ლია უკლება - ყველა ერთად შეთანხმდა, რომ შეურაცხყოფა მივაყენე რელიგიურ სიწმინდეებს
ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას ნახატმა „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მძიმე რეაქცია გამოიწვია საზოგადოების ერთ ნაწილში. მათ ნახატს "მკრეხელობის" კვალიფიკაცია მისცეს და შეურაცხყოფები და მუქარები არ დაიშურეს facebook-ში ავტორის მისამართით.
რა იწვევს აგრესიას მხატვრული ნაწარმოების მიმართ? არსებობს თუ არა ტაბუ ხელოვნებაში? რატომ მოქმედებს ორმაგი სტანდარტი „დანდობასთნ“ მიმართებაში?
Newpress.ge-ს კითხვებს პასუხობს მხატვარი და პოეტი ლია უკლება.
- თქვენ რა ახსნას უძებნით იმ საშინელ რეაქციას, რაც საზოგადოების ერთ ნაწილში გააჩინა თქვენმა ნახატმა?
- ნებისმიერი გადახვევა რელიგიური ფუნდამენტალური დოგმებისგან, ჩვენს ქვეყანაში, ასეთ აგრესიას იწვევს და ეს მე არ გამკვირვებია, ანუ ნაწილობრივ წნეხისთვის მზად ვიყავი, ვინაიდან საზოგადოების რაღაც ნაწილი, აბსოლუტურად გაუაზრებლად, ინერციით მოქმედებს. არის კატეგორია, რომელსაც ეშინია ჰქონდეს საკუთარი აზრი, აქვთ ანალიტიკური აზროვნების დეფიციტი და ასე შემდეგ... ამ ადამიანებიდან ყველა ერთად შეთანხმდა, რომ მე შეურაცხყოფა მივაყენე რელიგიურ სიწმინდეებს და სხვა არგუმენტის მოსმენა პრაქტიკულად არ მოისურვეს. ჩემს სიტყვებზე უბრალოდ არ რეაგირებდნენ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენში უმრავლესობისგან განსხვავებული აზრის ქონა ნიშნავს - ბეწვის ხიდზე სიარულს.თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, ჩატში პირადი მიმოწერისას, ადამიანმა შეძლო განსხვავებული აზრის მოსმენა და გააზრება, რის შემდეგაც შეურაცხმყოფელი სიტყვები უკან წაიღო. თუმცა ასეთი შემთხვევა ბევრი არ გახლდათ, ვინაიდან ძნელია ინდივიდუალურად ყველას ელაპარაკო ან მოგისმინოს.
- რამ გააჩინა ამ ნახატის დახატვის სურვილი? რა გახდა მაპროვოცირებელი?
- ამ ნახატის ინსპირატორი იყო ხალხი, ვინც რელიგიის სახელით ათას საზიზღრობას ჩადის, შეუძლიათ გაწირონ, კუთხეში დააყენონ ადამიანი, ჩაქოლონ, მოკლან. მარიამის „თვითმკვლელობის მცდელობა“ არის მესიჯი იმისა, რომ ღირსები ვართ უღმერთოდ დაგვტოვოს. ეს ხუმრობა იყო ჩემი მხრიდან, მწარე ხუმრობა,რომელზეც დაფიქრება გვმართებს.
- მოხდა ნახატის სწორხაზოვანი აღქმა, მისი ავტორის „მგმობელად“ შეფასება და სხვა ინტერპრეტაციის დაუშვებლობა...
- ნახატი წარმოუდგენლად სწორხაზოვნად აღიქვა უმრავლესობამ, საგამოფენო დარბაზში შესაძლებელია ეს არ მომხდარიყო, ვინაიდან გალერეაში მოდის ყოველთვის ის, ვისაც შეუძლია ნახატის ასე თუ ისე სწორად გაგება, აქ კი ნახა ისეთმა ხალხმაც, ვისაც ნახატი, როგორც მეტაფორა, ცხოვრებაში არ დაუნახავს. სწორედ ამიტომ მოხდა ეს. სოციალურ ქსელში ეს სრულიად მოსალოდნელი ფაქტი იყო.
- თუ შეიძლება მხატვრისთვის არსებობდეს ისეთი თემა რისი გამოსახვა, ირონიზება, სხვაგვარი გააზრება არ შეიძლება? თქვენ პირადად თუ ადებთ რაიმეს ტაბუს ხელოვნებაში? თქვენი ტაბუსადმი დამოკიდებულება როგორია?
- ჩემი აზრით მხატვრისთვის არ არსებობს თემა,რომელსაც ტაბუ უნდა დაადოს, თუმცა ტაბუ რომ არ არსებობდეს მე ალბათ არასდროს დავხატავდი რამეს.
- საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ასე განიცდის (ყოველ შემთხვევაში სიტყვით გამოხატავენ შეშფოთებას) პატიმრების წამების ფაქტებს, იგივე საზოგადოება მოწონებით ხვდება 17 მაისის დარბევის ფაქტს. ამ საზოგადოების იგივე „მგძნობიარე“ წარმომადგენელები საშინელებისთვის გიმეტებენ თქვენ კონკრეტული ნახატის გამო. რას ნიშნავს ეს„ სელექციური მგრძონელობა“? ერთის შებრალება და მეორეს დაუნდობლობა?
- ეს არტისტული შეშფოთებები ძალიან სასაცილოა და სატირალიც რა თქმა უნდა. ეს ფასადებია, იგივეა საკუთარ დედას რომ აგინებენ და სხვას დედის შეგინებისთვის რომ კლავენ. პარადოქსია სახელი ჩვენი ერისა!
ავტორი: ეკა კუხალაშვილი