|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

თეატრი თეატრში

ამ „უნივერსალური ენის“ მქონე „პანტომიმის თეატრი“ უკვე 4 წელია, რაც ქუთაისში ფუნქციონირებს. ოთხი წლის მანძილზე 3 სპექტაკლის („ოიდიპოსი“, „მოცარტი და სალიერი“ და „9 აპრილი“) დადგმა და 3 მიწვევის მიღება მოახერხა. მიწვევის, რომელიც თეატრმა ედინბურგისა და მონრეალის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან მიიღო. ქალაქის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო წერილი ფესტივალის მესვეურებიდან, სადაც ისინი ქალაქის ხელისუფლებას თხოვდნენ დახმარებოდნენ თეატრს.  „მხოლოდ გზის ხარჯების ანაზღაურება იყო საჭირო. ყველა დანარჩენ ხარჯს ფესტივალი იღებდა. მხოლოდ იქამდე უნდა ჩაგვეღწია“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე. თუმცა ედინბურგულმა მიწვევამ გული დიდად არ აუჩუყა ჩვენი ქალაქის მესვეურთ. ამის გამო, თეატრს სამივე ფესტივალის გამოტოვება  და სამი დიდი შანსის ხელიდან გაშვება მოუხდა.

სამაგიეროდ გული აუჩუყდათ ქუთაისის ოპერის თეატრში. „პანტომიმის თეატრი“ ოპერის თეატრმა შეიფარა და დაუთმო ოთახი რეპეტიციებისთვის. „ძალიან დაგვეხმარნენ, საკუთარი დარბაზი არ გვქონდა, სამი წლის განმავლობაში ქირას ვიხდიდით. შეიძლებოდა ქუჩაში ვყოფილიყავით და ვერ გვეკეთებინა ჩვენი საქმე“,- ამბობს „პანტომიმის თეატრის“ ხელმძღვანელი.  

თეატრი დღეს საქმის კეთებას ახერხებს. უფრო მეტიც, ოპერის თეატრის სივრცეში ორი თეატრი ფუნქციონირებს, ანუ თეატრი თეატრში ამოქმედდა.

ორი თეატრი ერთდროულად წარდგა მაყურებლის წინაშე ორ საოპერო სპექტაკლშიც. „პანტომიმის თეატრმა“ სანახაობრივად გაამდიდრა „ჯამბაზების“ ქუთაისური პრემიერა და მრავალფეროვნება შესძინა ახალი რედაქციით დადგმულ „მინდიას“.

თეატრი ახალ სპექტაკლზე მუშაობს, თუმცა ფინანსური შეფერხებები აქაც იჩენს თავს. „როცა საკუთარი შენობა არა გაქვს ცოტა უხერხულია რაღაც გრანდიოზული სპექტაკლის დადგმის წამოწყება. კულტურის სამსახურს მგონი არა აქვს იმდენი თანხა, რაც სპეტაკლის დადგმას ჭირდება, სრულყოფილად ვერ დაგიფინანსებს. ამიტომ გვიჭირს ახალი სპექტაკლის დაწყება, იქ მხატვარი გჭირდება, დეკორაცია, ხარჯი უნდა გაითვალისწინო. ბიზნესმენს კი ძალიან უნდა უყვარდეს თეატრი, რომ დაგიფინანსოს. ხელოვნების ასეთი მოყვარული კი ვერავინ ვნახეთ, ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.

 სამაგიეროდ ხელოვნების მოყვარულნი ყავს თავად „პანტომიმის თეატრს“, რაც შესაძლებლობას აძლევს ფინანსური კრიზისების პირობებში არ გაჩერდეს და ფორმა შეინარუნოს. „პანტომიმის თეატრის მსახიობობა დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან არის კავშირში. ყოველ დღე სამსაათიანი ფიზიკური ვარჯიში გვინდა, რომ სულ ფორმაში ვიყოთ. მსახიობები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ, ელემენტარულსაც ვერ იღებენ. ჩვენ საქმის მიმართ სიყვარული გვაძლებინებს, ფარ-ხმალს არ ვყრით და ვახერხებთ, რომ გვქონდეს ქალაქში პანტომიმის თეატრი, რომელიც ფასეულის შექმნას ცდილობს“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი