|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

C ჰეპატიტის მკურნალობა დღეიდან უფასო ხდება


დღეიდან, C ჰეპატიტის ელუმინაციის პროექტი ამოქმედდება. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია "გილეადს" შორის გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა „სოფოსბუვირი“ პრეპარატით სრულიად უფასო იქნება.

როგორც დავით სერგეენკომ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, „თ“ მკურნალობა განსაკუთრებულად მძიმე პაციენტებისთვის უფასო იქნება. ხოლო, რაც შეეხება დიაგნოსტიკას, C ჰეპატიტით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა 70%-იანი შეღავათით განხორციელდება: - „70%-ს დააფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო დარჩენილ 30%-ს, მე იმედი მაქვს, რომ დაეხმარებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. დიაგნოსტიკის ღირებულება არის, ჯამში,  480 ლარი, ამის 30% კი 144 ლარი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში პაციენტს მკურნალობის კურსი მხოლოდ 144 ლარი შეიძლება დაუჯდეს, მაშინ, როცა კურსის ღირებულება 10 000 დოლარამდე აღწევს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი: -'ნამდვილად საამაყოა, ის დიდი ნდობა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებით, აშშ-მ, კომპანია „გილეადმა“ გამოუცხადა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას. რაც შეეხება C ჰეპატიტს, პირველ ეტაპზე, ჩვენ შევძელით, რომ ინტერფერონი შეღავათიან ფასად მიგვეწოდებინა პაციენტებისთვის, ხოლო უფასოდ გვემრკუნალა სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის. დღეს, საქართველოს მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობა, სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. რაც შეეხება, დღევანდელ მემორანდუმს, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, საქართველოში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო რევოლუციური პრეპარატის 'სოფოსბუვირი' პირველი პარტია, რომელიც ჯერ-ჯერობით, განსაკუთრებულად მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. პრეპარატი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, გვერდითი მოვლენების სიმცირით და იძლევა თითქმის სრული განკურნების შანსს. მინდა, ყველას გაცნობოთ, სასიხარულო ინფორმაცია - ეს მედიკამენტები ჩვენი მოქალაქეებისათვის იქნება, აბსოლუტურად, უფასო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 კითხვაზე, რატომ შეირჩა პიონერ ქვეყნად საქართველო, კომპანია „გილეადის“  წარმომადგენელმა ჯონ ვარდმა ასე განმარტა: - „რამაც საქართველოზე შეაჩერა ჩვენი არჩევანი, ეს იყო, ამ სახელმწიფოს ძლიერი პოლიტიკური ნება დაავადების ელუმინაციის პროცესისადმი, რისი დადასტურებაც დღეს ვიხილეთ. მეორე, ეს იყო თვითონ პრობლემის მასშტაბი, - საქართველოში ამ მხრივ, მდგომარეობა მწვავეა. გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა იმანაც, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საქართველოში აქვს ოფისი, რომელსაც ხელმძღვაელობს ექიმი მორგანი, რაც ხელშემწყობ გარემოს ქმნის ამ დაავადებასთან საბრძოლველად.

როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში, ჯულიეტა მორგანმა თქვა, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა ზუსტი მაჩვენებლის დასადგენად სამუშაო ჯგუფი მალე დაიწყებს მოკვლევას. მისი ინფორმაციით, პროცესში ჩართული იქნება 5 000-დან 7 000-მდე ოჯახი, რომელთა ტესტირების შემდეგაც შეიქმნება ზუსტი სურათი და ინფორმაცია ამ დაავადებასთან მიმართებაში.

ირაკლი იმნაიშვილმა, ორგანიზაცია „C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა პროექტი ასე შეაფასა: - „ თვითონ, პოგრამა არის უნიკალური შანსი. ახლა იდგმება პრველი ნაბიჯი. პროგრამა ეტაპობრივად მისცემს საშუალებას პაციენტებს, უფასოდ მიიღონ მკურნალობის კურსი. რამდენად წარმატებულად განხორციელდება, ეს უკვე, არის კომისიასა და ასევე, საზოგადოებაზე დამოკიდებული. ვერც ერთი პრეპარატი ვერ გამოაჯანმრთელებს ღვიძლს, წამალი კლავს ვირუსს ღვიძლს აჯანმრთელებს თითოეული პაციენტის ცხოვრების წესი და რეჟიმი“, -აღნიშნა მან.

პაციენტებს, ასევე შესაძლებლობა მიეცემათ პროგრამის ფარგლებში ჩაიტარონ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი წინასწარი კვლევები. საწყის ეტაპზე საქართველოში 5 000  ადამიანისთვის საჭირო დოზა შემოვა. პაციენტთა რეგისტრაცია "სოციალური მომსახურების სააგენტოებში" მოხდება, რის შემდეგაც მათ მონაცემებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გასცემს თანხმობის წერილს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა