|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წითელი ზონა" ქუთაისში

  ქვეყანაში განვითარებული სტიქიური მოვლებიდან გამომდინარე „ნიუპრესი“ დაინტერესდა, რა სიტუაციაა ამ მხრივ ქუთაისში. წლებია, ადიდებული მდინარისგან წამოსულ საფრთხეებზე საუბრობენ რიონისპირა დასახლებებში მცხოვრებლები. ერთ-ერთ  მეწყერსაშიშ ზონად ლესელიძის ქუჩა ითვლება, სადაც  წლების წინ სტიქიამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 ოჯახი კი უსახლკაროდ დატოვა.


დაახლოებით 15  წლის წინ,  ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე "რიონჰესის" მიმდებარე ტერიტორია წყალმა დაფარა. ღამით მოვარდნილმა სტიქიამ მაშინ  უსახლკაროდ 12 ოჯახი დატოვა. იყო მსხვერპლიც.  დღეს, ამ ტერიოტორიაზე ადგილობრივები ისევ ცხოვრობენ. დასახლებული ნაწილი  "წითელ ზონადაა" გამოცხადებული.  ლესელიძის ქუჩაზე მეგზურობა ადგილობრივმა მცხოვრებმა ალეკო ბანძელაძემ გაგვიწია და სტიქიის შედეგად განადგურებული ტერიტორია დაგვათვალიერებინა. ჩვენი მეგზური გვიყვება: „დღეს  რიონი უფრო ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი, ვიდრე მაშინ.  მდინარეს ახლა ორჯერ მეტი ტერიტორია უჭირავს. მანამდე კი ამ ადგილზე ოჯახები  ცხოვრობდნენ.   სტიქია ღამოთ მოვარდა და ადიდებულმა მდინარემ  სახლები ისე ჩაიტანა,  ზოგმა გამოსვლა ძლივს  გამოასწრო, ზოგიც იმ ღამით დაიღუპა. ჩემი მეზობელი სახლში შებრუნდა ნიჩბის გამოსატანად, რომ სხვებს დახმარტებოდა. როგორც კი გარეთ გამოვიდა მისი სახლი მთლიანად ჩავარდა. სიკვდილს წამებით გამოასწრო“.

ახლა აქ რკინის კონსტრუქციაა აგებული, რომელიც ერთგვარი გამყოფი ხაზია მოსახლეობასა და მდინარის მიერ მიტაცებულ ადგილს შორის, უმცა მას დამცავი ფუნქცია არ გააჩნია.

 „აქ მიწა სილიანია.  20 წლის წინ, როცა ეს ტერიტორია  მოსახლეობამ მიიღო,  საძირკვლის  გასამაგრებლად თავად ჩაყარეს რკინები, მაგრამ  როგორც აღმოჩნდა,  ეს საკმარისი არ ყოფილა“, - აღნიშნავს ალეკო ბანძელაძე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ტერიტორია, სადაც ახალა ისინი ცხოვრობენ(ლესელიძის ქუჩა), წითელ ზონდაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. ისინი ამბობენ, რომ ზოგი ის ოჯახი, რომელც წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, შეძლებისდაგვარად,  სხვა ადგილას გადავიდა, თუმცა  მოსახლეობის ნაწილმა ეს ვერ შეძლო.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე ძლიერი წვიმის დროს სახლების ქვედა სართულები ისევ იტბორება.

„სადაც ახლა ვართ, სახლები საცხოვრებლად უვარგისია. პირველი სართულები დანესტილია. ერთი მიწისძვრა რომ მოხდეს,  მთლიანად დაიშლება. ისეა, რომ გაკეთებას აზრი არ აქვს“, - ამბობენ ისინი.

ამჯამად  "წითელ ზონაში" დაახლოებით 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. როგორც  მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, 15  წლის წინ მიყენებული ზარალი დღემდე აუნაზღაურებელია.

“5 ათასი ლარი მივიღეთ დახმარების სახით. მერე,  როცა ზარალი შეფასდა,  ჩემს სახლს 40 ათასამდე მოუწია თუმცა ეს თანხა არავის მოუცია. ჩემს მსგავსად  სხვა ოჯახებიც არიან",-ამბობს ალეკო ბანძელაძე.




"წითელი ზონიდან" "რიონჰესის" ტერიტორიისკენ გადავინაცვლეთ, გზაში ჩვენი რესპოდენტი ყვება, რომ აქ, რიონის სანაპიროსთან, სადაც ადრე სახლები იყო, მოაქვთ სამშენებლო ნაჩენები და ყრიან. “ ასეთი ნაშალი მიწა იყო მაშინაც. ახლაც მოაქვთ და ყრიან. ვითომ ამაგრებენ ნაპირს“.
რიონჰესტან კი მან გვიჩვენა არხი, რომელიც არ ფუნქციონირებს. არხი მოუწესრიგებელია და წყლის გამტარად ვერ გამოდგება.
  აღნიშნულის შესახებ  "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა  თეონა გეგუჩაძემ განაცხადა, რომ "ენერგო პროს" საკუთრებაში არსებული გამტარი არხი მოწესრიგებულია. "სხვა არხის შესახებ ვერ გეტყვით. ჩვენი არხი გაიწმინდა, გაუკეთდა ბეტონის ჯებირები. ასევე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ზემოთ, "გუმათჰესზე" არის ხმოვანი გაფრთილება, რომელიც მოსახლეობას აცნობს დამბებიდან წყლის გამოშვების შესახებ“, - ამბობს  თეონა გეგუჩაძე.

 რამდენად გამართლებულია "წითელ ზონაში" მოსახლეობის ცხოვრება და რა შეიძლება გააკეთოს ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ? - ამ კითხვით ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს გურამ ტოროშეილძეს მივმართეთ, რომელმაც  ჩვენთან საუბარში 15 წლის წინანდელი  სტიქიაც გაიხსენა: „მაშინ, პირველი მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი,  ლესელიძის ქუჩის ერთი მონაკვეთი წყალმა მთლიანად წაიღო.  სტიქია 15 წლის წინ მოხდა.  პრობლემა დღესაც დგას. შეიძლება, ერთხელაც ლესელიძის ქუჩა მთლიანად მიიერთოს რიონმა. ეს სახლები ამ ქუჩაზე თვითნებურად იყო აშენებული. მაშინ დაზარალებულებს ვერ ვეხმარებოდით, მაგრამ რაღაც მაინც გავუკეთეთ. რაც შეეხება მათ იქ ცხოვრებას, ქალაქს არ აქვს სახსრები, გამოიყვანის ეს ხალხი და სანაცვლო შესთავაზოს"-აღნიშნავს ტოროშელიძე.
მისი თქმით, საჭიროა  ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, რომელიც ქალაქის კომპეტენციაში არ შედის.  "ეს უნდა გაკეთდეს ინფრ ატსრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, მათ პრეროგარივაა.  მათ შეუძლიათ ნებისმიერ ქალაქში ნებისმიერი სანაპირო ზოლის მოწყობა.   ჩვენ არ გვაქვს  უფლება, რომ მანდ ჩავატაროთ სამუშაოები,  ეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაში ჩაგვეთვლება“, - განაცხადა  გურამ ტორიშელიძემ.  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან  კი "ნიუპრესს" განუცხადეს :  "ბოლო პერიოდში ქუთაისიდან ნაპირსამაგრი სამუშაოების  შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა. წლების წინ კი,  როდესაც სტიქიური უბედურება მოხდა, ჩვენს უწყებას  სტიქიის შედეგების შეფასება
დაუკვეთეს და ეს გავაკეთეთ, საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი. მაშინ  ქუთაისის მერიამ თავად იკისრა ამ სამუშაოების შესრულება.  რიონი, ლესელიძის ქუჩა და მისი მიდებარე ტერიტორია ქუთაისის  მერიას ეკუთვნის და მათ კომპეტენციაშია“, - გიპასუხა რეგიოული განვითარების და ინფასრუქტირსა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხათუნა პაიჭაძემ.
მერიის პრესსამსახურიდან კი კვლავ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამარტეს და გვითხრეს, რომ რიონის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკისრება.

ვიდრე ორი უწყება გაარკვევს, ვის ეკუთვნის მდინარე რიონზე სანაპირო ზოლისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება,  რიონი 15 წლის წინ „განახლებულ“ კალაპოტში მიედინება. ლესელიძის ქუჩაზე კი რჩება საფრთხე, რომ  შესაძლოა,  ისიც შესაძლოა, მდინარის კალპოტის ნაწილი გახდეს. მოსახლეობა კი აკრძალულ ზონაში  ცხოვრებას ბუნების იმედად აგრძელებს.


ავტორი: ანა ჯიქია