|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ავანტიურისტული" და "ამბიციური" პროექტი – ქუთაისში ხელოვნების აკადემია ფუძნდება

"ქუთაისის კულტურისა და განათლების კერად ქცევის იდეამ და მისიამ ის ნაღმი უნდა გააუვნებელყოს, რომელიც პარლამენტის თბილისში გადატანით შეიძლება აფეთქდეს", - ითქვა შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

15 ოქტომბერს აღნიშნულ ცენტრში ქუთაისის ხელოვნების აკადემიის იდეის პრეზენტაცია  გაიმართა. აკადემიის დაფუძნების ინიციატორებად ქუთაისის ოპერის თეატრი გამოვიდა. კერძოდ, მისი დირექტორი ხატია ვედმედევა, ასევე ევროკავშირის უწყვეტი განათლების ექსპერტი მაგდა ქაჯაია და კულტურული პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი ლია ბუაძე (ისინი ამავდროულად ქუთაისის ოპერის თეატრის განვითარების პროგრამების ავტორებიც არიან). მათ შეკრებილ საზოგადოებას, ქუთაისის კულტურულ ინტელიგენციას,  გააცნეს აკადემიის მიზნები და ხაზი გაუსვეს მისი დაფუძნებისა და არსებობის აუცილებლობას ქუთაისში. 

აკადემია იმ საგანმანათლებლო პროგრამების ამუშავებას გეგმავს, რაც არ აქვს სხვა სასწავლო დაწესებულებებს ქუთაისში.

„ჩვენ არ ვაპირებთ კონკურენცია გავუწიოთ ვთქვათ კონსერვატორიას ან სახელმწიფო უნივერსიტეტს. რა პროგრამებიც არსებობს უნდა მიეცეს მათ გავითარების საშუალება. ჩვენ კი სხვა პროგრამებს ავამუშავებთ", – განაცხადა მაგდა ქაჯაიამ.

შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა განვითარების ფონდის შესახებაც, რომელმაც არა მხოლოდ ოპერას და აღნიშნულ აკადემიას უნდა შეუწყოს ხელი, არამედ ქუთაისში არსებულ ე.წ. კულტურის კერებსაც მისცეს გავითარების საშუალება.

„ფონდის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო და საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ქუთაისის რეალურად გადაქცევა განათლებისა და კულტურის ცენტრად. რითაც ქალაქს დავუბრუნებთ მის ბუნებრივ მდგომარეობას“, – განაცხადა მაგდა ქაჯაიამ. მისი განმარტებით ფონდი დაეხმარება კულტურისა და საგანმანათლებლო, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებს, რომ დაწერონ საგრანტო პროექტები საერთაშორისო ფონდებიდან დაფინანსების მისაღებად.

აღნიშნულ პროექტს "ავანტიურისტული" და "ამბიციური" უწოდა "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა  ზაზა მარუაშვილმა და განცხადა, რომ მიესალმება ამ წამოწყებას. თუმცა" ქალაქის მისია უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული.  ქუთაისი კულტურისა და განათლების ცენტრად რომ იქცეს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა როგორც ცენტრალური და ისე ადგილობრივი ხელისუფლებიდან, სხვანაირად მარტო ფონდის დახმარებით ვერ იარსებებს“, – განაცხადა მარუაშვილმა.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი