|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

ლევან ღამბაშიძე - ქართული საზოგადოების „საყვარელი“ შიში - სიახლის შიშია

ქართულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემათა მრავალფეროვან სპექტრში პერიოდულად იკვეთებიან და ლიდერობენ სხვადასხვა შიშები. შიში, რომლიც მიზეზი ხდება აგრესიული ქმედებების, რისი მოწმეც (შეიძლება მონაწილეც) არაერთგზის შევიქენით.

სადღეისოდ აგრესიულმა გამოხდომებმა რიგი დაჯგუფებების მხრიდან, ადამიანთა რიგ ჯგუფებზე  პერმანენტული ხასიათი მიიღო.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რა წარმოადგენს ქართული საზოგადოების დომინანტ პრობლემას? რით იწონებდა თავს და სადღეისოდ სად მარცხდება ქართველი? რატომ ჯაბნის მითი რეალობას რუსეთთან და ევროპასთან  მიმართებაში?

აღნიშნულ საკითხებზე  newpress.ge-ს ესაუბრება ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის ლექტორი, ლევან ღამბაშიძე. 

- ფობიათა ვრცელი ჩამონათვალიდან ქართულ საზოგადოებას რომელი შეიძლება მივუსადაგოთ?  საქართველოში მაგალითად, ჩემი აზრით, მასიური სახე აქვს ქსენოფობიას, ელევტეროფობიას (თავისუფლების შიში) და ბიბლიოფობიას (წიგნის შიში). თქვენ რის შიშებს ამჩნევთ ქართულ საზოგადოებას, რომელია ყველაზე მეტად თვალშისაცემი?

- ქართული საზოგადოების აღწერისას ბევრ ფობიაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მე მაინც ყველაზე “საყვარელ” ფობიად ნეოფობიას დავასახელებდი. ეს არის სიახლის შიში. ადამიანი ზოგადად ეტრფის იგივეობას, უყვარს სტაბილურობა. შესაბამისად ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს ცვლილებას, სიახლეს და თუკი ამის შესაბამის საფუძველს მივცემთ, შესაძლოა, ეს სიფრთხილე შიშშიც გადაეზარდოს. მაგრამ გვეშინია ჩვენ თუ არა, სიახლე მაინც ხდება და ჩვენ მას ვერ გავექცევით. თუმცა გაქცევის ერთი შანსი მაინც არსებობს: მისი განადგურება. სწორედ ამიტომ ვხედავთ ჩვენ ამხელა ძალადობას ქართულ რეალობაში. ადამიანები იცავენ საკუთარ თავს, საკუთარი ჭეშმარიტების უცვლელობას სხვათა განადგურებით. თავისუფლებაც, წიგნებიც და “უცხო” ადამიანებიც იმდენად არიან პრობლემურები, რამდენადაც გვცვლიან ჩვენ და გვაიძულებენ საკუთარ თავში დავუშვათ რაღაც ახალის არსებობა. ეს კი როგორც უკვე აღვნიშნე პრობლემურია ადამიანისთვის, რომელსაც უცვლელობაზე აქვს პრეტენზია.

შესაძლოა არ იყოს იდეალური მაგალითი, მაგრამ მახსოვს როგორ ვაბიჯებდით ხოლმე ნებისმიერ თანაკლასელს ფეხზე ფეხს, როდესაც მის ფეხზე ახალ ფეხსაცმელს შევნიშნავდით ხოლმე. ფეხსაცმელი უმალ ჭუჭყიანდებოდა, ემსგავსებოდა ძველს, ნახმარს და მალევე ხდებოდა ისეთივე “ჩვეულებრივი” როგორიც ჰქონდა ყველა დანარჩენს. ვფიქრობ ეს რიტუალი კარგად ასახავს იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ხშირად ყველაფერი ახლის მიმართ.

- ათწლეულების განმავლობაში ქართველი თავს იწონებდა თავისი ტოლერანტობით, თავისუფლების სიყვარულით, წიგნიერებით, კულტურით, ქალის პატივისცემით –თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ  სწორედ ამ საკითხებში განვიცადეთ სრული ფიასკო. ტოლერანტობის მითი 17 მაისს, ჭელასა და ნიგვზიანის შემთხვევებს შეეწირა, თავისუფლების მითი რუსეთთან „ჩახუტების სურვილს“, ქალის პატივისცემა ფემინისტების სიძულვილს და ქალზე ძალადობის სტატისტიკას,   წიგნიერება  – წარმოებული გამოკითხვების შედეგად მიღებულ დაბალ მაჩვენებელს და ა.შ. რატომ მოხდა ისე, რომ სწორედ იქ დავმარცხდით, რაშიც ყველაზე ძლიერები გვეგონა თავი?

- მე ვფიქრობ, რომ აქ დამარცხებასთან კი არა უბრალოდ გამოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით სამყაროში, რომელიც მხოლოდ დეკლარირებულად იყო ისეთი, როგორიც იყო და ბუტაფორიულობის ეს თვისება დღემდე დაღად აზის ჩვენს თანამედროვე კულტურას. ხშირად ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვართ ისინი, რანიც ვართ და მეტის მოთხოვნა არც საკუთარი თავისაგან და არც სხვისგან არ გაგვაჩნია. საკუთრ თავს ქრისტიანს ვუწოდებთ, არა და მზად ვართ გავანადგუროთ ნებისმიერი განსხვავებული პიროვნება; გვაქვს ორი დიპლომი და ერთის შესაფერისი ცოდნა არ გაგვაჩნია; გვაცვია ჩოხა, მაგრამ ვიქცევით, როგორც ყაჩაღები; ვამაყობთ ისტორიით და სამი-ოთხი თარიღის მეტი არაფერი გვახსოვს წარსულიდან . . . სიის გაგრძელება სამწუხაროდ კიდევ შეიძლება. მაგრამ ნელ-ნელა ფორმის ეს ბატონობა სუსტდება და ალაგ-ალაგ ვხედავთ ფორმის მიღმა არსებულ რეალურ შინაარსებს. განსაკუთრებით საგრძნობია ეს ახალგაზრდებთან ურთიერთობისას. ისინი ცხოვრობენ იმას, რაც ჩემზე უფროს და ჩვენს თაობას ნასწავლი აქვს მხოლოდ. ტოლერანტობა, თავისუფლება, თანასწორობა უბრალო სიტყვები აღარ არის. ეს უკვე ნაცხოვრები შინაარსებია.

მიმაჩნია, რომ ეს პროცესი კიდევ არაერთი წელი გაგრძელდება და პერიოდულად კიდევ ბევრი “მტკივნეული” სიცხადე მოგვჭვრის თვალს, თუმცა ამის არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა გავაგრძელოთ თავის მოტყუება. ჯობია დროულად დავარქვათ ყველაფერს საკუთარი სახელი, რათა მომავალში მთელი რიგი გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. მაგალითად, ვის მიერაც უნდა ყოფილიყო 17 მაისის დარბევა ორგანიზებული და ვის წინააღმდეგაც უნდა ყოფილიყო ის მიმართული, ეს იყო დარბევა და ადგილი ჰქონდა ძალადობას ადამიანების მიმართ. ეს არის ფაქტი. ან უახლოეს მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, დეკემბრის დასაწყისში ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც თავის თავს მართლმადიდებლად მოიხსენიებს, სცადეს ებრაულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების მსვლელობისთვის ხელის შეშლა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. ეს არის ანტისემიტური აგრესია, აგრესია სხვა აღმსარებლობის მქონე საქართველოს მოქალაქეების მიმართ და შესაბამისად ლოგიკურია, რომ მსგავს აგრესიას ფაშიზმი ვუწოდოთ.  და ასეც უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს ან თუ გამეორდება ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს, რომ მის თვალწინ სხვა რამ მოვლენა ვითარდება გარდა ფაშიზმისა.

-კრიზისებიდან (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, განათლების, კულტურის, ღირებულებების, იდეალების...) ყველაზე მწვავედ რისი კრიზისია დღეს საქრთველოში? რა არის ყველაფრის სათავე?

- ეს ისეთი შეკითხვაა, რომელიც ნაწილობრივ თავის თავშივე მოიცავს პასუხს. ავიღოთ მაგალითად პოლიტიკა. როგორც წესი პოლიტიკოსების რაოდენობას არ ვუჩივით. მაგრამ რამდენი პოლიტიკოსი შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, რომელმაც იცის რას ნიშნავს სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება, ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. ანუ უბრალოდ დეფინიციის დონეზე მაინც რომ იცოდეს ის  ცნებები, რომელსაც როგორც პოლიტიკოსი ხშირად იყენებს ან ისმენს დისკუსიების წარმოების დროს?

მსგავს პრობლემას ვაწყდებით ეკლესიაზე დაკვირვებისასაც. რა ტიპის განათლება აქვთ სასულიერო პირებს? როდის მიიღეს მათ ეს განათლება? ხშირად ვუყურებთ სასულიერო პირს და ვუსვამთ თავს შეკითხვას: რა აქვს მას საერთო ქრისტიანულ სწავლებასთან? სწორედ ისევე როგორც პოლიტიკოსის შემხედვარე ვფიქრობთ იმაზე, თუ საიდან, რა მანქანებით შეძლო მან პოლიტიკოსის სტატუსის მოპოვება.

მიუხედავად ამ არც თუ სახარბიელო სიტუაციისა, არც ისე დრამატულად არის საქმე, როგორც ხშირად ჩანს ხოლმე.

ერთი მხრივ განათლების რეფორმამ და მეორე მხრივ სტუდენტებისათვის გახსნილმა საზღვრებმა შესაძლებელი გახადა რეალურად განათლებული ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბება. ამან შეცვალა თავად საზოგადოება, რომელიც ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა სხვადასხვა “სფეროს სპეციალისტისა” თუ “ექსპერტის” მიმართ. ეს პროცესი აუცილებლად უბიძგებს სისტემებს გარდაიქმნან და ეს გარდაქმნა აუცილებლად იქნება უკეთესობისკენ მიმართული. ვფიქრობ სწორედ მსგავსი პროცესი, რომელიც განათლებით იწყება იქნება ნებისმიერი მიმართულებით კრიზისიდან გამოსვლის რეალური საშუალება.

- როგორ და რატომ  ახერხებენ მარტივი და პრიმიტიული დემაგოგიით, მარტივი ხატების (მტრების თუ წმინდანების) შექმნით ადამიანების მანიპულირებას საქართველოში?

- მანიპულაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის, ვისითაც მანიპულირებენ ამის საშუალებას იძლევა. საშუალებას კი ის იძლევა ყოველთვის, როდესაც არ ფიქრობს. ეს კი არა ქართველის, არამედ ზოგადად ადამიანის თავისებურებაა. მარტივი დემაგოგია ზეგავლენას ახდენს არმოფიქრალ ადამიანზე საქართველოშიც, გერმანიაშიც, რუსეთშიც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც.

მე ამ შემთხვევაში სხვას არ განვიკითხავ. ვამბობ იმას რაც მეც არაერთხელ დამმართნია სამწუხაროდ. ყოველ ჯერზე, როდესაც ფიქრისათვის დროს არ ვიღებ, ვზრდი საშიშროებას, რომ ვიმოქმედო ისე, როგორც ეს სხვას უნდა და არა ისე, როგორც შეიძლება მე მემოქმედა რომ დავფიქრებულიყავი. დემაგოგია კი მომხიბვლელია, რამდენადაც ხშირად ძალიან გამართულად, ლოგიკურად და შესაბამისად დამაჯერებლად გამოიყურება. თუკი ჩვენ ამ დამაჯერებლობას ვენდობით, ამის საფუძველზე ვაღიარებთ ამა თუ იმ მოსაზრებას ჭეშმარიტად და აღარ ჩავთვლით საჭიროდ, რომ თავად ვიაზროვნოთ ყოველთვის განწირულები ვიქნებით, რომ ვიღაცა ჩვენ საკუთარი მიზნებისათვის გამოგვიყენებს. თვითაზროვნება ყველაზე უებარი წამალია დემაგოგიისაგან თავის დასაღწევად.

- რუსეთთან 200 წლიანი „თანაცხოვრების“ შემდეგ, სულ ცოტა 200 მიზეზისა და რეალური ფაქტის მოტანა მაინც შეიძლება, თუ რატომ არ უნდა ენდო რუსეთს. დასავლეთთან მიმართებაში ასეთი ფაქტები თითქმის არ არსებობს, არის მხოლოდ მითები მისი „გარყვნილების“ შესახებ. მაგრამ მაინც -  რატომ ჯაბნის გაურკვეველი მითი რეალურ ფაქტებს და რატომ თვლის დღეს ბევრი რიგითი ქართველი, რომ დასავლეთი უფრო საშიში და ცუდია, ვიდრე რუსეთი?

- ქართველების რუსეთთან დამოკიდებულება ძალიან მრავალგვარად შეიძლება იქნას განხილული. მე სამი ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზოთ.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელსაც მეტწილად იზიარებს მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა. ამ პოზიციის თანახმად, რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და ჩვენი მასთან კავშირი ლოგიკურია. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ლოგიკური, თუკი ჩვენ მართლმადიდებლად ყოფნას ქართველად ყოფნაზე მაღლა დავაყენებდით. ჩემთვის, როგორც ქართველისათვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება საშიშად არ მიმაჩნდეს ქვეყანა, რომელმაც (რომ არ ვახსენოთ საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, რომელიც მე უშუალოდ არ მახსოვს) ხელი შეუწყო ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტების გაღვივებას, სცადა სტაბილურად კრიზისული სიტუაციის შენარჩუნება, უშუალოდ და დაუფარავად განახორციელა სამხედრო აგრესია, მიიტაცა ტერიტორიები და უკანონოდ გამოასახლა მრავალი ათასი საქართველოს მოქალაქე აღნიშნული ტერიტორიებიდან. ასეთი აღწერით რუსეთი რა თქმა უნდა ჩვენი მტერია, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის საზიანოა.

მაგრამ, არსებობს მეორე აღწერაც, რომლის თანახმადაც მიმდინარეობს ერთგვარი ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა რუსეთი ჩვენი მოკავშირეა. მეტიც - ერთადერთი მოკავშირე, რომელსაც შესწევს რეალური ძალა გაუმკლავდეს მართლმადიდებლობის მტრებს. ასეთებად ასახელებენ: გლობალისტებს, სოდომისტებს, LGBT-ებს, ევროპელებს, ამერიკელებს, ლიბერასტებს, ლიბერალებს . . . სია აქაც ძალიან გრძელი და ძალიან გაუგებარია. როგორც წესი მსგავსი წარმოდგენები აბსოლუტურ ფანტაზიებს ეფუძნება, მაგრამ სწორედ იმდენადვეა დამაჯერებელი, რამდენადაც აპელირებს ზოგიერთი ადამიანის სხვადასხვა შიშებზე. 

ანუ რომ შევაჯამოთ, სინამდვილეში არსებობს დაპირისპირება ორ წარმოდგენას შორის: რომ საქართველო, მისი ტერიტორია, მისი მოქალაქეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოწინააღმდეგის რელიგიური იდენტობა; და რომ რელიგიური იდენტობა განსაზღვრავს იმას, თუ ვის შეიძლება ვუწოდოთ მტერი. თუკი ჩვენ გვინდა გვქონდეს სუვერენული ერი-სახელმწიფო მეორე იდეოლოგია განწირულია კრახისათვის, რადგან ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია იყო ქვეყნის პატრიოტი და არ გეწყინოს ტერიტორიების დაკარგვა მხოლოდ იმის გამო, რომ დამპყრობელი შენივე აღმსარებლობისაა.

ამას გარდა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი გაიზარდა ქვეყანაში, რომლის დედაქალაქიც იყო მოსკოვი; რომელთაც წლების მანძილზე ჩამოუყალიბდათ წარმოდგენა საერთო კულტურული სივრცის შესახებ, რომელსაც ისინი რუსებთან, როგორც ამ სივრცეში დომინანტ კულტურასთან იზიარებდნენ. შესაბამისად, საქართველოს ბევრი მოქალაქისათვის რუსეთთან ურთიერთობა ძალიან ბუნებრივი რამ არის. თუკი პირველ შემთხვევაში რელიგიური და ნაციონალური იდენტობის კონფლიქტთან გვქონდა საქმე, ამ შემთხვევაში საბჭოთა და ქართულ იდენტობებთან გვაქვს საქმე. საბედნიეროდ დროთა განმავლობაში გაიზარდა ახალი თაობაც, რომელსაც რუსეთთან თანაცხოვრების არანაირი გამოცდილება არ აქვს (ნეგატიურის გარდა) რაც ამ ტიპის კონფლიქტს მილევადად აქცევს.

მესამე მიზეზი კი შეიძლება იყოს შიში. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენ მუდმივ კონფლიქტში ვიმყოფებით რუსეთის ფედერაციასთან. ომები, სამოქალაქო ომი, მუდმივი შანტაჟი, შემდეგ აგვისტოს ომი, ემბარგო და ა.შ.  ეს ყველაფერი შესაძლოა ძნელი ასატანი გამოდგა ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის დაჯერებას, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ. როგორც სიამოვნებით ვიჯერებთ ექიმის მიერ ნათქვამ ტყუილებს რომ “ყველაფერი დამთავრდა” თუმცა ვიცით, რომ პროცედურა გაგრძელდება, ისე სიამოვნებითაც იჯერებს ბევრი, რომ რუსეთი სინამდვილეში მეგობარი სახელმწიფოა და ყველაფერი მოგვარდება, თუკი ჩვენ ამის სურვილი გვექნება. მე მესმის ამ ადამიანების. არავის არ სიამოვნებს შიშში ცხოვრება, თუმცა სამწუხაროდ შედეგი ამგვარ თავის მოტყუებას არანაირი არ ექნება. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც ბევრი კულტურული თუ სხვა ტიპის კავშირები გვაკავშირებს, ეს მაინც ვერ უარყოფს ნეგატიურ ფაქტებს, რომლებსაც ვაწყდებით ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რუსეთთან დამოკიდებულება ძალიან კომპლექსური საკითხია და მრავალი კუთხიდან შეიძლება იქნას აღწერილი. თუმცა როგორც არ უნდა აღვწეროთ ეს ურთიერთობა, საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს იმისათვის, რომ ვივარაუდოთ: არც წარსულში და არც აწმყოში ეს ურთიერთობა არ ყოფილა და არ არის თანასწორი. ხოლო თუკი ჩვენ პრეტენზია გვაქვს სუვერენიტეტზე, ჩვენ სწორედ თანასწორობის აღიარება უნდა მოვითხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოსაგან, რომელთანაც დავიჭერთ ურთიერთობას. თანასწორობის ეს პრინციპი უფრო და უფრო მოიკიებს ფეხს და გასაგები გახდება ჩვენი საზოგადოებისათვის, რაც უფრო დიდი იქნება ჩვენი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის ისტორია. ანუ დროსთან ერთად ეს იდეა განმტკიცდება და ჩვენც უფრო მკაფიოდ გვექნება ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმის შესახებ თუ ვის შეიძლება ვუწოდოთ მტერი და ვის მეგობარი საერთაშორისო ურთიერთობების წარმოების დროს. თუმცა, მხოლოდ დრო რა თქმა უნდა არაფრის მაქნისი იქნება, თუკი შესაბამისი განათლების პოლიტიკაც არ იარსებებს. ჩვენ ძალიან კარგად უნდა შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და სახელმძღვანელოებში ადეკვატურად უნდა გადმოვცეთ საქართველოს უახლესი ისტორია. სწორედ მსგავსი განათლება იქნება იმის გარანტია, რომ ძალიან ცალსახა, პრინციპულ და სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ერთიანი პოზიცია და არ იქნებიან მინდობილები სხვადასხვა ავტორიტეტებს, განცდებსა თუ უმსჯელობას.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა