგულად იცავდა. "მაჭანკლის" ხელში ჩაგდებას ფაშისტებიც ცდილობდნენ, თუმცა, ამაოდ. 1946 წელს ქართულ საგანძურთან ერთად "მაჭანკალიც" დაუბრუნდა საქართველოს და 1994 წელს ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს.
ნახატი რამდენიმე ფიცრისაგან შეკრულ დაფაზეა შესრულებული. ახალგაზრდა მამაკაცი ფულით სავსე ქისას აწვდის დედაბერს, რათა იქვე მდგომი მშვენიერი ქალიშვილი ჩაიგდოს ხელში. შთამბეჭდავია მაჭანკლის სახე, რომლის ცბიერი გამომეტყველება მაგიურად მოქმედებს მნახველზე. 

ავტორი: ნიუპრესი