|
  • EUR 1 = GEL 3.4576
  • USD 1 = GEL 3.1794
|

კინო და მუსიკა, როგორც ინტიმური და სოციალური პროცესი

ნიკა მაჩაიძე გასული საუკუნის  90-იანიების  ბოლოს უკვე  შემდგარი მუსიკოსი იყო,  1999 წელს დიმა დადიანთან ერთად მუშაობდა პროექტზე “Sweet evening of electronic music“. საოცარი დრაივის და ენერგიის მატარებელია  კომპოზიცია, ინსტუმენტალური ტრეკი „Game”. ახლა ნიკა იგივე „ერასტი“ და „ნიკაკოი“  ახალგაზრდებისთვის  ელექტრონული მუსიკის შესახებ საჯარო ლექციებს კითხულობს.  ნიკა მაჩაიძე „ნიუპრესის“ სტუმარია. 

 

-  ნიკა მაჩაიძე, იგივე ერასტი და იგივე ნიკაკოი, ეს თქვენი მეტსახელია, რატომ?

- „ნიკაკოის“ ისტორია ძალიან ტრივიალურია (არანაირი ორაზროვნება არ დევს ამ მეტსახელში) 90 -იანებში ჩემი მეგობარი, თეა ჯორჯაძე, იმეილს მიხსნიდა და სახელის შერჩევისას ნიკა უკვე არსებობდა... მაშინ ნიკაკოიო, მითხრა და შემიქმნა ეს მისამართი. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩემი პირველი დისკი უნდა გამომეშვა, ეს მეტსახელი ავირჩიე. ერასტს რაც შეეხება, პარალელურად მომიწია ორ სხვადასხვა დასახელების დისკის გამოშვება  და ეს სახელი ავირჩიე.

-  2000 წელს თქვენ მაშინდელ სახელმწიფო მეთაურზე იუმორისტული მუსიკა და ვიდეო გააკეთეთ, რაც აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. მსგავსი ნაშრომის შექმნაზე კიდევ ხომ არ გიფიქრიათ?

-  იმის შემდეგ ისეთი ამბავია ჩვენი ქვეყნის მთავრობაში, რომ თავისთავად იუმორისტული ვიდეოა, მონტაჟის და მუსიკის გარეშეც საოცრად სასაცილოა...

- თქვენ უფრო გიცნობენ, როგორც მუსიკოსს და არა რეჟისორს, თქვენს სარეჟისორო გამოცდილებაზე მოგვიყევით?

- დიდი გამოცდილება არ მაქვს. 1994 წელს გადავიღე ჩემი სადიპლომო ფილმი და გავანებე თავი კინოს. მაქსიმუმ მუსიკალურ ვიდეოებს ვაკეთებ. 2010 წელს ვცადე სრულმეტრეაჟიანი ანიმაციური ფილმის გაკეთება მაგრამ ეს პროექტი ჯერჯერობით გაჩერებულია. მე ვიზუალური ხელოვნების ის ფორმატი უფრო მაინტერესებს რომელსაც მარტომ შემიძლია გავართვა თავი.

-  იყო შემთხვევა, როცა თქვენს ფილმში თავად იყავით მსახიობის როლშიც, ამ პროცესის  შესახებ რომ მოგვიყვეთ, რამდენად ადვილია იყო რეჟისორი და მსახიობი ერთდროულად?

-  საოცრად ძნელია, ისე გადავიღალე რომ არაფრის თავი აღარ მქონდა. უბრალოდ ბოლო წუთში მსახიობმა თქვა უარი პროექტში მონაწილეობაზე და ერთადერთი გამოსავალი იყო მე თვითონ აღმოვჩენილიყავი კამერის წინ. 

-  რა საერთო აქვთ რეჟისურას და ელექტრონულ მუსიკას?

-  არაფერი საერთო არ აქვს მუსიკის შექმნას და კინოს გადაღებას. მუსიკა არის ინტიმური პროცესი! კინო სოციალური...

-  ბოთო შტრაუსი თეატრალური დადგმისთვის „Der Park“ (პარკი) საუნდტრეკები თქვენი შექმნილია, როგორ მიდიოდა მუშაობის პროცესი?

-  ბოთო შტრაუსი არის დრამატურგი და სპექტაკლი დადგა დათო საყვარელიძემ . ეს ხდებოდა 20 წლის წინ და კარგად მახსოვსთქო რომ გითხრათ მოგატყუებთ. მახსოვს, რომ რეპეტიციებზე ძალიან ვერთობოდით ყველა.

-  რაიმე ახალ კომპოზიციაზე ან ფილმზე ხომ არ მუშაობთ?

-  უსიკას ცოტცოტას სულ ვაკეთებ. კინოს არა.

-  რა არის ის თქვენი შემოქმედების მთვარი სათქმელი? რისი თქმა უნდა ნიკა მაჩაიძეს?

-  არასოდეს არ მიფიქრია ამაზე. არც არის საინტერესო... მე თუ რამის თქმა მინდა პირდაპირ ვამბობ და არ ვაწვალებ მსმენელს, რომ ეს სათქმელი ისეთ აბსტრაქტულ მედიუმში ეძებონ როგორიც მუსიკაა.

-  ხშირად ბევრისთვის ელექტრონული მუსიკის შინაარსი გაუგებარია და ხმაურთან ასოცირდება, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

-  ჩემთვის ხმაურიც მუსიკაა! სიჩუმეც! საუბარიც... ბგერა არის მუსიკა, ელექტრონული იქნება ის თუ აკუსტიკური. მნიშვნელოვანია რამდენად გეხება ესა თუ ის ბგერა. მე მაგალითად შორი მატარებლის ხმას არაფერი მირჩევნია და ვთვლი რომ ერთერთი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებია.

-  როგორ ვითარდება ელექტრონული მუსიკა საქართველოში?

-  არ მიყვარს მუსიკის ჩარჩოებში მოქცევა. საერთოდ მუსიკა, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ვითარდება მაშინ, როდესაც ხდება სხვადასხვა მიმდინარეობების შერევა და ჩარჩოების დანგრევა... ყველაფერში წინსვლის მთავარი პირობა ექსპერიმენტის კეთებაა.

-  საჯარო ლექციების დროს ხშირად ხვდებით ახალგაზერდებს, რა იკვეთება ამ შეხვედრებისგან, როგორია ელექტრონული მუსიკით დაინტერესება ქართველ ახალგაზრდებში?

-  ახალგაზრდებს ჭირდებათ მეტი ინფორმაცია საერთოდ მუსიკაზე, არა მარტო ელექტრონულზე! სწორედ ამ ინტერესს ვხედავ.

                                 

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.3%
არა - 47.79%
არ იცი - 10.91%
სულ - 678 ხმა