|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისი მუნიციპალური კინოთეატრის გარეშე დარჩა

12 სექტემბერს პროექტის „დავუბრუნოთ კინოს მაყურებელი ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნულ პროექტს სამინისტროსთან თანამშრომლობით და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ა(ა)იპ ”კინოკლუბი” ახორციელებს.

ტრენინგს საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის (გორი, კასპი, ყვარელი, სენაკი და ა.შ.) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა მათ შორის არ იყვნენ მონაწილენი ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან. ამის მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების ნაკლები აქტივობა და კინოთეატრისთვის დარბაზის არარსებობა დასახელდა. შესაბამისად, კულტურის სამინისტროს და კინოცენტრის ამ ინიციატივას ქუთაისის თვითმმართველობა არ გამოეხმაურა.  ამიტომ ქუთაისი მუნიციპალური კინოთეატრის გარეშე დარჩა.

სამაგიეროდ, მუნიციპალური კინოთეატრები  იმუშავებს საქართველოს ბევრ რეგიონში.

„კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მოვიდა დრო რომ მაყურებელი დაუბრუნდეს კინოდარბაზებს რეგიონებშიც. ამისთვის აუცილებელია, რომ გვქონდეს კინოდარბაზები. დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ გაკეთდეს რეგიონებში კინოდარბაზები. მუნიციპალიტეტები, რომლებიც ამ იდეით დაინტერესდნენ ჩაერთნენ ამ პროგრამაში. ამ მუნიციპალიტეტმა საკუთარ თავზე აიღეს კინოთეატრისთვის შენობის აღდგენა–რეაბილიტაცია. აპარატურა და ეკრანი კი სამინისტრომ შეუძინა", – აღნიშნა პროექტის კურატორმა, "კინოკლუბის" თავმჯდომარემ თეა გაბიძაშვილმა.

ქუთაისში არსებობს კინოკლუბი და შესაბამისი ინტელექტუალური ბაზა, რომ კინოთეატრმა სახელმწიფოს მხარდაჭერით იმუშაოს. თუმცა ამ რესურსის რეალიზება არც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის პირობებში ხერხდება, – აღინიშნა შეხვედრაზე.

სამაგიეროდ საქართველოს სხვა ხუთი რეგიონის კინოდარბაზები, სახელმწიფომ აპარატურით უკვე აღჭურვა. ათი კი მზადების პროცესშია. 

ტრენინგს სწორედ ამ მუნიციპალიტეტების  კულტურის სამსახურის თანამშრომლები და კულტურის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც უნდა გაუძღვნენ კინოთეატრების მუშაობას თავიანთ ქალაქებში. ისინი გაეცნენ მუნიციპალური კინოს პოლიტიკის და კულტურის ობიექტის მარკეტინგის არსს, რათა შეძლონ მოდერატორების ფუნქციების შესრულება ფილმების ჩვენებებისა და სხვადასხვა კინოღონისძიებების დროს.

პროექტის „დავუბრუნოთ კინოს მაყურებელი ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარე ტრენინგი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი