|
  • EUR 1 = GEL 3.6356
  • USD 1 = GEL 3.0758
|

ერეკლე დეისაძე - ლიტერატურის მასწავლებლები შემაშფოთებლად საშიში სექტაა, რომლებმაც ბავშვებს დედა უტირეს

„სისტემა უნდა დაინგრეს“ ეს სლოგანი ერთი წლის წინ მრავალმა აიტაცა, მას ხშირად იმეორებდნენ და საპროტესტო აქციებზე წარმოდგენილ ყოველ მეორე პლაკატს აღნიშნული შინაარსის წარწერას უკეთებდნენ. სამაგიეროდ დღეს ეს მოწოდება ნაკლებად ისმის. სისტემა მართლაც დაინგრა თუ რატომ შეწყდა ამაზე ლაპარაკი? კიდევ რისი დანგრევაა მნიშვნელოვანი? როგორ მოქმედებენ სისტემები ადამიანებზე?

აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე.


-„სისტემა უნდა დაინგრეს“ ამ, ან სხვა მსგავსი შინაარსის, მოწოდებას დღეს ისე აქტიურად აღარ იმეორებენ ჩვენს საზოგადოებაში. სისტემა მართლაც დაინგრა თუ რატომ შეწყდა ამაზე ლაპარაკი?

ეს სლოგანი მაშინდელი ჩვენი რეაქცია იყო, რომელიც ხალხმა გაიზიარა და სტუდენტების მთავარ ლოზუნგად იქცა, სისტემის დანგრევაში არ იგულისხმებოდა კონკრეტული ადამიანების გადადგომა და მათი ჩანაცვლება სხვა ადამიანებით, აქ საზოგადოების მთავარი დაკვეთა ის იყო, რომ შეცვლილიყო ის მეთოდები, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მიმართ იყენებდა, ძალადობა ხალხში დღესაც არსებობს და ეს პირდაპირი შედეგი გახლავთ იმ სისტემის, რომელმაც ეს ძალადობა წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით დანერგა. ჩვენი ერის ერთ-ერთი პრობლემა პროტესტის დაუხვეწავობაა, მიტინგების ტრადიცია გვაქვს, მაგრამ ლოზუნგები არ იცვლება, შესაბამისად ჩვენს სლოგანსაც თავისი დრო ჰქონდა. ჩვენ არც ისეთი გულუბრყვილოები არა ვართ, რომ ბოლომდე დარწმუნებულები ვყოფილიყავით "სისტემა უნდა დაინგრეთი" მართლა ყველაფერი უცებ შეიცვლებოდა.

ბუნებრივია, რაღაც ცვლილებები არის, მაგრამ სისტემა ცალკეული ადამიანების ტვინებშია დასანგრევი და ამისათვის განათლების ნორმალური რეფორმა და სოციალური ფონის ამაღლებაა საჭირო. ამიტომ პროტესტის დაუხვეწავობა მგონია ერთი წლის მერეც "სისტემა უნდა დაინგრეს’’ ვიძახოთ, რაიმე ახალია საჭირო, რადგან ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ვერასოდეს გახდება დემოკრატიული თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება.

- საქართველოში კიდევ  რისი დანგრევაა აუცილებელი ან რამდენად ამართლებს ნგრევის პოლიტიკა?

- გააჩნია ვის როგორ ესმის "დანგრევა". ჩემთვის ეს სიტყვა ცვლილებასთან ასოცირდება, რაც ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდი ნაწილი საკუთარი დამოუკიდებლობის პირისპირ აღმოჩნდა. ჩვენს შემთხვევაში ამ დამოუკიდებლობამ, რომლის გამოც ამდენი სისხლი ვღვარეთ, იმდენად დაგვაბნია რომ დღემდე ზვიადისდროინდელი ეიფორია მოგვყვება, აქ უამრავი ინსტიტუცია საჭიროებს რეფორმას. საბოლოო ჯამში, ვხვდები, რომ არცერთ გარეშე მტერს არ შეუძლია ჩვენთვის იმხელა ზიანის მოტანა, რამდენიც საკუთარ უვიცობას, რომელსაც ამდენი წელია გავურბივართ და ვმალავთ.

- თქვენი დამოკიდებულება ზოგადად სისტემების მიმართ?

- როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს და რაც არ უნდა ვთქვა, ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მეც სისტემის ნაწილი ვარ, ისევე როგორც თქვენ და სხვა დანარჩენები. ის რაც ციხეებში ხდებოდა, ამაზე მხოლოდ სააკაშვილის მთავრობა არ არის პასუხისმგებელი. ამაში ყველა ჩვენგანს მიგვიძღვის ბრალი. რადგან ჩვენი არჩეული მთავრობა ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან უბრალოდ თანამოქალაქეებს, სასტიკად ექცეოდა, ჩვენ კი ამის შესახებ წლებია გვესმოდა და ხმას არ ვიღებდით, იმიტომ რომ შინაგანად ჩვენც სისხლს ვიყავით მოწყურებულები და ამ კადრებმა ერთის მხრივ ლიბიდო დაგვიკმაყოფილა, მეორეს მხრივ სასტიკად გაგვაბრაზა.

