|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასაფლაოები ცოცხალ ადამიანებზე ორმაგი ფასით იყიდება

ქუთაისში, სასაფლაოები ცოცხალ ადამიანებზეც იყიდება, თუმცა ორმაგი ღირებულებით. არსებული ტარიფებით უკმაყოფილების გარდა, მერიის ბალანსზე არსებულ შპს „ქართულ ტრადიციებს" სასაფლაოებზე ფართის შერჩევით გაცემაშიც ადანაშაულებენ.

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მცხოვრები ლიანა გოცირიძე წლებია მწვანეყვავილას სასაფლაოზე მიწის ნაკვეთს ითხოვს. გოცირიძის ოჯახის ოთხი წევრის (დედა-მამა, მეუღლე და შვილი) ვარდიგორადან მწვანეყვავილას სასაფლაოზე გადასვენება უნდა. „რამდენი ხანია ვიბრძვი იმისათვის, რომ მომცენ ნებართვა მიცვალებულების მწვანეყვავილას სასაფლაოზე გადასვენების. ამ დრომდე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. მეუბნებიან, რომ ეს სასაფლაო პანთეონი არის, მაგრამ სხვისთვის თუ არ არის პანთეონი, ჩემთვისაა?! ისიც ვიცი, რომ წინასწარ არის გაცემული მიწები", - ამბობს ლიანა გოცირიძე. მისი თქმით, მიცვალებულების მწვანეყვავილაზე გადასვენების გადაწყვეტილება სამი წლის წინ, შვილის დაღუპვის შემდეგ მიიღო. გოცირიძე ასევე, ამბობს, რომ ვარდიგორას სასაფლაომდე მისასვლელი გზებიც მოუწესრიგებელია. ლიანა გოცირიძის განმარტებით, სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანია შპს „ქართული ტრადიციებში" უთხრეს, რომ მწვანეყვავილას სასაფლაოზე ჯერ ადგილი შეერჩია, ხოლო ნებართვას ამის შემდეგ მიიღებდა. თუმცა, ლიანა გოცირიძის განცხადებით, ადგილის შერჩევის შემდეგ განუმარტეს, რომ მწვანეყვავილას სასაფლაო პანთეონი იყო, რის გამოც, მიცვალებულების გადასვენების ნებართვას ვერ მისცემდნენ. „ვერ გავიგე მაშინ რატომ მითხრეს რომ ადგილი შემერჩია, თუკი ნებართვას არ მომცემდნენ", - აღნიშნავს ლიანა გოცირიძე. საქმე იმაშია, რომ ქუთაისში არსებულ 12 სასაფლაოს შორის მწვანეყვავილას სასაფლაო ერთადერთი პანთეონია, რომელიც ტერიტორიულად გამიჯნული არ არის იქვე არსებულ საქალაქო სასაფლაოსგან. ქუთაისის მერიის ბალანსე არსებულ შპს „ქართულ ტრადიციებში" განმარტავენ, რომ გოცირიძე მიწის ნაკვეთით მას შემდეგ დაკმაყოფილდება, რაც მწვანეყვავილაზე პანთეონისა და საქალაქო სასაფლაოების გამიჯვნა მოხდება. შპს „ქართულ ტრადიციების" დირექტორის გოჩა მარგველაშვილის განმარტებით, ორგანიზაციამ აღნიშნული მოთხოვნით ქალაქის საკრებულოს მიმდინარე წლის 7 ნოემბერს მიმართა. „მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოხდეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიის მწვანეყვავილას საქალაქო სასაფლაოსგან გამიჯვნა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში. გოჩა მარგველაშვილი ამბობს, რომ სწორედ გამიჯვნის შემდეგ განისაზღვრება, გოცირიძის მიერ შერჩეული ადგილი პანთეონს ეკუთვნის თუ საქალაქო სასაფლაოს. „თუკი ისე მოხდება, რომ ამ მოქალაქის მიერ შერჩეული ადგილი ჩვეულებრივ საქალაქო სასაფლაოს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ნებართვას მივცემთ", - ირწმუნება შპს „ქართული ტრადიციების" დირექტორი გოჩა მარგველაშვილი. მისი თქმით, ქუთაისში ყველაზე მოთხოვნადი მწვანეყვავილას, საფიჩხიის და ძელქვიანის სასაფლაოებია.

X X X

ქუთაისში სულ 12 სასაფლაოა, რომლებიც შპს „ქართულ ტრადიციების" დაქვემდებარებაშია (ავტოქარხნის, ავანგარდის, ქვიტირის, ძელქვიანის, ოღასკურას, გოჭოურის, საფიხიის, კიბულა-ვარდიგორას, ჭომის, რუასა და მწვანეყვავილას სასაფლაოები). სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის ფასი მის ადგილმდებარობაზე არის დამოკიდებული, რომელიც 1 კვ. მ-ზე საშუალოდ, 10 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. სასაფლაოსთვის ფართის ღირებულების გარდა, მიცვალებულის დაკრძალვის ნებართვასა და მესაფლავის მომსახურებისთვის ჭირისუფლმა კიდევ 150 ლარი უნდა გადაიხადოს. ასევე, ცალკე თანხა არის განსაზღვრული სასაფლაოს მოწესრიგების ნებართვისთვის, რომლის ღირებულება 50 ლარს შეადგენს. აღნიშნული ნებრათვა სამ თვის ვადით გაიცემა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ჭირისუფალმა დადგენილ ვადაში სასაფლაოს მოწესრიგება ვერ მოახერხა, მას ახალი ნებართვის აღება მოუწევს. ქუთაისში არსებული სასაფლაოების მოწესრიგების, მისი მოვლა-პატრონობისა და ტარიფის განსაზღვრა საკრებულოს დადგენილებით ხდება. საკრებულოს დადგენილებითვე, სასაფლაოების ცოცხალ ადამიანებზე გაცემა ორმაგი ფასია, ვიდრე, საჭიროების შემთხვევაში. შპს „ქართული ტრადიციების" დირექტორი გოჩა მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სხვაობა ნორმალურია. „მოდიან მოქალაქეები და წინასწარ ყიდულობენ ხოლმე სასაფლაოებს. ასეთ შემთხვევაში მათ ორმაგი ღირებულების გადახდა უწევს. თუმცა, ეს ნორმალიურია და ამაში ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავ", - ამბობს გოჩა მარგველაშვილი. მარგველაშვილისგან განსხვავებით, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები უსამართლობად მიიჩნევენ სასაფლაოებზე არსებულ ტარიფს და წინასწრ გაყიდვას. „ეს რა უბედურებაა. ვადას რომ მაძლევ ჩემი მიცვალებულის სასაფლაოს მოსაწესრიგებად. იქნება არ მაქვს სამ თვეში მისი მოწესრიგების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი მოგონილია იმის გამო, რომ ორგანიზაციაში დასაქმებულ უსაქმურებს ხელფასები ქონდეთ", - ამბობს პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელძღვანელი, გოგი წულია. მისი თქმით, სასაფლაოების ცოცხალ ადამიანებზე გაცემა შერჩევით ხდება. „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები შპს „ქართულ ტრადიციებს" ფასის შემცირებისკენ მოუწოდებენ. გოჩა მარგველაშვილი კი განმარტავს, რომ ფასებს ქალაქის საკრებულო ადგენს. „ვიცით, რომ სანებართვო პირობებთან დაკავშირებით მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან. ამის გათვალისწინებით შეიძლება სამომავლოდ რაიმე ცვლილება მოხდეს", - ირწმუნება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ მეშველიანი.

X X X

ქუთაისის მერიამ შპს „ქართული ტრადიციები" 2011 წლის დეკემბერში დააფუძნა. ორგანიზაციაში ამ დროისთვის 59 თანამშრომელი მუშაობს. რომელთა შორის არიან მესაფლავეები, რომლებიც ქალაქში არსებულ სასაფლაოებს მეთვალყურეობას უწევენ. (თითოეულ სასაფლაოეზე ერთიდან რვა მესაფლავეა გათვალისწინებული). დანარჩენი - ორგანიზაციის ადმისტარციის თანამშრომლები არიან. გოჩა მარგველაშვილი შპს „ქართული ტრადიციების" დირექტორად 2012 წელს დაინიშნა. მან ზვიად ბეშკენაძე შეცვალა. მარგველაშვილის დანიშვნა ხმაურის ფონზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მარგველაშვილი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, გელა გაბადაძის კადრია. გავრცელებული ინფორმაციითვე, სწორედ, გაბადაძის დახმარებით მოხდა მისი დანიშვნა, რასაც გაბადაძე უარყოფს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ორგანიზაციის საქმიანობას და მის ფინანსურ საკითხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტი სწავლობს. ანტიკორუფციული დეპარტამენტი ორგანიზაციის მუშაობით მიმდინარე წლის ივლისში დაინტერსედა. „ზაფხულში შემოვიდა ანტიკორუფციული დეპარტამენტი და ყველანაირი დოკუმენტი წაიღო", - ამბობს გოჩა მარგველაშვილი. შპს „ქართული ტრადიციების" ყოველთვიური საშუალო შემოსავალი 20 000 ლარს შეადგენს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა