|
  • EUR 1 = GEL 3.9447
  • USD 1 = GEL 3.3193
|

ვის აუხდება "ოცნება" საჩხერეში?

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ხელისუფლების მხრიდან ძალების მობილიზება და საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის. მმართველი გუნდი პოლიტიკური სცენარის მიხედვით მოქმედებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, ისმენენ მათ პრობლემებს და ადგილზევე, „რეცეპტის სახით“ დაპირებებსაც გულუხვად გასცემენ. ხელისუფლება ქვეყნის ყველა რაიონსა და სოფელზე თანაბრად ზრუნავს, თუმცა  პოლიტიკურ არენაზე რადენიმე თვის წინ გამოჩენილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის „სამშობლო“ – საჩხერე, მმართველი გუნდის განსაკუთრებული „ყურადღების“ ქვეშ იმყოფება.

როგორ და რა მიმართულებით შეიცვალა საჩხერის პოლიტიკური კლიმატი ოლიგარქის გააქტიურების შემდეგ და რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა? ამის გასარკვევად რაიონს ვესტუმრეთ. თუმცა არსებულ კითხვებზე პასუხების მიღება რთული აღმოჩნდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს გაურბის.

საჩხერეში მაცხოვრებლები ხელისუფლების „მზრუნველობას“ ოლიგარქის „წყალობად“ თვლიან, თუმცა ივანიშვილის სხვა წყალობებსაც არ ივიწყებენ და აღნიშნავენ, რომ რეაბილიტირებული გზები და ხიდები, გაზიფიცირებული სოფლები, ახალი სტადიონები, სკოლები, გადახურული სახლები,   უფასო ჯანდაცვა, ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია მშობლიური მხარისადმი. მაგრამ ამბობენ, რომ საჩხერეს ბედთან ერთად უბედობაც დაებედა, მას შემდეგ,  რაც ოლიგარქმა ივანიშვილმა მისი პოლიტიკური მიზნები საჯაროდ გაახმოვანა. ხელისუფლების რეაქციამაც არ დააყოვნა და საჩხერეში მასობრივი ტერორისა და უმუშევრობის მანქანა ამოქმედდა.

საჩხერეში მაცხოვრებელთა განმარტებით,  ოლიგარქის გულისხმიერების სანაცვლოდ, რაიონში მოსახლეობის 99% მისი მხარდამჭერია.  თუმცა ღიად ამის დაფიქსირებისაგან თავს იკავებენ.

საჩხერლები იმ დროს მისტირიან, როდესაც ყველას სამუშაო ადგილი ჰქონდა და ოჯახის გამოკვებილი ჰყავდათ. ახლა კი ოჯახების უმეტესობა უმუშევარია, რადგან როგორც საჩხერლები ამბობენ, ხელისუფლებამ ივანიშვილის მიერ წამოწყებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტები შეაჩერა და  მუშები  უფასო შვებულებაში გაუშვა.

შედეგად, საჩხერეში იმ ოჯახებს გაუმართლათ, რომელთა წევრი პენსიონერი, მასწავლებელი  ან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია.   არსებობს ოჯახის გამოკვების სხვა ალტერნატივა იმ შემთხვევაში თუ  მანქანა გყავს და ტაქსის ტრაფარეტიც გაგაჩნია, ან კიდევ სავაჭრო ობიექტს ფლობ და შემოსავალს ამით ღებულობს. მოსახლეობის აღნიშნული კატეგორია კიდევ უფრო ფრთხილობს. ისინი  ხელისუფლების მისამართით აუგის თქმას ერიდებიან და არც ოლიგარქის სიკეთეებზე საუბრობენ, ისევ და ისევ საკუთარი უსაფრთხოებისა და  სააარსებო წყაროს დაკარგვის შიშით.

საჩხერეში ხელისუფლებისა და ივანიშვილს კოალიციის პოლიტიკური დუელი ისევ მოსახლეობის კისერზე გადადის. ორივე მხარე ფსონს ამომრჩეველთა ხმების მაქსიმუმზე აკეთებს.  ხალხის თქმით,  მმართველ გუნდს საჩხერედან  ხმების 99% -ის  წაღება უნდა. შესაბამისად, ვითარებისაც მკაცრად აკონტროლებს. ამისთვის მოსახლეობას ახლობლებისა თუ ოჯახის წევრების დაჭერითაც ემუქრებიან.

როგორც ირკვევა, საჩხერეში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა.  გარკვეულმა პირებმა (ისინი მოსახლეობას ხელისუფლებისა და ოპოციზიის წამომადგენლებად გაეცნენ) საჩხერეში მაცხოვრებლებს  სახლებში მიაკითხეს და ოჯახის წევრები „დათვალეს“.

საჩხერეზე ხელისუფლების განსაკუთრებული მზრუნველობის ფაქტს არც იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია მალავს (მიუხედავად იმისა, რომ  გუბერნატორის ადმინისტრაციაში მოსახლეობის დაშინებას კატეგორიულად უარყოფენ. უმუშევრობას კი არა მხოლოდ საჩხერის, ქვეყნის #1 პრობლემად მიიჩნევენ). გუბერნატორმა "ახალ გაზეთთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საჩხერეში, ისევე როგორც სხვაგან, არჩევნების მისგებად. შესაბამისად, მაქაცარია საჩხერეს სხვა რაიონებთან შედარებით ცხელ წერტილად მიიჩნევს.

საჩხერეში რამდენიმე კვირის წინ ოლიგარქმა კოალიციის ოფისი მუნიციპალიტეტის შენობის მეზობლად გახსნა. სამაგიოერდ, ხელისუფლება საჩხერლებს თავს უსახურ და ამორტიზებულ შენობებზე, საცხოვრებელ კორპუსებსა თუ მოსაცდელებზე არსებული წარწერებით ახსენებს. საჩხერეში აღნიშნულ შენობებზე წითელი საღებავით  შემოხაზული რიცხვი „5“ და „მიშა“  იპყრობს  უცხო თვალის ყურადღებას.

 

საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე მზრუნველობის არაერთ ფაქტს ასახელებს. ამბობენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა თვეში ერთხელ კონკრეტულ უბნებზე გადის და მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას საჩხერის მუნიციპალიტეტში სწორედ მოსახლეობასთან კომუნიკაციის უკეთ დამყარების მცდელობით ხსნიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის დასაქმების კუთხითაც ზრუნავს და ყველა იმ პროექტში, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ადგილობრივი მუშახელია ჩართული.

თავის მხრივ,  მოსახლეობა ხელისუფლებას ძალისხმევას არ უფასებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჩხერის ბიუჯეტი მმართველი გუნდის კეთილდღეობას ხმარდება. მოსახლეობის  თქმით, რაიონის ხელმძღვანელობა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, მოსახლეობას კი დაპირებებს იმისთვის აძლევს, რომ შემდეგ არ შეასრულოს. „ესენი თავისთვის ხარჯებს ზრდიან და მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ, რომ მათ გარდა საჩხერეში თურმე ხალხიც ცხოვრობს,“ - ამბობს უკმაყოფილო მოსახლეობა.

ნათქვამია, „შიში შეიქმს სიყვარულსო“. ხელისუფლებაც ამ პრინციპით უდგება საჩხერეს და იმედოვნებს, რომ რაიონში მაცხოვრებელთა 99% არჩევანს მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთებს. გემოვნებაზე არ დაობენ.  თუმცა, ეს იმ შემხთვევაში, როდესაც საქმე ნების თავისუფლად გამოხატვას ეხება. სად და როგორ გადაიხრება საჩხერელთა პოლიტიკური გემოვნების ვექტორი,  ნებით თუ უნებლიეთ – ამას შემოდგომა და საპარლამენტო არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.  

ავტორი: ქრიტინა ქარჩხაძე

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.08%
მცირე დარღვევებით - 10.26%
გაყალბებით - 66.67%
სულ - 39 ხმა