|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაუმჭვირვალე საჯაროობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო დაწესებულებებიდან ახორციელებს. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებისგან გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსების ხარჯვის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ითხოვდა. თუმცა, საჯარო დაწესებულებებმა მას არასრულყოფილი ინფორმაცია ვადის დარღვევით მიაწოდეს. www.opendata.ge-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბიუჯეტის გრაფაში არ მოიძებნა ინფორმაცია ჭიათურის, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების შესახებ. ამიტომ, აღნიშნული საჯარო დაწესებულები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის ორგანიზაციამ სერტიფიკატებით „დააჯილდოვა". აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაცია ერთმანეთის იდენტურია. მასში დაწესებულების ბიუჯეტის 6 თვის ბალანსი, ამავე პერიოდში მოხმარებული საწვავის, ტრანსპორტის ექსპლუატაციის მიზნით ათვისებული თანხების, კომუნიკაციის, მივლინებებისა და 1 წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო და პრემიების ფონდის შესახებ არის საუბარი. მათგან განსხვავებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წერილი ორგანიზაციის მოთხოვნაზე, რომელიც შედარებით ვრცელია და დანართის სახით ბიუჯეტის პროექტსაც მოიცავს. როგორც წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, 2011 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოსაგან 1 496 800 ლა¬რი მიიღო. დაწესებულების საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ 6 თვეში სატელეფონო საუბრებზე 1036 ლარი დაიხარჯა. ამავე პირების მიერ დროის აღნიშნულ მონაკვეთში ქვეყნის შიგნით და მის გარეთ გაწეული სამივლინებო ხარჯები 1 277 ლარს შეადგენს. მათზე ირიცხება ორი ავტომობილი, „ნივა" და „მერსედესბენცი". ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მსგავსად, მწირია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც. ტყიბულის მაგალითზე გასული წლის 6 თვის ბიუჯეტი 1 692 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე ორი ავტომანქანა ირიცხება (მოდელი მითითებული არ არის). 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა 13 100 ლა¬რის საწვავი აითვისეს. როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში 85 საშტატო ერთეული და 4 უშტატო თანამშრომელი იმყოფება. პირველ და მეორე კვარტალში მათზე ხელფასის სახით 213 600 ლარი გაიცა, ხოლო პრემიის სახით - 34 300 ლარი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, იმერეთის რეგიონში ყველაზე მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე "პარლამენტართა ქალაქად" წოდებული წყალტუბოა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2011 წლის 6 თვის საბიუჯეტო ასიგნება 515 729 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის გამგებელზე 1 ავტომანქანა ირიცხება. 6 თვის განმავლობაში გამგეობაში 24 271 ლარის საწვავი აითვისეს, ხოლო ავტომობილების ექსპლუატაციის ხარჯმა 1 353 ლარი შეადგინა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 150 შტატიან თანამშრომელსა და 1 უშტატო მოხელეზე წლის განმავლობაში ხელფასის სახით 260 063 ლარი გაიცა, ხოლო პრემიებზე 44 946 ლარი დაიხარჯა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 6 თვის ბიუჯეტი 468 900 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე 4 ავტომანქანა ირიცხება. ჩინოვნიკებმა 6 თვის განმავლობაში 12 609 ლარის საწვავი გამოიყენეს, ხოლო ამავე პერიოდში ავტომობილების რემონტის ხარჯებმა 4 110 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციაში 105 საშტატო ერთეულია და 22 შტატგარეშე მოსამსახურე იმყოფება. პირველ და მეორე კვარტალში მუნიციპალიტეტში ხელფასის სახით 193 464 ლარი გაიცა. პრემიების მოცულობამ კი 29 340 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მივლინებას 400 ლარი მოხმარდა, ხოლო სატელეფონო ხარჯმა 5 040 ლა¬რი შეადგინა. ბაღდათის ბიუჯეტს მცირედით აღემატება თერჯოლის მუნიციპალიტეტის 6 თვის ბიუჯეტი, რომელიც 497 600 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში საავტომობილო საწვავისა და სატრანსპორტო საშუალების შეკეთების თაობაზე მუნიციპალიტეტმა 2 სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა. თანამდებობის პირებზე 3 ავ¬ტომანქანა ირიცხება. 6 თვის განმავლობაში ჩინოვნიკებმა 8 064 ლარის საწავავი აითვისეს, ხოლო ავტომანქანების ექსპლოატაციას 4 070 ლარი მოხმარდა. გამგეობაში 141 შტატით გათვალისწინებული კადრი და 3 შტატგარეშე თანამშრომელი იმყოფება. მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პირველ და მეორე კვარტალში შრომის ანაზღაურების სახით 336 499 ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან სხვებთან შედარებით ამომწურავია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფორმაცია. ხარაგაულის ბიუჯეტის 2011 წლის 6 თვის დაზუსტებულმა მონაცემმა 1 474 400 ლა¬რი შეადგინა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შესანახი ხარჯები 474 800 ლარით დაფინანსდა. 357 800 ლარი დაიხარჯა შტატით გათვალისწინებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომა 27 200 ლა¬რით ანაზღაურდა. 6 700 ლარი შეადგინა მივლინების ხარჯებმა, ხოლო ტექნიკის მოვლა-შენახვა 57 400 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებს შორის განსაკუთრებული ხელგაშლილობით საჩხერეში გამოირჩევიან. საჩხერეზე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა" არ ვრცელდება. საჩხერის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 6 თვის საბიუჯეტო ასიგნება 2 205 008 ლარს შეადგენს. თანამდებობის პირებზე ორი ავტომანქანა ირიცხება. 6 თვის გან-მავლობაში 21 281 ლარის საწვავი დაიხარჯა. ამავე პერიოდში ავტომობილების რემონტის ხარჯმა 2126 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტში 180 შტატით გათვალისწინებული და 6 შტატგარეშე მოსამსახურეა. პირველ და მეორე კვარტალში მათთვის ხელფასების სახით გაიცა 461 978 ლა¬რი, ხოლო პრემიების ოდე-ნობამ 71 360 ლარი შეადგინა. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის 2011 წლის 6 თვის საბიუჯეტო ასიგნება 450 397 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში საავტომობილო საწვავისა და სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2 სახელმწიფო შესყიდვა განახორციელეს. თანამდებობის პირებზე 4 ავტომანქანა ირიცხება. 6 თვის განმავლობაში გუბერნატორის ადმინისტრაციამ 33 432 ლარის საწვავი გამოიყენა. ავტომობილების რემონტის მიზნით კი 10 206 ლარი აითვისა. ადმინისტრაციაში დასაქმებული 50 შტატიანი და 5 შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების მიზნით წლის განმავლობაში 222 117 ლარი გაიცა. ხოლო პრემიების ოდენობამ 700 60 ლარი შეადგინა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა