|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ზაზა კილასონიას ცხოვრება ხელოვნებაში და ხელოვნებით

მუსიკოსი, მსახიობი ასე იცნობენ ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში. მისი კომპოზიციები  ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და ცნობილი  კომპოზიტორების ნაწარმოემებთან ერთად გაჟღერდა. იტალიაში საპატიო ხელოვანის დიპლომიც დაიმსახურა.  „ნიუპრესი“ საინტერესო და ნიჭიერ მუსიკოსს ზაზა კილასონიას შემოქმედებას გაგაცნობთ, რომლის შესახებაც მუსიკოსი და მსახიობი თავად გვესაუბრება.

 

-  საუბარი თეატრით დავიწყოთ. მოგვიყევით თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ ხელოვნების ამ დარგში.

-   დავამთავრე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი, შალვა გაწერელიას ჯგუფი.  სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, სადაც მისვლისთანავე  ჩემთვის მოულოდნელად  ლილი ბურბუთაშვილის  გადაწყვეტილებით დავინიშნე მთავარ როლზე, დათო ტურაშვილის პიესაზე „და ერთ მშვენიერ დღეს“, სადაც შევასრულე გიოს როლი. პიესის შინაარსი ასახავდა ქვეყანაში არსებულ  იმდროინდელ ვითარებას. ამის შემდეგ იყო როდამიშვილის როლი „ირინეს ბედნიერებაში“; პიეტრო დე ლა ვალეს როლი - „იქმენით საქართველოში“; თორნიკე- „რაც მოგივა დავითაო; გივი- „არჩევანი მე“; ჩემს კარიერაში  იყო მთვარი და ეპიზოდური როლებიც.

- თქვენს მიერ შესრულებული როლებიდან რომელ პერსაონაჟში იპოვეთ ყველაზე მეტად საკუთარი თავი?

-  როლების რაოდენობა არ განსაზღვრავს მსახიობის ნიჭიერებას, სიყვარულს,  ერთგულებასა და თავდადებას საკუთარი პროფესიისადმი. მთავარია, შექმნა ის ჭეშმარიტი სახე, რაც დრამატურგს  სურს მიიტანოს მაყურებლამდე. არსებობს როლები, რომლებშიც ბოლომდე ჩადებ ენერგიას. ეს თავისთავად ხდება. ასეთი როლი მსახიობს ცხოვრებაში შეიძლება ჰქონდეს ერთი, ორი, ან საუკეთესო შემთხვევაში - სამი. ერთხელ ტელევიზიით მიხეილ თუმანიშვილის ინტერვიუ მოვისმინე, სადაც ჰკითხეს, დადგმული სპექტაკლებიდან, რომელს მიიჩნევდა საუკეთესოდ. რეჟისორმა მხოლოდ ორი დაასახელა. ახლა ვფიქრობ, რატომ მხოლოდ ორი, როცა ამ ნიჭიერ ადამიანს ბევრი კარგი სპექტაკლი ჰქონდა დადგმული? ალბათ, ეს იმიტომ, რომ ყველა წარმოდგენაში  ვერ შეძლებ მიაღწიო სრულყოფილებას.

-  არსებობს პერსონაჟი, რომლის განსახიერებაზეც ოცნებობთ?

-  საერთოდ, ბევრ პიესაში მიმიღია მონაწილეობა და განმიცდია დიდი სიამოვნება, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, ეს სიამოვნებაზე უფრო მეტად ხიბლი იყო. ახლა ვმუშაობთ პაველ ვეჟინოვის „ბარიერზე“. ეს არის ფენტეზის ტიპის მელოდრამა, სადაც მთავარი გმირი დოროთეა პარაფსიქოლოგიური ნიჭითაა დაჯილდოებული. ასევე არის მეორე მთავარი გმირი - ანტონი და მათ ურთიერთობაზეა პიესა აგებული. ანტონი კომპოზიტორია. პიესას რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი დგამს, მუსიკალურად ჩემივე ნაწარმოებებით ფორმდება. სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ამ პიესაზე მუშაობა ორმაგად მნიშვნელოვანია. „ჰამლეტს ვითამაშებდი“ -  ამბობს ბევრი, მაგრამ ამაზე მარტო ოცნება არაა საკმარისი. ამისათვის საჭიროა თეატრალური ცხოვრების განვითარება. მარტო მსახიობი ვერაფერს შექმნის.

-  თქვენ, თეატრი და მუსიკა...

-  თეატრი, მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია, ეს სინთეზური ხელოვნებაა. მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ვქმნიდი კომპოზიციებს, მერე თანდათან განვვითარდი. უკვე სიმფონიურ ნაწარმოებებსაც ვქმნი. ეს სერიოზული ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში. ბევრი  ჩემი კომპოზიცია გამოყენებულია სხვადასხვა სპექტაკლში.  ახლა რომ მკითხოთ, როგორ ვწერ მათ, ვერ გიპასუხებთ, რადგან მუსიკა არის კომპოზიტორის სულის დროში მოცემული მდგომარეობა. რაც შეეხება თეატრს, ეს კარგი სიზმარივითაა. გავა დრო და რომ გაიხსენებ ამ ყველაფერს, სასიამოვნოდ აირეკლება შენს ცნობიერში.

-  ყველაზე დიდი შეფასება, რომელიც მიგიღიათ მუსიკის სფეროში.

-  2013 წელს იტალიაში, პიზაში, წმინდა პეტრეს ტაძარში გაიმართა კონცერტი, სადაც ლივერნოს სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა ჩემი ნაწარმოები: „ელეგია“ ფლეიტისა და ორკესტრისათვის.  იგი გაჟღერდა ისეთი ცნობილი  კომპოზიტორების ნაწარმოებების გვერდით, როგორებიც არიან ენნიო მორიკონე და ნინო როტა. ქალაქ მილანში, ენნიო მორიკონეს სტუდიაში, ჩემმა მეგობრმა წარადგინა  სიდი სახელწოდებით  „ჭეშმარიტი სიყვარული“, სტუდიაში ის შეხვდა კომპოზიტორის მოადგილეს, ენიო პორეგას, საიდანაც მივიღე სარეკომენდაციო წერილი, როგორც ნიჭიერმა და  პერსპექტიულმა მუსიკოსმა.  მისურვეს წარმატება. ასევე იქნა მოწონებული და შეფასებული  ჯან ლუკა მარჩიანოს მიერ, როგორც მაღალი საკომპოზიციო ხარისხი. ქალაქ პიზის მერმა პერსონალურად გადმომცა საპატიო ხელოვანის დიპლომი, ეს შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და სტიმული მომავალი წინსვლისთვის.

- იგეგმება თქვენი სოლოკონცერტი?

- დიახ, სექტემბრის ბოლოს ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართება კონცერტი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის დაფინანსებით.  კონცერტი  ორგანყოფილებიანი იქნება. პირველ ნაწილში გაჟღერდება  სიმფონიური ნაწარმოებები, დაახლოებით ხუთი  ან ექვსი, მეორე ნაწილი დაეთმობა ვოკალურ-ინსტრუმენტალურ მუსიკას.  ჩემი სიმფონიური ნაწარმოებები ტექნიკურად რთულად შესასრულებელია, რადგან კომპოზიციას სიმფონიურთან ერთად ასრულებს ბენდი. ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრში არ არის ყველა ინსტრუმენტი, რომლებიც ნაწარმოებებში მაქვს გამოყენებული, ამიტომ  გვიწევს სინთეზურად მივიღოთ საჭირო ინსტრუმენტების ჟღერადობა. დასანანია, რომ ქალაქის დღევანდელ თანამედროვეობაში, არ არსებობს საპროდიუსერო ცენტრები, არ არის ბიზნესმენთა კეთილგანწყობა, ხელშეწყობა, ნიჭიერ ადამიანს არ ეძლევა საშუალება გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ჯერჯერობით, ჩვენი ქვეყანაც არაა მზად  ხელოვნების განვითარებისთვის ჩადოს სათანადო ინვესტიცია. სადაც კულტურა   პრიორიტეტს არ წარმოადგენს, იქ საზოგადოების სულიერ სიმაღლეზე საუბარი ზედმეტია.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- წარმატება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ფინანსურად იყო ძლიერი. წარმატება ისაა, როცა ხელოვნებაში ქმნი ჭეშარიტებას, ქმნი მუსიკას,  რომლესაც დრო ვერ მოერევა. აი ესაა მთავარი. ამიტომაა ბეთჰოვენის, მოცარტის შემოქმედება განუმეორებელი. ბოჩელის ხმა, მისი სიმღერები, რომლებიც საუკუნის მერედაც არ დაკარგავს აქტუალობას. ესაა ჩემთვის ჭეშმარიტი ხელოვნება...

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა