|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„80 წლამდე უნდა ვიცოცხლო“


„ნიუპრესი“  პერიოდულად  გაცნობთ  ახალგაზრდა პოეტს.  ამჯერად თქვენ ყურადღებას  მივაპყრობთ  ადამიანს, რომლიც თვლის, რომ  მას მეოცე საუკუნის შუა ხანებში, ან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უნდა ეცხოვრა.  მომავალი ფილოსოფოსი და  ახალგაზრდა პოეტი  ლევან გოგაბერიშვილი „ნიუპრესის“ სტუმარია.

  

-რას გვეტყვი შენს შესახებ?

ვსწავლობ  წერეთლის  უნივერსიტეტში  ფილოსოფიის სპეციალობაზე.  ჩემი გვარის ისტორიის მეცნიერული შესწავლა მაქვს დაწყებული. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე  ამ მუშაობას დავასრულებ და წიგნად გამოვცემ.

- პოეზიაზე რას იტყვი?

- პოეზია ჩემთვის მრავლის აღმნიშვნელი საკითხია. თითქოს ეს არის სულის საზრდო, რომლითაც ცდილობ, ხელოვნების ფართო ლაბირინთში გზა გაიკვლიო... მე, როგორც ,,ფილოსოფიით შეპყრობილ“ მოკვდავს, არ შემიძლია გავექცე მის სიდიადეს, ვინაიდან და რადგანაც ფილოსოფია არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი, რომლის საცეცებშიც ექცევა ჩემი პოეზია. ეს არის ჩემი ხელწერა, ყოფნა- არყოფნის ვრცელ პრობლემატიკას, ზოგადსაკაცობრიო მიმართები საკითხებს და სიკვდილ სიცოცხლის ურთიერთ–ჰარმონიას მე ჩემს პოეზიაში განვიხილავ. მე პირველ რიგში,  ვსაზრდოობ და ვცოცხლობ ფილოსოფიით, სწორედ აქედან განპირობებული არის ჩემი პროზა და პოეზია.

 – თქვენ ერთ-ერთი ახალგაზრდული გაერთიანების წევრიც იყავით.

- მე ჯგუფ ,,ედელვაისის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი გახლდით.  ჩვენ კარგი საწყისი გვქონდა, თუმცა დროის და სიტუაციის გამო,  სუბიექტურმა თუ ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა ჯგუფის დაშლა. ყველაფერი ცვალებადია. ჩვენ, ადამიანები, მოძრაობაში ვართ ყოველთვის.   

-  ხშირად გაკრიტიკებენ?

- დიახ, საკმაოდ  მაკრიტიკებენ.  ჩემს ლექსებს ბევრი არ იცნობს.  ხშირად ვხუმრობ მეგობრებთან, რომ მეოცე საუკუნის შუა ხანებში უნდა მეცხოვრა, ან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, თითქოსდა იმდენად განსხვავებულია ჩემი და ,,თანამედროვეობისშეხედულებები და წარმოდგენები, რომ ჩვენი ურთიერთობა შეხმატკბილებულ კონსესუსამდე ვერ მიდის. ბევრი რამ მაღიზიანებს, რაც დღეს ხდება.  სანამ სხვას გააკრიტიკებ, მანამ შენ უნდა გქონდეს იმის ბაზა შექმნილი, რომ ჯეროვანი და საფუძვლიანი იყოს შენი კრიტიკა, არგუმენტებით გაჯერებული და დასაბუთებული, თორემ აბსტრაქტულ კრიტიკას ჩალის ფასი აქვს, ჩემი გადასახედიდან.

-გარდა პოეზიისა რით ხარ დაკავებული?

- სიბრძნე მიყვარს.  მარტივი პასუხია, ალბათ, მაგრამ მრავლისმომცველი თვისი ქვეტექსტით. ვუსმენ მუსიკას, ნებისმიერი ჟანრის მოსმენა შემიძლია, გარდა მძიმე როკისა, გააჩნია ხასიათს. ხშირად ვკითხულობ, მაგრამ საკმარისი არ არის, ბევრჯერ გამიკრიტიკებია ჩემი თავი ამის გამო...

- რომელ პერსონაჟს შეადარებდი შენს თავს?

- კონკრეტულ პერსონაჟს ახლა არ დაგისახელებთ... ადამინი, როცა კითხულობ, ცდილობ, რომ ნაწარმოებს ჩაწვდე სრულად, აღიქვა ის და მწერლის სათქმელი სწორი ინტეპრეტაციით გაიაზრო. კონკრეტული ნაწარმოების მიხედვით წარმართოს ადამიანმა ცხოვრება, ეს, უბრალოდ, უტოპიაა. ღირებული ნაწარმოებებიდან ადამიანმა უნდა დააბალანსოს თავისი შეხედულებები, გაამყაროს ის და განამტკიცოს.

- რაზე ოცნებობ, როგორი წარმოგიდგენია შენი თავი წლების შემდეგ?

 - ნუ იქნება შუღლი, ნუ იქნება სიძულვილი ადამიანთა შორის! სხვისი წარმატება არ გვეწყინოს, ვიცხოვროთ ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია, რადგან ჩვენ მივაღწიოთ იმ სრულყოფილებას ყოველდღიურობაში, რასაც ახლა მთელს სიცოცხლეს ვანდომებთ და მაინც არ გამოგვდის!  წლების შემდეგ, სიბერეში ცხოვრებისგან დაღლილი კიბეზე ჩამოვჯდები და ყალიონს მოვწევ... 80 წლამდე უნდა ვიცოცხლო, თუ რატომ, ამაზე პასუხს ჩემი ცხოვრებით გავცემ.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა