|
  • EUR 1 = GEL 3.596
  • USD 1 = GEL 3.2816
|

ქუთაისის თვითმმართველობამ საკუთარი ქონება უვადოდ გასცა

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში არსებულ ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს, „მადლიერების სახლსა" და ბოტანიკურ ბაღს, თავიანთი ქონება, უსასყიდლო უზუფრუქტის სახით უვადოდ გადაეცათ.

ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი ვალერი თევდორაძის თქმით, აღნიშნული უწყებებისთვის, ამ ფორმით ქონების გადაცემით, მანამდე არსებული ფორმალურად მოუწესრიგებელი მხარე, იურიდიულ ჩარჩოებში მოექცა და მოწესრიგებული სახე მიიღო.

დგილობრივმა თვითმმართველობამ, 2011 წლის 6 იანვარს, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება"  ჩამოაყალიბა, რომელშიც ფილიალის სახით 35 ბაგა-ბაღი შევიდა.

გაერთიანების იურისტი გივი გოცაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღებისთვის ქონების გადაცემა დღის წესრიგში ააიპ-ის ჩამოყალიბების შედეგად დადგა. თუმცა, მათზე ქონების გადაცემის პროცესი, ჩამოყალიბებიდან საკმაოდ გვიან, წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 7 მარტს მოხდა.

როგორც იურისტი აცხადებს, პროცესი ბაგა-ბაღებში არსებული საზღვრების დადგენის გამო გაჭიანურდა. საზღვრების დადგენის პროცედურებს კი ქუთაისის მერია კურირებდა.

"მერიამ, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ ეს ქონება გადმოეცა ჩვენთვის. სხვა რაიმე ტიპის დამატებითი უფლებები არ გვაქვს, მესაკუთრესთან, ქუთაისის მერიასთან შეთანხმების გარეშე. შესაძლებელია, იდეაში, ეს ქონება იჯარითაც გავცეთ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მესაკუთრესთან შეთანხმება," - განმარტავს გივი გოცაძე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი უზუფრუქტის ფორმით ქონების მიმღებს, მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე, მისი გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის და იჯარით გაცემის უფლებას არ აძლევს.

საბავშვო ბაღებს ქონება უვადო უზუფრუქტით იმ დრომდე გადაეცათ, ვიდრე ბაგა-ბაღების გაერთიანება ააიპ-ს ფორმით იარსებებს.

იურისტი გივი გოცაძე განმარტავს, რომ უზუფრუქტის ფორმა იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ააიპ გაუქმდება ან მის ნაცვლად ახალი სუბიექტი ჩამოყალიბდება.

რაც შეეხება ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს, იგი გასულ წლამდე ილიას უნივერსიტეტის საკუთრებას წარმოადგენდა. 2012 წელს კი ბაღი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადავიდა და დამოუკიდებელი ააიპ „ქუთისის ბოტანიკური ბაღის" სახით  ჩამოყალიბდა.

მიმდინარე წელს ააიპ ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო, ხოლო მის ხელმაძღვანელად ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი დაინიშნა.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ბორის თვალოძე აღნიშნავს, რომ ქუთაისში არსებული უძველესი ბაღი ქალაქის საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს და მასზე ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს.

ბოტანიკურ ბაღს მდინარე წყალწითელას სანაპიროზე 17 ჰა მიწის ფართობი, საცდელი მეურნეობისათვის  გადაეცა, ხოლო ტურბაზა  "ხვამლის" მიმდებარედ - 74 203 კმ.მ მიწის ფართობი, სადაც ბაღის ხელმძღვანელობა მომავალში კავკასიური ფლორის გაშენებას გეგმავს.

2011 წლის ოქტომბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა შპს „მადლიერების სახლმაც" და ააიპ სახით ჩამოყალიბდა. ააიპ „მადლიერების სახლს" 1440,47 კვ.მ შენობა-ნაგებობა, უვადო უზუფრუტის ფორმით, მიმდინარე წლის 9 იანვარს გადაეცა. დაწესებულების დირექტორი ოლეგ კაკურია ამბობს, რომ ამ ცვლილებას მათთვის რაიმე კონკრეტული შეღავათი არ მოუტანია.

„მადლიერების სახლმა" მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 528 000 ლარი 700-მდე ბენეფიციარის კვებისათვის მიიღო. გარდა ამისა, „მადლიერების სახლი" 8 გაიჯარებული ობიექტის შემოსავლებითაც სარგებლობს.   

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე აცხადებს, რომ მისთვის აღნიშნულ პირებზე ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ფაქტები უცნობია. როგორც მღვდელაძე აღნიშნავს, საკრებულოს შესაბამის კომისიებში და არც სხდომებზე, ამ საკითხებზე მსჯელობა არ ყოფილა.

ავტორი: დეა მანაგაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.83%
არა - 47.18%
არ იცი - 10.99%
სულ - 655 ხმა