- მე-16 საუკუნეში საფრანგეთში მოქმედი ცენზურა ბევრ  წიგნს იმეტებდა დასაწვავად. თუმცა რასაც დაწვავდნენ მერე ის წიგნი შავ ბაზარზე პოპულარული  და გაყიდვადი ხდებოდა. შესაბამისად ავტორები „ცდილობდნენ“ რომ სწორედ  მათი წიგნი დაეწვათ. დღეს რამდენად დიდია ინტერესი „დამწვარი“ წიგნების მიმართ? აკრძალვა რამდენად რგებს ნაწარმოებს? ამ თვალსაზრისით რომელ წიგნებს „დაწვავდით“?

- მგონი ბროდსკი ამბობდა, არსებობს იმაზე დიდი ლიტერატურული დანაშაული, ვიდრე წიგნების დაწვა და ცენზურა. ეს დანაშაული მათი არ წაკითხვაა. დღეს წიგნის მიმართ ინტერესი ნაკლებია. ჩვენთან ძალიან უყვართ ლიტერატურა, ოღონდ პრემია "საბას’’ დაჯილდოებაზე, სადაც სალონში სპეციალურად დავარცხნილი თმებით, თვალისმომჭრელი ბიჟუტერიით, ამაზონიდან გამოწერილი კაბებით და დიდი პეროებით მოდიან. რეალურად, ამდენი ადამიანი რომ ყიდულობდეს წიგნებს, ეს ნამდვილად დაეტყობოდა პროცესს. მაგრამ ჩვენთან სუფრამ, პოეზია და ესტრადა ერთდროულად შეიწოვა და რაღაც გაურკვეველი ხორცმეტი მივიღეთ, თუ ჩემი არ გჯერათ იუთუბის პოეტები ნახეთ, ისინი საოცარი თამადები არიან.

- რომელ ნაწარმოებს შეიტანდით სასწავლო პროგრამაში? რომელს ამოიღებდით?

- რაც არ უნდა შევიტანოთ ან ამოვიღოთ, მაინც არაფერი გვეშველება სანამ ქართული ლიტერატურის მასწავლებლების მასშტაბური გადამზადება არ მოხდება, ეს შემაშფოთებლად საშიში სექტაა, რომლებმაც ბავშვებს დედა უტირეს. ეს თითქმის პედაგოგთა 90% -ს ეხება. რაც არ უნდა შეიტანო ნებისმიერ ტექსტს მოკლავენ და დააკონსერვებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემა არა ტექსტებში, არამედ პედაგოგებშია.

- თქვენი აზრით აუცილებელი ლიტერატურა (ფილმი, სპექტაკლი), რომელიც უნდა წაიკითხონ (ნახონ) დღეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა? 

- პოლიტიკოსებმა, ვისურვებდი, რომ ძალიან ხშირად წაიკითხონ ის დაპირებები, რომლის ხარჯზეც ხელისუფლებაში მოვიდნენ. ხოლო სასულიერო პირებმა იგივე (კაბიანმა პოლიტიკოსებმა) ვისურვებდი, ბიბლია წაიკითხონ, უმეტესობას წაკითხულიც არა აქვთ და ღმერთის სახელით იმდენ სისულელეს ბოდავენ, ხანდახან მათ მაგივრად მიჩნდება უხერხულობის განცდა. სხვას ვერაფრის წაკითხვას ვერ მოვთხოვ პოლიტიკოსებს და სასულიერო პირებს. უბრალოდ აზრი არა აქვს.

- სხვადასხვა გამოკითხვებით ცნობილია, რომ ბიბლია მსოფლიოში ყველაზე წაკითხვადი წიგნია. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენს ქვეყანაში მას მაინცადამაინც არ კითხულობენ.  საქართველოში, ფაქტობრივი „თეოკრატიის’ პირობებში, რატომ ვერ გახდა ბიბლია პოპულარული შესაბამის წრეებში? 

- თეოკრატია თავისთავად გულისხმობს იმას რომ ბიბლია ვერ გახდება პოპულარული წიგნი, ბიბლიის სახელით კი თეოკრატიის დამკვიდრება საუკეთესო ბიზნესია, მაგრამ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ და შესაბამისად ბიბლიას ისევ და ისევ საარჩევნო კლიპში თუ გამოიყენებ ხმების მოსაპოვებლად ან ინაუგურაციაზე ფიცის დასადებად.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 44.78%
უარყოფითად - 47.76%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.46%
სულ - 67 ხმა