|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯილეხი და ცოფი - რა უნდა ვიცოდეთ დაავადებების შესახებ?

  ჯილეხის და ცოფის ვირუსის შემთხვევები იმერეთში წელს რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა. სეს-ის ინფორმაციით, არის შემთხვები, როდესაც პირუტყვის მეპატრონეები აცრაზე უარს ამბობენ. დაავადებების შესახებ „ნიუპრესს“ ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი  სპეციალისტი ლენა ნინიძე ესაუბრა.  

 

  -  ამ ბოლოს ჯილეხის დაავადება ბევრ ადგილზე დაფიქსირდა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და რა პრევენციული ზომების მიღებაა ხდება ამ დროს?
  -   ჯილეხი მწვავედ მიმდინარე, განაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ინფექციური ზოონოზური დაავადებაა (ჯილეხით ავადდება მრავალი სახის შინაური და გარეული ცხოველი, აგრეთვე ადამიანი).

  რამდენად დიდია დაავადების გავრცელების  კერები და რა სიხშირით ხდება ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება?

-   ჯილეხის დაავადება საქართველოსათვის ენდემურია, ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია ჯილეხით დაავადებული და დაცემულ ცხოველთა 2 000-ზე მეტი სამარხი და მრავლობითი კერა.  ყოველწლიურად ,,ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაცია’’ ქვეპროგრამის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წელიწადში ერჯერადად ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაცია იგეგმება და ხორციელდება შემდეგი რისკების გათვალისწინებით: გადასარეკი ცხოველები, გადასარეკი ტრასების მიმდებარე სოფლები, ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით ადამიანების დაავადების ფაქტები,  მიმდინარე ეპიზოოტიური სიტუაცია, ისტორიული კერები.

მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში ჯილეხი დაფიქსირდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში. ზემოაღნიშნული სოფელი არ მიეკუთვნებოდა ჯილეხის დააავდების მხრივ რისკის ტერიტორიას, ამიტომ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ამ სოფელში არ განხორციელებულა. დაავადების დაფიქსირების შემდგომ სოფელ გუბში (ინფექციის კერაში) განხორციელდა იძულებითი ვაქცინაცია. ვაქცინაცია სულ  1700 სულამდე დააავადების ამთვისებელ ცხოველს ჩაუტარდა, გამოცხადდა კარანტინი და განხორციელდა  დაავადების საწინააღმდეგო ყველა ვეტერინარულ სანიტარული ღონისძიებები: მოეწყო სამარხები, ჩატარდა დეზინფექცია და ა.შ.

-   რა რაოდენობის პირუტყვია ამ ეტაპზე აცრილი?

-   2013 წელს ლაბორატორიულად დადასტურდა ჯილეხის 40 შემთხვევა, 2014 წელს 19, ხოლო მიმდინარე წელს 29 ივლისის მონაცემებით დაფიქსირებულია  ჯილეხის 8 დადასტურებული შემთხვევა. მიმდინარე წლის ამ ეტაპზე ჯილეხზე პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინირებულია 403 799 მსხვილფეხა და 185 859 სული წვრილფეხა პირუტყვი და 2816 სული კენტჩლიქიანი ცხოველი. მათ შორის იმერეთის რეგიონში 31 354 სული მსხვილფეხა, 954 სული წვრილფეხა და 203 სული კენტჩლიქიანი ცხოველი.

-   გამოიყენება თუ არა ჯილეხით დაავადებული პირუყვის ხორცი, ან რძის ნაწარმი? როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში დაავადებული ცხოველის მეპატრონე?

-   ჯილეხით დაავადებული ცხოველის დაკვლა დაუშვებელია, დაავადებული ცხოველის ტან-ხორცი და დაკვლის ყველა პროდუქტი (ტყავი, ნაწლავი, შინაგანი ორგანოები ექვემდებარება განადგურებას(დაწვა/დამარხვას). დაავადებული ცხოველის მეპატრონემ ცხოველის ავადმყოფობის შესახებ დაუყონებლივ უნდა აცნობოს ვეტერინარ სპეციალისტს.

რაც შეეხება ცოფის ვირუსს, რა არის გამომწვევი მიზეზი და რა პრევენციული ზომების მიღება  ხდება ამ დროს?

-   ცოფი ზოონოზური, უკურნებელი ვირუსული ინფექციური დაავადებაა. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი და ადამიანი. ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა: შინაური (ძაღლი, კატა), გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველები და უპატრონო ცხოველები. ყოველწლიურად  ქვეპროგრამა ,,ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის’’ ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წელიწადში ერჯერადად იგეგმება ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 250 000 სული ძაღლისა და კატის ვაქცინაცია, ამ ეტაპზე ცოფზე პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინირებულია 118 084 სული ძაღლი და კატა. მათ შორის იმერეთის რეგიონში ვაქცინირებული 27 274 სული ძაღლი და კატა.  ვაქცინაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ქვეყანაში გარეული ცხოველების ორალური ვაქცინაციის დაგეგმარების და განხორციელების მიზნით.

-    რა სიხშირით ხდება ამ დავაადების საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის ჩატარება?

-    ცოფის დაფიქსირების შემთხვევში ინფექციის კერაში მიუხედავად ჩატარებული პროფილაქტიკური ვაქცინაციისა, ხორციელდება დაავადების ამთვისებელი ყველა ცხოველის იძულებითი ვაქცინაცია, ცხადდება კარანტინი და ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ყველა ვეტერინარულ სანიტარული ღონისძიებები. მიმდიანრე წელს იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა: 4  ძაღლსა და 5  მსხვილფეხა პირუტყვში, ინფექციის კერებში იძულებით ვაქცინაციას დაექვემდებარა დაავადების ამთვისებელი  5827 სული ცხოველი.

-    არის შემთხვევები, როცა მეპატრონეები უარს ამბობენ პირუტყვის ვაქცინაციაზე. რა ხდება ამ შემთხვევაში?

-    ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მეპატრონეებს გადაეცემათ გაფრთხილების ფურცელი, სადაც მითითებულია, რომ ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში ხელის შეშლა სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, გამოიწვევს ოჯახური სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას -500 ლარის ოდენობით.

-    რა რჩევები შეიძლება მივცეთ მოსახლეობას დაავდების თავიდან ასაცილებლად?

-    მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს პირად საკუთრებაში არსებული შინაური ხორცისმჭამელი და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია და გაითვალისწინონ ვეტერინარი ექიმის რჩევები. ჯილეხის, თურქულის, ცოფის დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციები ცხოველებში ტარდება დაავადების გამოვლენამდე.

 

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა