|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ბედი ელის ქუთაისელი მოქანდაკის გოგილო ნიკოლაძის სახლს და ნამუშევრებს ?

გოგილო ნიკოლაძე ცნობილი  ქუთაისელი მოქანდაკეა. მან უამრავი ღირშესანიშნავი ნამუშევარი დაუტოვა ქუთაისელებს, მათ შორის "დები იშხნელების" ქანდაკება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბაღს ამშვენებს. "ნიუპრესი" მოქანდაკის ოჯახს ესტუმრა. 

 როგორც  მოქანდაკის მეუღლე   ნორა გაბრიაძე     გვიამბობს, “დები იშხნელებიგოგილოს ბოლო ნამუშევარია, რომლის დადგმაშიც კონპესაცია დღემდე არ მიუღია.

"როდესაც დები იშხნელების ქანდაკება მუშავდებოდა, გერმანელი სტუმრები მოვიდნენ ჩვენთან,მათ შორის იყო გერმანელი  რეჟისორი და ოპერის მომღერალი  ჰერმან ვედეკინდი, მათ  დიდი თანხა შემოგვთავაზეს, რომ ეს ქანდაკება  გერმანიაში დაედგათ. რა თქმა უნდა,  უარი ვთქვით, რადგან ეს ძეგლი გოგილომ ქუთაისს მიუძღვნა. „დები იშხნელები“ 2006 წელს დაიდგა ქალაქის ცენტრალურ ბაღში.  დღემდე მოვითხოვ კონპესაციას, მაგრამ თვითმმართველობიდან რეაგირება არ არის.  ქალაქის ახლანდელმა მერმა შოთა მურღულიამ მითხრა, რომ თანხა ჩამორიცხულია და  რაღაც მიზეზების გამო გაიყინა.  რა მიზეზებზე საუბრობს,  ჩემთვის უცნობია," - აცხადებს ნორა გაბრიაძე.   გერმანიაში, ქალაქ ვერდენში, გრაფ ანტონოს სახელობის ქუჩასაც ამშვენებს ნიკოლაძის მიერ შესრულებული და ბრინჯაოში ჩამოსხმული ბარელიეფები გრაფინია კრისტინასა და გრაფ ჯოზეფ ანტონის რეპროდუქციური პორტრეტები.

გოგილო ნიკოლაძემ ქუთაისი ერთ დიდ არაჩვეულებრივ გამოფენად აქცია, თუმცა მისი   ბევრი ნამუშევარი საზოგადოებისთვის უცნობია. დღეს მოქანდაკის მემკვიდრეობას მისი მეუღლე ნორა გაბრიაძე მზრუნველობს. სახლში დაცული და თავმოყრილია სკულტურის  მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რასაც  სამუზეუმო აღწერა, დახარისხება, დალაგება, შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგება, ინტერიერის სათანადო მოწესრიგება ესაჭიროება.  60-მდე სკულტურული  ნამუშევარი, რომელიც ქვეყნის, ქალაქის კულტურასთან არის დაკავშირებული,  სარემონტო სახლშია გამოკეტილი.  "ამ ქანდაკებებს მოვლა-პატრონობა სჭირდება. ესენი სამუზეუმო ექსპონატები უნდა იყოს და არა ოთახის კუთხეში მიწყობილი. ეს ხალხს ეკუთვნის, მაგრამ არ არის საშუალება იმისა, რომ  საზოგადოების ფართო წრისათვის იყოს ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ  ნამუშევრები ან მუზეუმში განთავსდეს, ან ეს სახლი მუზეუმად გადაკეთდეს. როდესაც ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთ კონტექსტში ესეც უნდა ჩაეწეროს, " -აღნიშნა ნორა გაბრიაძემ.

 გოგილო ნიკოლაძის სახლი(სადაც ნამუშევრები ინახება)  სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას. სახლს დაზიანებული აქვს  სახურავი, რის შედეგადაც წვიმა შიგნით აღწევს. ამ მდგომარეობამ, შესაძლოა,  ნამუშევრები გაანადგუროს.  ნორა გაბრიაძე წუხილით აღნიშნავს, რომ დღეს ის ნამუშევრები, რომელსაც  წლების განმავლობაში  რუდუნებით ქმნიდა გოგილო ნიკოლაძე,  მივიწყებულია. მისი თქმით, ქალაქის თვითმართველობამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

"ერთ დღეს ჭიშკართან  რამდენიმე უცხოელი იდგა და ეზოს ფოტოებს უღებდნენ, რა თქმა უნდა,  სტუმრები შინ შემოვიპატიჟე, მათთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა ის ნამუშევრები, რაც სახლში იხილეს. უღებდნენ ფოტოებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ამიტომ ვფიქრობ, ამ სახლისთვის  მუზეუმის სტატუსის მინიჭება  ტურისტთა დაინტერესის წყაროდ იქცევა,"-აღნიშნავს ნიკოლაძის მეუღლე.

ვასილ ამაშუკელის პირველი დოკუმენტური ფილმი "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კინოთეატრ "რადიუმში" აჩვენეს, რომლის საპატივცემულოდაც გოგილო ნიკოლაძემ  ვასილ ამაშუკელის ბიუსტი შექმნა, რომელიც კინოთეატრ "რადიუმთან" იყო განთავსებული. სამწუხაროდ,  ეს ბიუსტი მოიპარეს და დღემდე დაკარგულია.

გოგილო ნიკოლაძის მეუღლემ  "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ არსებობს ამ ბიუსტის ორიგინალი და თუ იქნება დაინტერესება,  მას აქვს საშუალება ეს ბიუსტი ქალაქს დაუბრუნდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის თვითმართველობას დავუკავშირდით. ქუთაისის მერის,  შოთა მურღულია განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დები იშხნელების“ შემქნელს  ჰონორალი  არ მიუღია,  პირველად ჩვენგან გაიგო.

" დები იშხნელების“  ძეგლი 9 წლის წინ  განთავსდა, ამიტომ ამ თანხების  გაუცემლობის  შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. გოგილო ნიკოლაძის ოჯახის წევრებმა წარმოადგინონ დოკუმენტი, რომ ეს თანხა ნამდვილად არ აუღიათ და ქალაქის თვითმმართველობა გამოყობს ჰონორალს, რომელიც გადაეცემა მოქანდაკის ოჯახს, " განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა