|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურა ხიზანიშვილი ეროვნული ნაკრებიდან მიდის

განცხადება ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ ფეხბურთელმა სულ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ზურა ხიზანიშვილსა და ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიას შორის გარკვეულ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. 

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ზურა ხიზანიშვილის "ფეისბუქ-მიმართვას" საკუთარი გულშემატკივრებისადმი:

"მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად. დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. 

უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე. მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან, სამწუხაროდ, უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე. 

ამ წლების განმავლობაში 400-მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და თურქეთის უმაღლეს ლიგებში, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მქონია პატივი, ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. 

განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას. არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად."

პატივისცემით, 
ზურა ხიზანიშვილი


წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა