|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 10 მილიონზე უარს ამბობს

ქართულ-ებრაულ კომპანიას „შიტრიტ ჯგუფს“ რომელი ობიექტების დათმობა მოუწევს  ქუთაისში დაკისრებული ჯარიმის სანაცვლოდ, ამ დღეეებში უნდა გაირკვეს.

გასულ კვირაში ქალაქის საკრებულომ  მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც კომპანიისათვის "შიტრიტ ჯგუფი“  ჯარიმის ჩამოწერის გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა ხდება.  ქუთაისის  ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქალაქს ინვესტორი სჭირდება, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობამ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას ცენტრალური ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნა ამჯობინა.
როგორც საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნეს, კომპანიას, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტისთვის გადასახდელი დაახლოებით 10 მილიონიანი ჯარიმა ეკისრება, შეღავათები სწორედ ქალაქის სასარგებლოდ დაუწესდება. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ინიციატივას მხარს დაუჭერს კომპანია ქუთაისის მერიას  მისგანვე შეძენილ 13 ობიექტს დაუბრუნებს.

საკითხის განხილვას საკრებულოზე ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. უმრავლესობის პათოსს "შიტრიტ ჯგუფისათვის" შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით უმცირესობა არ იზიარებდა. როგორც "ნაციონალი" დეპუტატები აცხადებდნენ, კომპანიას, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ქალაქი აზარალა, ჯარიმა არ უნდა ჩამოეწეროს.

"ამ კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომელიც არ შეასრულა. კითხვაზე, რატომ მივეცით დაახლეობით 20 მილიონიანი ობიექტები  3 143 000 ლარად, პასუხი არის ის, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ქალაქში  50 მლნ უნდა  დაეხარჯათ.  2012 წლამდე ისინი პატიოსნად ასრულებდნენ მოვალეობას. ახალი ხელისუფლების პირობებში კი შეჩერდნენ. ჯარიმა 10 მილიონამდე ავიდა. რატომაც არა, თანხმდება ამ წინადადებას და  აბრუნებს  უკან იმ ქონებას, რომელიც არ უნდა.  რაც კარგია, ის კი დაიტოვა. „შიტრიტ ჯგუფი“ გამოუვალ მდგომარეობაშია, ჩვენ შეგვიძლია სასამართლოს გზით, ის აშენებული სასტუმროც წამოვიღოთ უკან, მაგრამ ვპატიობთ, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ფინანსურ გარიგებებთან გვაქვს საქმე",-აღნიშნავს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი დავით გოგისვანიძე.

თანაპარტიელის მოსაზრებას ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, რომელიც კომპანიისთვის პრეზიდენტის ინიციატივით პირდაპირი განკარგვის წესით ობიექტების მიყიდვის დროს ქუთაისის მერი იყო და ხელშეკრულებაც მის მიერვე გაფორმდა. თევდორაძის თქმით, საკრებულო ამ შემთხვევაში კანონშესაბამისად მოქმედებს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა შესაძლებლობა კუთვნილი თანხა მიეღო.

"ქუთაისის მერია და საკრებულო კანონშესაბამისად მოქმედებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ქალაქი მნიშვნელოვან თანხას კარგავს. ჩვენს მიერ კომპანიასთან მოხდა გარიგება, რითაც ქუთაისის ბიუჯეტმა 3 მლნ 143 000 ლარი მიიღო. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის პირობებში აუცილებლად ყველა ვალდებულება შესრულდებოდა. ამჟამადაც მერიას შეეძლო პირობების შესაბამისად 3 413 000 ლართან სასტუმრო „EMPIER” დაებრუნებინა და ის 10 მილიონიც მიეღო, მაგრამ ასე არ მოიქცენ. სამწუხაროდ, ინვესტორების პასიურობა ქუთაისის ბუნდოვანი სტატუსის შედეგია. არ გამოჩნდებიანს სხვა კომპანიები და ეკონომიკა უკან წავა. არავინ ჩადებს მილიონებს ქალაქში, რომლის ბედიც გაურკვეველია",-აღნიშნავს გია თევდორაძე.

"შიტრიტ ჯგუფთან" სასამართლო დავას ქონებისა და ჯარიმის დაბრუნების მოთხოვნით არ ეთანხმება საკრებულოს დეპუტატი გურამ ტოროშელიძე და არგუმენტად დროში გაწელილი სასამართლო  დავა, დაგვიანებით მიღებული ჯარიმა და უპატრონოდ  მიტოვებული შენობებიდან მოსალოდნელი საფრთხეები  მოაქვს. ტოროშელიძის თქმით, არაა გამორიცხული,  ხანგრძლივი დავის პროცესში შენობები, რომლებიც ისედაც ცუდ მდგომარეობაშია, ჩამოინგრეს და ვინმე დაშავდეს. ამასთან ერთად თვლის, რომ დაბრუნებული ქონება ახალი ინვესტიციის შესაძლებლობაა.

ქუთაისის  პერსპექტივისათვის შეთანხმების უპირატესობაზე საუბრობს ქალაქის მერიც. შოთა მურღულიას განცხადებით, ჯერ არ იციან ეკონომიკის სამინისტრო რა შეღავათებს დაუწესებს "შიტრიტ ჯგუფს“.  მურღულია აღნიშნავს, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები  კაბალური ხელშეკრულების გამო ვერ შეასრულა და ინვესტიციის დრო გაუშვა.

"ჩვენ არ ვიცით რა შეღავათები დაწესდება "შიტრიტ ჯგუფისთვის". უფლებამოსილება ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით.  შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქი მოგებული დარჩება. არიან ინვესტორები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ბათუმსა და თბილისშიც, რომლებმაც ვერ შეასრულებს ნაკისრი ვალდებულებები.  ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს შემთხევაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ განიხილოს, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს.  ქალაქი იბრუნებს საკუთარ შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს, რომელთა გასხვისების კაბალური ხელშეკრულების გამო კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ფართებს კი გავასხვისებთ და ახალი ინვესტორები შემოვლენ", -აცხადებს შოთა მურღულია.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკონომიკის სამინისტრო და რა მოგებას ნახავს ქალაქი დაბრუნებული ობიექტებით, აღმატება თუ არა ეს  ჯარიმის სახით მისაღებ 10 მილიონს, ეს  ჯერჯერობით უცნობია.    ცნობილი კი ისაა, რომ "შიტრიტ ჯგუფის" პრობლემები  მას  შემდეგ დაიწყო,  რაც ახალმა ხელისუფლებამ  პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა მოინდომა.  შესაბამისად, ინვესტორმა  ქუთაისში პარლამენტის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება შეცვალა.   ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო  კი ყოველდღიურად  5 000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება.

კომპანია ებრაული წარმოშობის,  ამერიკელი ბიზნესმენის, შიმონ შიტრიტის საკუთრებაა,  რომლის ყოფილი თანაპარტნიორი ნატალია კვანტალიანი ადასტურებს,  რომ შიმონ შიტრიტმა ქუთაისში სამუშაოები  სწორედ ქალაქის გაურკვეველი სტატუსის გამო შეაჩერა.

„მე ამ კომპანიასთან აღარ ვთანამშრომლობ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ სამუშაოები მას შემდეგ შეაჩერა, რაც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაზე დაიწყო საუბარი. როდესაც იცი,  რომ ცენტრი შენდება და  შემდეგ უცებ ყველაფერი იცვლება, რატომ ჩადებ იმ ქალაქში მილიონებს?  შიტრიტს უთანხოება არცერთ ხელისუფლებასთან არ ჰქონია და თუკი ეს შეთანხმება ნამდვილად მოხდება, ამაში ცუდი არაფერია“,–აცხადებს ნატალია კვანტალიანი.

 საქართველოს  პრეზიდენტის 2011 წლის 18 თებერვლის განკარგულების მიხედვით,  კომპანიას, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 მილიონ 143 000 ლარად ქუთაისში 13 ობიექტი  გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით,  მყიდველს საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა, თუმცა „შიტრიტ ჯგუფმა“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში მხოლოდ 2 მილიონ 965 700 ლარი გადაიხადა, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი 177 300 ლარი მასზე დაკისრებული საურავით (ჯამში 259 000 ლარი) 2012 წლის სამ სექტემბერს  დაფარა. საინვესტიციო პირობის მიხედვით,  კომპანიას შეძენილ ობიექტებზე მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. კომპანიამ 2012 წელს 8 ოქტომბერს  სამუშაოების დასასრულებლად ვადის გაგრძელება 2 წლით ითხოვა.

აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რაც „შიტრიტ ჯგუფის“ მიერ შეძენილ ერთ–ერთ ობიექტს უკავშირდება. გრიშაშვილის 7 ნომერში მდებარე შენობაზე უჩვეულო წარწერა „წართმეულია“ გაჩნდა, რითაც შენობის მეპატრონეს იმის თქმა უნდოდა, რომ შენობა ხელისუფლებამ წაართვა. ამას მერიაში არ ადასტურებდნენ. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განმარტებით,   ყოფილმა მეპატრონემ ვალდებულება ვერ შესრულა და შენობა მერიას გადმოსცა, თუმცა მერე შენობა უკან მოითხოვა.  „შიტრიტ ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ფილიპიამ განცხადება  პროკურატურაშიც შეიტანა, საქმე სასამართლომაც განიხილა, სადაც მან ქონების წართმევა ვერ დაადასტურა.

 


 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა