|
  • EUR 1 = GEL 3.4576
  • USD 1 = GEL 3.1794
|

„ეკლესია ტოტალიტარიზმის წყაროდ კი არა ოკეანედ იქცა“

რელიგია და პოლიტიკა საქართველოში მჭიდროდ „თანამშრომლობენ“. აღნიშნული თანამშრომლობა თავის შედეგებს აჩვენებს, რომელთაც სხვადასხვა შეფასება ეძლევა. საინტერესოა რა შეფასებას აძლევენ პროფესიონალი რელიგიათმცოდნეები მიმდინარე მოვლენებს საქართველოს რელიგიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. newpress.ge-ს სტუმარია რელიგიათმცოდნეობის მაგისტრი, ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზელიმხან უძილაური.

- მარტივი ჭეშმარიტება რომ გავიხსენოთ: „ხე ნაყოფით შეიცნობა“. ნაყოფით თუ ვიმსჯელებთ მაინც რა „ხე“ დარგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“?

ეს „ხე“ დემოკრატიული სახელმწიფოა. მისი ფესვებია პრინციპულობა, რაციონალიზმი, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი, სამართლებრივი სახელმწიფო (რაც თვითნებობას მიჩვეულებს ”მოძალადეობა” ჰგონიათ) და რეალპოლიტიკა...

- ბიძინა ივანიშვილს სოციალისტად მიიჩნევენ, თუ ეს ასეა, ხალხმა ვინც მის კოალიციას მხარი დაუჭირა, რაღაც თვალსაზრისით, სოციალიზმს დაუჭირა მხარი. ამასთან საქართველოში არმენოფობია, თურქოფობია, ჰომოფობია და ა.შ. ფრიად ფეხმოკიდებულია, მეტისმეტად თვალშისაცემია რელიგიური ობსკურანტიზმიც. შეიძლება გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც დავსვამ ამ კითხვას, ზემოთქმულის გათვალისწინებით, რამდენად ვუნათესავდებით „მართლმადიდებლურ ნაციონალ-სოციალიზმს“?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიძინას მოკავშირეები აღმოჩნდნენ ყველაზე ობსკურანტი (ბნელები ბნელებს შორის!) სამღვდელოება, შოვინისტები, პრივილეგიებს მიჩვეულნი, კრიმინალები და დახმარების მოიმედე გლეხები, ეგ კითხვა სწორადაა დასმული და პასუხიც მანდვეა. შესაძლებელია უფრო უარესიც: სოციალიზმი აქ ვერ იხეირებს ლუკაშიზაციის გარეშე. და საპატრიარქოც ხომ ტოტალიტარული ინსტიტუტია, ამიტომ მხარდამხარ ივლიან ქვეყნის დე-დემოკრატიზაციისა და დესეკულარიზაციის ეკლიან გზაზე! :)

- მიჩნეულია, რომ გაუნათლებელი ხალხის მართვა იოლია. მაგრამ ხალხის ხელოვნურად „დაბნელების“ მცდელობა, შესაძლებელია, არც ისე უხიფათო აღმოჩნდეს „დამბნელებელთათვისაც“. ამის გათვალისწინებით, რატომ არ მოხდა როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფალთა მხრიდან განათლების პრიორიტეტულ სფეროდ ქცევა?

ყოფილი საერო ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა განათლების წასახალისებლად, მაგრამ ეკლესიის დესტრუქციული და დამბნელებელი ენერგია იმდენად მოზღვავებული იყო, რომ წალეკა დემოკრატიის ყველა მონაპოვარი და სათავეში ისევ საბჭოურ-პოსტსაბჭოური ელიტა თუ ნაძირლობა დაბრუნდა! მასა ვერაფერს იზამს, დათრგუნავენ. საბოლოოდ გამოაჩერჩეტებენ...თან გააძღებენ ცოტათი! :)

- რატომ აშინებთ თავისუფლება, სუვერენულობა, გნებავთ მარტოობა ქართველი ინტელექტუალების დიდ ნაწილს და (რეალურ) სასულიერო პირებს? ანუ სწორედ იმ ხალხს ვინც ჭეშმარიტებასთან ახლოს დგას (ჭეშმარიტება კი ათავისუფლებს მოგეხსენებათ). რატომ ეკედლებიან რაღაც ძალებს?

ამ კითხვის ფორმულირება არ მომწონს. ინტელექტუალებს თუ თავისუფლების ეშინაით, ისინი არ ყოფილან ინტელექტუალები. არამედ პოზიორობენ. რაც შეეხება სამღვდელოებას, ისინი საზოგადოებაში ყიდიან ფანატიზმს, ანუ მონურ მენტალიტეტს და ამით საკუთარ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ. პრაგმატისტული მოსაზრების გამო ეკედლებიან ბიძინას ან მედვედევს, თორემ ქრისტიან-დემოკრატებს თეორიულად უფრო პროეკლესიური პროგრამა არ ჰქონდათ?! მეტ ფულსაც კი ჰპირდებოდნენ, მაგრამ მილიონებს მილიარდი სჯობია. მოუსმინეთ ინტერვიუსპატრიარქის მდივანთან, მიქაელ ბოტკოველთან, გადაკვრით მილიარდებზეა საუბარი...

- რა ფუნქცია აკისრია (ან რა ფუნქცია უნდა იკისროს) საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 21-ე საუკუნის საქართველოში და რა როლს კისრულობს რეალურად იგი?

მოგეხსენებათ, რომ შუასაუკუნეებში სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელი იყო, რბილად რომ ვთქვათ, ეკლესიას დაწესებული ჰქონდა მეურვეობა ადამიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. დღევანდელი საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში დასავლური, ცივილიზირებული თუ როგორც ზოგჯერ ამბობენ, ცივილური საზოგადოება ემყარება უპირველეს ყოვლისა, სეკულარიზმის, საეროობის პრინციპს, რაც არც მეტი არც ნაკლები, გამოიხატება ადამიანის განთავისუფლებაში ზემოთნახსენები მეურვეობისგან.

მიზეზთა და მიზეზთა გამო მოხდა ისე, რომ პოსტსაბჭოურ საქართველოში ეკლესიამ განუზომელი ავტორიტეტი, რეალური ძალაუფლება და ნდობა მოიპოვა. ამიტომ, დაირღვა საზოგადოებრივი ცხოვრების ბალანსი და მიუხედავად ცივილიზებული სამყაროსკენ სახელმწიფოებრივი მისწრაფებისა, ნელ-ნელა აღმოვჩნდით ისევ შუასაუკუნეობრივი საზოგადოების ყოფაში. ფაქტობრივად დღესაც მიმდინარეობს დესეკულარიზაციის პროცესი.

ამ შემთხვევაში და ამ ფონზე სამწუხაროდ ეკლესია იქცა და გადაგვარდა მაკონტროლებელ -ძალოვან სტრუქტურად. მისი მესვეურები ეწევიან ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტერორს საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინც მათდამი კრიტიკულადაა განწყობილი. ეს ტერორი გამოიხატება დაწყევლებით, ჯოჯოხეთით დაშინებაში, აპოკალიფსური სპეკულაციებით და ა.შ.. სხვაგვარადმოაზროვნეთა თუ სხვა კონფესიების წარმომადგენელთა დარბევა თუ შეზღუდვა იქცა ჩვეულებრივ მოვლენად, რასაც ბოლო ხანებში მომხდარი ნიგვზიანის ამბებიც ადასტურებს.

პირადად მე ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, ვინც ყოფილ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა ეკლესიასთან ალიანსის გამო, მაგრამ ყოფილ ხელისუფლებას ამ მიმართებით ერთი პლუსი ჰქონდა: როცა ექსტრემისტულ-მართლმადიდებლური ჯგუფები ფიზიკურ ძალადობაზეც გადადიოდნენ, საქმეში ერთვებოდა სამოქალაქო სამართალი, რისი დადასტურებაც იყო ექსტრემისტი მღვდლის მკალავიშვილის და მმკ - აქტივისტების დაპატიმრება. დღესდღეობით ამ ფუფუნებას ანუ სამოქალაქო სამართლის უზენაესობას მოვაკლდით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ისევ ნიგვზიანის ამბებით. ეს საშიში სინდრომი და პრეცენდენტია, რაც ფაქტობრივად რელიგიურ ძალადობას, თეოკრატიულ წყობას აკანონებს. რა როლს იკავებს დღეს ეკლესია? ესეც როლი თუა, მაშინ შევაჯამებთ: მადესტაბილიზირებელი, ქვეყნის ნორმალური განვითარების წინააღმდეგ მიმართული, ზოგადად, ანტიდასავლური და ანტიკულტურული როლია. ეკლესია ტოტალიტარიზმის წყაროდ კი არა ოკეანედ იქცა! სხვა უბედურებაა კიდევ საპატრიარქოს კრემლისტურ-რენეგატული გამოხდომები...ახლა კითხვის პირველ ნაწილს დავუბრუნდები. რა როლი უნდა ჰქონდეს დღეს ეკლესიას? აქაც შორიდან მოვუვლით. რომენ როლანმა ზიგმუნდ ფროიდს მისწერა, რომ რელიგიური გრძნობა ოკეანურიაო. შეიძლება ზოგიერთებს მოეჩვენა, რომ ზემოთ ანტირელიგიური განწყობით ვწერდი, მაგრამ მინდა დავამშვიდო ისინი, პირიქით: რელიგიის, როგორც პირადი საქმის, ფენომენის და განცდის მომხრე ვარ. უამისოდ ადამიანიადამიანივერც იქნებოდა. ამ შემთხვევაში, ანუ ჩვენთან ყველაფერი რომ რიგზე იყოს, ეკლესია არაერთი სასიკეთო, სულიერი თუ სოციალური ფუნქციის შეძენას შეძლებდა. მოგეხსენებათ, დღეს ცხოვრების ტემპი მაღალია, ეკლესიას ყველაზე უფრო ერთგვარი დამამშვიდებელი პრეპარატის ფუნქცია უნდა ჰქონდეს. სასულიერო პირი, როგორც სახარებაშია, უნდა იყოს წუთისოფლის მარილი, ნიმუში წესიერების, ღვთისმოსაობისა და განათლებისა... ესეც ოცნებაა...

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.3%
არა - 47.79%
არ იცი - 10.91%
სულ - 678 ხმა