|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

სამედიცინო დაწესებულებები მთავარი ექიმების მფლობელობაში გადავიდა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში არსებული კიდევ 4 სამედიცინო დაწესებულება გაასხვისა. აუქციონის გზით, სამი მათგანი (ქუთაისის #3 ბავშვთა პოლიკლინიკა, მეორე სამშობიარო სახლი და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრი) ამავე დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა შეისყიდეს. ხოლო #4 ბავშვთა პოლიკლინიკა სხვა კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდა.

ქუთაისის #3 ბავშვთა  პოლიკლინიკა შპს „ბესტმედ“-მა შეისყიდა, რომლის ხელმძღვანელი ამავე პოლიკლინის დირექტორი კახაბერ ჭონიშვილია. მიმდინარე წლის მარტში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სამედიცინო დაწესებულება  „ბესტმედ“-მა 157 000 ლარად შეისყიდა.

„პოლიკლინიკაში 2005 წლიდან ვმუშაობ. დაახლოებით ერთი წელია დავაარსეთ  შპს „ბესტმედი“, რომელიც სამედიცინო საქმიანობის განსავითარებლად შევქმენით.  რადგან ეკონომიკის სამინისტრომ პოლიკლინიკა აუქციონზე გამოიტანა, გადავწყვიტეთ  მისი შესყიდვა“, - ამბობს ქუთაისის #3 ბავშვთა  პოლიკლინიკის მფლობელი, (ამავე დროს, აღნიშნული სამედიცინო  დაწესებულების მთავარი ექიმი) კახაბერ ჭონიშვილი. როგორც ჭონიშვილი განმარტავს, ის პოლიკლინიკის ერთპიროვნული მფლობელი არ არის:  „ბესტმედს“ ჩემთან ერთად სხვა დამაარსებლებიც ჰყავს“, - აღნიშნავს ჭონიშვილი. თუმცა, მათი დასახელებისგან თავს იკავებს. „ჩვენი მიზანია, გავაფართოვოთ პოლიკლინიკა და იყოს პირველადი ჯანდაცვის საოჯახო ტიპის სამედიცინო დაწესებულება. ასევე, სხვადასხვა სერვისების დამატება გვინდა. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - ამბობს  №3  ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი.

აუქციონის შედეგად, კერძო მფლობელობაში გადავიდა „ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლიც“, რომელიც ამავე დაწესებულების მთავარმა ექიმმა, ზურაბ უგრეხელიძემ  შეისყიდა. 

„ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლი“ შპს „მომავალი 2012“-მა შეისყიდა, რომლის დამაარსებლი ჩემთან ერთად  თენგიზ კოხრეიძეა. ის ამ დროისთვის ჩვენთან ერთად მუშაობს.  შპს „მომავალი 2012“ აუქციონამდე რამდენიმე თვით ადრე დავაარსეთ“, - განმარტავს  ზურაბ უგრეხელიძე.

აღსანიშნავია, რომ  სამშობიარო სახლს მფლობელთან ერთად სახელწოდებაც შეეცვლა. „თავიდანვე ვიყავით მესამე სამშობიარო სახლი, მაგრამ მოხდა ისე რომ მეორედ გადაკეთდა. ახლა კი ძველი სახელი დავუბრუნეთ და  საჯარო რეესტრშიც ასე არის რეგისტრირებული. ანუ, შპს „მომავალი 2012“ შეერწყა ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლს და გახდა შპს „ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლი“, - ამბობს სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი.

„ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლის“ საწყისი გასაყიდი  ფასი აუქციონზე  480 000 ლარი იყო. თუმცა, რამდენად იყიდა სამშობიარო სახლი შპს „მომავალი 2012“-მა  ამას არ აკონკრეტებენ. „საწყისს ფასთან შედარებით მაღალ ფასად შევიძინეთ. კონკრეტულად რამდენად, ეს კონფიდენციალურია“, - ამბობს სამშობიარო სახლის ერთ–ერთი მესაკუთრე  ზურაბ უგრეხელიძე.

„ჩემი დაინტერსების საგანი იყო ამ სამშობიარო სახლის ბედი და აქ არსებული პირობების გაუმჯებესება. ზოგადად ვფიქრობ, რომ  სამედიცინო დაწესებულების მფლობელი ამ სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს. რადგან უკეთ ვიცით რა საჭიროებებია. ჩვენზე უკეთ სამედიცინო დაწესებულებებს ვერავინ მიხედავს“, - აღნიშნავს შპს „ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის“ მთავარი ექიმი ზურაბ  უგრეხელიძე.

აუქციონზე გამოტანილი კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება –  „ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრი“, ასევე, ამავე სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გიორგი მიმინოშვილმა  შეისყიდა. ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრის გასაყიდი საწყისი ფასი 180 000 ლარი იყო, თუმცა, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად  ის 280 000 ლარად გაიყიდა. „უკვე წლებია ვმუშაობ და იმდენი რამ გავაკეთე, ეს ცენტრი  სხვისთვის ნამდვილად არ მემეტებოდა. ამას ვერ დავუშვებდი. მე უკეთ ვიცი ახლა რა სჭირდებები აქვს ამ სამედიცინო დაწესებულებას", – ამბობს   პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მეპატრონე გიორგი მიმინოშვილი.

ზემოთაღნიშნული სამედიცინო დაწესებულებებისგან განსხვავებით, არ გაუმართლა ქუთაისის #4 ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორს გელა გოქაძეს, რომელსაც სურვილი ჰქონდა თავადვე შეეძინა პოლიკლინიკა. თუმცა, აუქციონზე მას კონკურენცია შპს  „ჯანმა“ გაუწია. აღნიშნულმა კომპანიამ პოლიკლინიკა 80 000 ლარად შეიძინა. როგორც  შპს „ჯანის“ წარმომადგენელი დარეჯან პარუნაშვილი განმარატავს, კონკურენცია მაღალი იყო. „საწყისი ფასი 60 000 ლარს შეადგენდა, თუმცა იმის გამო, რომ  ვაჭრობა იყო, 80 000 ლარად მოგვიწია პოლიკლინიკის შესყიდვა", –  განმარტავს დარეჯან პარუნაშვილი.

ავტორი: თეკლა მორგოშია