|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ვის დაემალა წყალტუბოში მყოფი კობა სუბელიანი?

ვის დაელამა დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და რატომ ვერ გაიგეს წყალტუბოში მცხოვრებმა, იძულებით გადადგილებულმა პირებმა, ქალაქში მინისტრის ვიზიტის შესახებ, როდესაც ის 11 მაისს, სანატორიუმ "ელექტრომეურნეობაში" მცხოვრებ 23 ოჯახს შეხვდა?  მათ საცხოვრებელ  პირობებს, მინისტრი პირადად გაეცნო. სამაგიეროდ, ქალაქი, მცოხვრები სხვა დევნილები, რომელთაც წლებია პრობლემები აქვთ, მონახულების გარეშე დატოვა.

დევნილების თქმით, მინისტრი, რომელიც პირადად, თითქმის არასოდეს უნახავთ, ამჯერადაც, მათ პრობლემებს გაექცა და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები გაცხარებული დევნილების ნახვა არ ისურვა.

„მინისტრი გაექცა პრობლემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს: უშუქობა, განსახლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის არ არსებობა. გაგვირბის, რომ ბატონ სუბელიანს, რამე არ მოვთხოვოთ. 22 ლარზე ვართ ამდენი ხანია, არ აწყობს ჩვენი მოსმენა. მოუსმინა იმათ, ვინც კარგ პირობებში ცხოვრობს. ჩვენ არ გვთვლის ადამიანებად. დღემდე, შევარდნაძის დევნილებს გვეძახიან,“- აღნიშნა წყალტუბოში მცხოვრებმა დევნილმა ლამარა გასვიანმა.

"მოსულიყო სუბელიანი ჩვენთან და ვეტყოდით პრობლემების შესახებ. მაგრამ, ვიღაცას აწყობს და ისეთ ადგილზე მიიყვანეს, სადაც ყველაფერი კარგადაა. შებრძანდით და ნახეთ, როგორი მოწყობილები არიან. რაში ჭირდებათ ჩვენი პრობლემების გარკვევა!,"-ამბობს დევნილი ლეილა კოპალიანი.

დაახლოებით, სამი კვირის წინ, წყალტუბოში, 8 კოლექტიური ცენტრი, გაურკვეველი დავალიანების გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დევნილების მიერ, მრავალჯერ გაპროტესტებისა და აქციების მოწყობის მიუხედავად, შუქი დავალიანების დაფარვამდე არ ჩაირთო. სამი სანატორიუმი კი, რომლებსაც დიდი დავალიანება აქვთ და თანხის გადახდა უჭირთ, დღემდე, ელექტროენერგიის გარეშე არიან. მრავალგზის მცდელობისა და კომპეტენტურ უწყებამდე ხმის მიწვდენის მიუხედავად, დევნილები გამოხმაურებასა და დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.

მაშინ, როდესაც დევნილები უშუქობასა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საზრუნავს სანთლის შუქზე უმკლავდებოდნენ, დევნილთა მინისტრი კობა სუბელიანი, წყალტუბოში იმყოფებოდა და ყველაზე კარგ პირობებში მყოფი დევნილებისაგან, სამადლობელ სიტყვებს ისმენდა.

,,საინტერესოა, რით გავაბრაზეთ მინისტრი, რომ ცალკეულ დევნილებს ხვდება და მათ შორის, ფავორიტები ჰყავს. შეიძლება, ვიღაცას აქვს სამადლობელი სამინისტროსთან, მაგრამ ვისაც პრობლემა აქვს, იმათაც უნდა მოუსმინოს მინისტრმა. მისი ვიზიტებით, არც ისე გაფუფუნებულია წყალტუბო და როცა ჩამოდის, მაშინ მაინც უნდა ხვდებოდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ,“-ამბობს დევნილი ლალი გრიგოლავა.

,,მინისტრი ყველგან მიდის, ყველას სტუმრობს და ჩვენთანაც უნდა მოსულიყო“-აღნიშნა სანატორიუმ ,,ელექტრომეურნეობაში“ მცხოვრებმა დევნილმა ლეილა აშორდიამ.

მიუხედავად მინისტრის მიერ, მრავალჯერ გაკეთებული განცხადებისა, რომ განსახლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება, წყალტუბოში მცხოვრები 1500-მდე დევნილი ოჯახი, დღემდე, უწყლობას, ამორტიზებულ საკანალიზაციო სისტემასა და უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს უმკლავდება, მათი განსახლების ბედი კი, ამ დრომდე გაურკვევლია. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე