|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

სასჯელაღსრულების სამინისტრო: "ციხეებში პატირმები გააბრუეს"

ციხეებში ჯანდაცვის კუთხით არსებული კრიტიკული ვითარება, გარდაცვილი ათეულობით პატიმარი, ძალადობა პატიმრებზე და  ფსიქოტროპული მედიკამენტებით გაბრუებული პატიმრები- ეს ის საკითხებია, რომლებიც  სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის მიმართულებაზე პასუხისმგებელმა პირმა, არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოებას გააცნო.


არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებას მძიმე ტვირთად აწევს წინა მთავრობის დროს ციხეებში დიდი რაოდენობით მოხვედრილი ფსიქოტროპული მედიკამენტებისაგან გაბრუებული პატიმრების მკურნალობის საქმე.


სასჯელაღსრულების უწყებაში ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლების ცვლილების გარდამავალ პერიოდში ციხეში დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული საშუალებები მოხვდა. ამ ეტაპზე კი მსჯავრდებულები მკურნალობას საჭიროებენ, წინაღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათ სიცოხლეს საფრთხე დაემუქროს.


„პატიმრების ნაწილი გადაყვანილია ნარკოლოგიურ დაწესებულებებში, ნაწილს ადგილზე ვმკურნალობთ. თუ არ ვუმკურნალეთ, მსჯავრდებულები ცუდად დაასრულებენ სიცოცხლეს,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.


თალაკვაძის თქმით, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობის ძირითად წყაროს ძალადობის გარდა, ტუბერკულოზი, "ც" ჰეპატიტი და ციროზი წარმოადგენდა.

დაავადებულ პატიმრებს კი ციხის ექიმები არ მკურნალობდნენ და მსჯავრდებულები სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ  მაშინ გადაჰყავდათ, როდესაც მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენის შანსი არ არსებობდა.


„ამგვარი ვითარების წყალობით ციხეებში 800-მდე პატიმარი გარდაიცვალა. წელიწადში კი დაახლოებით 150-მდე პატიმარი იღუპებოდა. ექიმები ხშირად ძალდობრივ რეჟიმთან თანამშრომლობდენენ და პაციენტისათვის სამედიცინო  დახმარების გაწევა-არ გაწევის საკითხს არა ისინი, არამედ რეჟიმის თანამშრომლები წყვეტდნენ. ამიტომ, ციხის ექიმების მიმართ საზოგადოებაში ერთგვარი სტიგმა ჩამოყალიბდა,“ - ამბობს თალაკვაძე.


სასჯელაღსრულების უწყებაში ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელის თქმით,  3 თვის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებში ციხეებიდან 4 000-მდე პატიმარი გადაიყვანეს. ხოლო ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 75 შემთხვევიდან 25 შემთხვევამდე შემცირდა.


გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის თქმით, უწყებაში არსებობს კომისია, რომელიც მძიმედ ავადმყოფი პატიმრების სასჯელისაგან გათვისუფლებას ახორციელებს.

„ჩვენი რეკომენდაციით 150 პატიმარი გათვისუფლდა, როდესაც 4 წლის განმავლობაში იგივე კომისიას არც ერთი პატიმარი არ გაუთავისუფლებია. ჩვენ ასევე დავიწყეთ ტუბერკულოზის მკურნალობა. მტკიცდება ც ჰეპატიტის მკურნალობის ფედრალური პროგრამა. წინა ხელისუფლების დროს ციხეებში  ც ჰეპატიტზე ტესტირება იბლოკებოდა, რადგან  მისი გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფოს მსჯავრდებულების მკურნალობის ვალდებულება ეკისრებოდა,“ -  ამბობს თალაკვაძე.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე