|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია

პროკურატურამ  მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტი გახსნა. პრტოკურატურამ  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ამხილა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ  უკანონოდ ჩარმორთმეული 6 ა/მანქანა და 1 უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი. კერძოდ ამხილეს შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით სიდამონიძე, რომელიც თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევას. სხვადასხვა დროს, 2010-2011 წლებში, დიდუბე - ჩუღურეთის პოლიციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: გიორგი რეხვიაშვილი, პარსამ ზალიანიანი და შმაგი რატიანი. შსს მაღალჩინოსანი დავით სიდამონიძე თავისთან იბარებდა ბრალდებულის ოჯახის წევრებს და ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვდა პოლიციისა და პროკურატურისთვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა. პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ გიორგი რეხვიაშვილის ოჯახის წევრებმა 28 000 აშშ დოლარად შეიძინეს “მერსედეს-ბენც ML 350” ავტომობილი, ხოლო 30 000 აშშ დოლარად “ჰიუნდაი სონატა”. ბრალდებულ შმაგი რატიანის და პარსამ ზალიანიანის ოჯახის წევრებმა კი „ფოლკსვაგენის“ცენტრში  შეიძინეს 61200 ლარად და 31 000 აშშ დოლარად ღირებული „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა. ხსენებული ა/მანქანები კი გადაფორმდა შსს და პროკურატურის სახელზე და მისით სარგებლობდნენ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები.  „ მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ გივი თოდაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, გასცა მითითება კუდის ბაზაზე გადაეყვანათ ბრალდებულის კუთვნილი   „რენჯ როვერი“-ს და „კრაისლერი“-ს მარკის ავტომობილები, რომელთა დათმობის სანაცვლოდაც შემდგომში ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას დაეკისრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 195 000 ლარი. ჩამორთმეული ა/მანქანებიდან, ერთ-ერთით, კერძოდ კი ,,კრაისლერი“-ს მარკის ა/მანქანით სარგებლობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია.  დანაშაულში მხილებული მესამე საჯარო მოხელე კი წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ყოფილ  თანამდებობის პირს, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმრო დაწესებულების დატოვების სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმა ირაკლი მახარაშვილმა დათმო და მიატოვა სოფელ დიღომში მდებარე 357 000 დოლარის ღირებულების 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მათი ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ სახელებიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირები.   რათახელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს.        
     ხუთივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ შსს, პროკურატურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი  6 ა/მანქანა და ერთი უძრავი ქონება. 
 ქონებების დასაბრუნებლად, პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა.
 

ავტორი: ანა ჯიქია