|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"საშინაო დავალება" საქართველოს ევროპული არჩევანისთვის

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმება, ფინალურ ეტაპზეა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, პრემიერ-მინისტრისგან მიღებული დავალების ანახმად, მათთვის ერთ-ერთი მთავარი ვექტორი პოლიტიკაში, ევროინტეგრაცია და ევროკავშირია. თუმცა, მიზნის საბოლოო მიღწევა, როგორც თავად  განმარტავენ, ჯერ ე.წ. "საშინაო დავალება"  უნდა შსრულონ.

ხელისუფლების სამომავლო გეგმებს, ევროინტეგრაციის საკითხებში,  ეჭვით უყურებენ საპარლამენტო უმცირესობაში მყოფი პოლიტიკოსები. ისინი, ამჟამინდელ ხელისუფლებას დასავლური ორიენტაციდან გადახვევაში ადანაშაულებენ.

ასეთივე შინაარსისაა სტუდენტების გარკვეული ნაწილის გზავნილიც ხელისუფლებისადმი. რომლებმაც  რამოდენიმე დღის წინ, პარლამენტის შენობასთან ინსცენირებული აქცია გამართეს სლოგანით - "ჩვენ ვირჩევთ ევროპას".

თუმცა, მთავარი პოლიტიკური ძალა ამტკიცებს, რომ ევროპა და ევროინტეგრაცია მათი არჩევანიცაა. "ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ. მაგრამ იქამდე, რთულ საშინაო დავალებას უნდა გავართვათ თავი. რაც ქვეყანაში სამხედრო, პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას გულისხმობს," - ამბობს საქართველოს პარლამენტის ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ხელისუფლების მთავარი სამუშაო არეალი, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევაა.

"ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და ახლა პრაქტიკულად, ფინალურ ეტაპზეა ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება.  პარალელურად, ჩვენ ასევე დავიწყეთ სამოქმედო გეგმის შესრულება ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით,“- განმარტავს დოლიძე.

ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სრული წარმატების მისაღწევად, აუცილებელია, საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. "თუ გვინდა ევროკავშირში შევიდეთ, კანონმდებლობაც ანალოგიური უნდა გვქონდეს. მართალია, "ნაციონალები" თავიანთი პიარის სასარგებლოდ, ევროპასთან ზურგის შექვეცას გვაბრალებენ, თუმცა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და მათ პროვოკაციას არ ვაქცევთ ყურადღებას,“  - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, თავისი წვლილის შეტანას, როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაც ცდილობს. "ხშირად არ არის საკმარისი ინფორმაცია ხალხში,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ამიტომ, "ნატოს" თბილისის წარმომადგენლობასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს, სტუდენტებისთვის  ინფორმაციული ტიპის სემინარები ჩავატაროთ. რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი, დავით მეგრელიშვილი. მისივე თქმით, საქართველოში ევროპული იდეების რეალურად განხორციელებამდე,  აუცილებელია,  მოსახლეობის მენტალურად მომზადება.

ქართულ მენტალობას, როგორც ევროინტეგრაციის პროცესში ერთ–ერთ შემაფერხებელ ფაქტორად, როგორც ირკვევა, სტუდენტებიც მიიჩნევენ. "ვფიქრობ, ევროინტეგრაციაზე და დასავლეთზე  პრეტენზია მაშინ უნდა გვქონდეს, როცა აზიატობა აღარ იარსებებს და შეიცვლება ქართველების მენტალიტეტი და  ცხოვრების წესი,“ – ამბობს სტუდენტი ანა კამლაძე.

სტუდენტების ნაწილის აზრით, კი საქართველოს ევროინტეგრირების შემაფერხებელი პრობლემა, ახალგაზრდების მხრიდან, ინტერესის ნაკლებობაცაა. "ახალგაზრდების დიდი ნაწილის ცნობიერება, სამწუხაროდ არც ისე მაღალ დონეზეა. არიან ისეთები, ვისაც ევროინტეგრაცია უნდათ, თუმცა არ იციან რატომ. მაგრამ ამავდროულად, არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტიური მოქალაქეებიც, რომლებიც ასეთ საკითხებზე ინტენსიურად მუშაობენ", – ამბობს ანა კამლაძე.

ქუთაისში მოქმედი ერთ–ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ქუთაისის "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრია". არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, 2012 წლის დეკემბრიდან ახორციელებენ პროექტს – "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – გზა ევროინტეგრაციისკენ“. "სამოქალაქო საზოგადოების აქტივობისთვის ვაწყობთ საინფორმაციო ტიპის შეხვედრებსა და ტრენინგებს, რაც მიმართულია ევროინტეგრაციის საკითხებში საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობისთვის," –   ამბობს პროექტის კოორდინატორი ნათია ნამიჭეიშვილი. ქუთაისის "განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრში" მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, საზოგადოებას ქონდეს კონკრეტული და არა ზედაპირული წარმოდგენა საქართველოს ევროპულ არჩევანზე.

ავტორი: ანა ჯანაშია