|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული ანბანი - მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი

წიგნი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, ინდოეთშია დამზადებული. მისი ჩანაცვლების შესაძლებლობა კი გამომცემლობა "მინიატურას" მიერ "შეკერილ" ორმილიმეტრიან ქართულ ანბანს გაუჩნდა.

ინდოეთში დამზადებული წიგნისგან განსხვავებით, ქართული ანბანი ხელნაკეთია. საკუთარი "ნახელავის" შესახებ, წიგნის ერთ-ერთი შემქმნელი, ქეთი ლაზარაშვილი საუბრობს. 
"დაახლოებით, 2 წლის წინ დავინტერესდი, რომელი იყო მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი. აღმოვაჩინე, რომ ის ინდოეთშია დამზადებული და მისი ზომებია: 5 მმ X 5 მმ-ზე. ამის შემდეგ, მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ ფიქრი, როგორ დაგვეძლია ეს რეკორდი. მუშაობის პროცესში რამდენიმე ათეული წიგნი გაგვიფუჭდა. მასალაზეც შეგვექმნა პრობლემა. ვაპირებდით, 3 მმ X 5 მმ ზომის წიგნი შეგვეკერა და არსებული რეკორდი ოდნავ მაინც დაგვეძლია. თუმცა, წვალებ-წვალებაში ბევრად პატარა წიგნი გამოგვივიდა. რომლის ზომა 2 მმ X 2მმ-ზეა. თანაც, წიგნი ხელნაკეთია," – ამბობს ქეთი ლაზარაშვილი.  
გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად,  2 მმ-იან ქართულ ანბანს,  როგორც ირკვევა, მხოლოდ ერთი ეტაპი დარჩა გადასალახი.
"წიგნის მონაცემები საზღვარგარეთ დაახლოებით 2 თვის წინ გავგზავნეთ. მათგან მოგვდიოდა უამრავი წერილი და შეკითხვა. თავდაპირველად გვეკითხებოდნენ, შემთხვევით, ზომები ხომ არ შეგეშალათო. გვწერდნენ, რომ შეუძლებელია, ადამიანის ხელმა ასეთი პაწაწინა წიგნი შექმნასო. ბუნებრივია, ყველა მათ კითხვაზე პასუხი გაგვაჩნდა და შედეგად, მივიღეთ სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც, პირველი ეტაპი გადავლახეთ. რაც შეეხება მეორე ეტაპის გადალახვას,აქ ორი არჩევანი გვაქვს: თუ ჩვენ გადავიხდით 7.000 აშშ დოლარს, გინესის კომისია საქართველოში ჩამოვა და წიგნს ადგილზე ნახავს. მეორე ვარიანტის მიხედვით, უნდა დავაკმაყოფილოთ ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ აქვთ დადგენილი. მათ შორის, წიგნი უნდა იყოს გამოცემული 101 ტირაჟით, შესრულებული მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე და ახლდეს რამდენიმე ადამიანის ნოტარიუსით დამოწმებული თანხმობა, რომ ეს წიგნი ნამდვილად იხილეს," – ამბობს ლაზარაშვილი. 
მისივე თქმით, ის დახმარებისთვის აპირებს  კულტურის სამინისტროს მიმართოს.
"ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი იქნება ქართული და უფრო მეტიც - ეს იქნება ქართული ანბანი. შესაბამისად, იმედი მაქვს სამინისტრო ფინანსურად  დაგვეხმარება," – განმარტავს ლაზარაშვილი. 
წყარო: ჟურნალი "გზა"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა