|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სები და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხავი განცხადებები "ტორ­პე­დო­ში"

 „ტორპედოს“ საფეხბურთო წარმატება არა, თუმცა ხელფასების „წარმატებული“ გაზრდა  გასული კვირის მთავარ მოლენად იქცა. ინფორმაცია ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ გაავრცელა. ფაქტმა ქალაქის პირველი პირის უკმაყოფილება გამოიწვია. შოთა მურღულიამ ვიცე–მერს ნოდარ მიქიაშვილს, ამავდროულად, „ტორპედოს“ საპატიო პრეზიდენტს საქმის მოკვლევა და ფაქტის დაზუსტების შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოსთხოვა.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გარშემო აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია „ვისოლმა“ კლუბიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.  თუმცა გადაწყვეტილების მიზეზმაც კითხვის ნიშნები დატოვა. კომპანიის პრეზიდენტი  ოფიციალურ  განცხადებაში აღნიშნავდა, რომ „ტორპედო“ გაუმართლებელი ხარჯების გამო დატოვა.

ინვესტორის გარეშე დარჩენილ „კლუბზე“ ზრუნვა ქალაქმა იკისრა. როგორც შოთა მურღულია განმარტავდა:  ქუთაისი „ტორპედოს“, „ტორპედო“ კი დაფინასების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ დარჩებოდა. მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ქუთაისის საფეხბურთო გუნდმა, „ვისოლის“ მიერ ჯარიმის სახით დატოვებული 800 000 ლარი გამოიყენა, 29 მაისს კი საკრებულოს გადაწყვეტილებით, კლუბს ქუთაისის ბიუჯეტიდან 273 000 ლარი დაემატა. რაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მორიგი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ქალაქი, რომელიც „მედიკამენტების პროგრამის“ ბიუჯეტის გაზრდას ვერ ახერხებს,  საფეხბურთო კლუბს, რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატებაც კი არ აქვს, სოლიდურ თანხებს არ უნდა ურიცხავდეს. მითუმეტეს, თუ ეს თანხები, ძირითადად, სახელფასო ფონდს ხმარდება.

„ნაციონალი“ დეპუტატი ამირან ძოწენიძე ხელფასების გაზრდის ფაქტს პრესკონფერენციით  გამოეხმაურა და ის დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლითაც კლუბის თანამშრომელთა ხელფასების მატება ფიქსირდება. ამასთან ერთად ძოწენიძე გაზრდილ შტატებსა და კომუნალურ ხარჯებზეც საუბრობს.

„იმ დროს, როდესაც ქალაქის ღარიბი ბიუჯეტიდან კლუბი სოლიდურ თანხას იღებს, ნაცვლად ხარჯების შემცირებისა, თითქმის ყველა თანამშრომლის ხელფასი გაიზარდა, გაიზარდა ასევე კომუნალური,  ტელეფონის, მივლინების,  საწვავისა და კვების ხარჯები. მივიღეთ ის, რისიც გვეშინოდა - გადამხდელების ფულის უყაირათო ხარჯვა. ფაქტია,  ოთხი მენეჯერი, რომელიც კერძო მესაკუთრის პირობებში ართმევდა სამუშაოს თავს, თითქმის ცხრა გახდა.  ამ ყველაფრის ფონზე მენეჯერები და  და მაღალი თანამდებობის პირები ხელფასების მატებას არ დაჯერდნენ და ბიუჯეტის ხარჯზე სახელფასო დანამატები დაირიცხეს. გუნდის  ფეხბურთელების ხელფასი 8 000–მდე ადის, ხუთთვიან კონტრაქტებში 40 000 ლარი გადაიხადეს. ამ ხარჯების ფონზე კი „ტორპედომ“ ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა. გაასწრო რვა გუნდს, რომლისგანაც ოთხს ფინანსური პრობლემები აქვს, ოთხი კი გაკოტრებულია.  რით ვერ მოახერხებდა იგივეს შედეგის მიღებას  გუნდი, რომლის ფეხბურთელს ხელფასი საშუალოდ 1000 ლარი ექნებოდა?“–აღნიშნავს ამირან ძოწენიძე, რომელიც მერის ბიძის, დავით მურღულიას გუნდში მთავარი ექიმის თანამდებობაზე დაბრუნებაზეც საუბრობს.

„ქუთაისის მერის ბიძა დავით მურღულია, რომელიც გარკვეული პერიოდი არ იმყოფებოდა გუნდში, 2014 წელს მურღულიას მერად დანიშვნის პერიოდში დაბრუნდა „ტორპედოში“ და მისი ხელფასი 400 ლარიდან 1250 ლარამდე გაიზარდა, ის ამავდროულად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკალათბურთო გუნდის მთავარი ექიმია,“–აცხადებს  ძოწენიძე.

 

ბრალდებებს დაუყოვნებლივ გამოეხმაურენ ადგილობრივ თვითმმრთველობაში. როგორც ვიცე–მერმა და „ტორპედოს“ საპატიო პრეზიდენტმა ნოდარ მიქიაშვილმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფრომაციით, ხელფასების გაზრდა არ მომხდარა, თუმცა მიმდინარეობს მოკლევა და თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, „ტორპედოს“ ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

„ აუცილებლობიდან გამომდინარე, სამი თანამშრომლის დამატება მოხდა. რაც შეეხება ხელფასს, არ გაზრდილა და მხოლოდ გასული წლის სამი თვის განმავლობაში ფედერეციიდან ჩამორიცხული თანხის გადანაწილება მოხდა. ვინც ამბობს, რომ ხელფასების გაზრდა მოხდა, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ინვესტორთან ერთად გუნდი ფედერაციისგანაც იღებდა თანხას, სწორედ ეს თანხა - 200 000 ლარი გადანაწილდა სამი თვის განმავლობაში. თუ დადასტურდა, რომ მიმდინარე წელსაც მოხდა სახელფასო მატება, გუნდის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება,“– განაცხადა მიქიაშვილმა.

ვიდრე საპატიო პრეზიდენტი არკვევს, მის გუნდში ანაზღაურება რეალურად გაიზრდა, თუ არა, ხელფასების გაზრდა თავდაპირველად კატეგორიულად უარყვეს თავად „ტორპედოში“, თუმცა მოგვიანებით გუნდის საზოდაგოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რამაზ ჩხიკვაძემ "ნიუპრესთან" საუბარში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა.  ჩხიკვაძე ჯერ ამბობდა, რომ ხელფასები 50 ლარით მხოლოდ მუშებს გაეზარდათ,  შემდეგ კი განაცხადა, რომ ფედერაციიდან ჩამორიცხული თანხა ჭაბუკთა გუნდების მწვრთნელებს, ადმინისტრატორებსა და სელექციონეებს დაერიცხათ. 

მოგვიანებით "ტორპედოში" განვითარებულ მოვლენებზე „ნიუპრესი“ თავად აღმასრულებელი დირექტორი ესაუბრა, რომელიც როგორ შტაბების, ასევე ხელფასების გაზრდას უარყოს და "ნაციონალ" დეპუტატს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ნაციონალმა"  დეპუტატმა არასწორი დოკუმენტაცია აფრიალა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ხელფასების გაორმაგება მოხდა, რაც სიმართლე არაა. "ვისოლის"  პირობებში იგივე აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი 4  ათას ლარზე მეტი იყო, ახლა კი შემცირებულია. ასევე შემცირებულია ფეხბურთელთა რაოდენობა,  შტატებიც მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე დაემატა, ვინაიდან  "ვისოლს" წარმომადგენელები თბილისში ჰყავდა ჩვენ მოგვიხდა კომპიუტერების, მაგიდისა და კარადების შეძენა. ვიყიდეთ სათიბი, გუნდმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა ბალახის თესლი, მინდორი ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ განახლება დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით გუნდს ახალი თანაინვესტორები ჰყავს, რომლებიც ასევე რიცხავენ თანხებს, "ევროპა ბეთისგან" 70 000 ლარი მივიღეთ. არასწორია, თითქოს ფეხბურთელებთან 40 000 ლარიანი კონტრაქტები გაფორმდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, "ვისოლი" გაცილებით მეტ თანხებს ხარჯავდა, ვიდრე ახლა ხდება“–აღნიშნავს აღმასრულებელი დირექტორი.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუნდის მენეჯერმა რამაზ ჩხიკვაძემ და თანამშრომელმა გიორგი ჩუბინიძემ საკუთარი ავტომობილები, რომლითაც თავად გადაადგილდებიან, გუნდს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე იჯარით გადასცეს, რისთვისაც თვეში 200–200 ლარს იღებენ.

ფაქტს კანონიერს უწოდებს დავით ფრუიძე, რომლის თქმითაც, "ტორპედოს" აქვს კანონიერი უფლება დაიქირაოს მანქანები, თუმდაც მის თანამშრომლებისგან, რისთვისაც თანხას გუნდი საკუთარი შემოსავლიდან ფარავს. აღმასრულებელი დირექტორი მერიის მიერ გადაცემული ავტობუსის განათხოვრებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ავტობუსის განათხოვრებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია.

"ისეთი აჟიოტაჟი ატყდა ამ ამბავზე, თითქოს რაიმე დანაშაული იყოს. მერიამ ეს  ავტობუსი ჩვენ გადმოგვცა და განათხოვრების აკრძალვა არ ყოფილა. ჟვანიას სკოლამ გვთხოვა ერთი დღით და საქართველოში ერთმანეთს გვერდით თუ არ დავუდექით, როგორ შეიძლება?"–განგვიმარტავს დავით ფრუიძე.

რაც შეეხება  ხელფასების მატებას, ის  კლუბის 2015 წლის იანვრის სახელფასო უწყისით დასტურდება. თუკი აღმასრულებელ დირექტორს 2014 წლის დეკემბრის ხელფასის სახით 1687. 50 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე წელს ანაზღაურება 2 100. 00 ლარს შეადგენს,  სამასი ლარით გაიზარდა გუნდის მენეჯერის რამაზ ჩხიკვაძის ხელფასი და ამჟამად 1700. 00 ლარია, 2014 წლის დეკემბერში დავით მურღულიას 112.90 ლარი დაერიცხა 2015 წლის თებერვალში კი ფიქსირებული ხელფასი 1 225. 00 ლარს შედაგენს.

როგორც აღვიშნეთ, ქუთაისის საფეხბურთო გუნდი გასულ თვეში ბიუჯეტიდან დამატებით 273 000 ლარი მიიღო, როგორც ქალაქის მერი და ვიცე–მერი ადასტურებენ, წლის ბოლომდე „ტორპედო“ დამატებით დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს, რასაც „ვისოლის“ მიერ გადმორიცხულ თანხასაც (800 000 ლარს) თუ დავუმატებთ, გამოდის, რომ ქალაქს გუნდის შენახვა, რომელიც ათეულში არც თუ საპატიო ადგილს იჭერს, დაახლოებით ორ მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა