|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაყიდულ ქარხნებში მოქალაქეთა პირადი საქმეები ნადგურდება

ქუთაისის ყოფილ საავტომობილო ქარხანაში, ქარხნის ასევე, ყოფილ თანამშრომელთა პირადი საქმები და არქივი ნადგურდება. საწარმოს თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ.

ყოფილი ავტოქარხანა ქალაქში ერთადერთი დაწესებულება არ არის, რომლის თანამშრომელთა პირადი საქმეები  შესაძლოა დაიკარგოს.    

ვიოლეტა გაგოშიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ყოფილ საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა. ამბობს, რომ შრომის წიგნაკი შემთხვევით დასჭირდა. ქარხანას მიაკითხა, თუმცა მისი პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. გაგოშიძის თქმით, ლიკვიდაციამდე ავტოქარხანას თავისი არქივი ჰქონდა, სადაც ქარხანაში მომუშავე 10 000-ზე მეტი ადამიანის პირადი საქმე იყო დაცული. იმ დროს არქივს საბუთების გაცემაზე პასუხისმგებელი პირიც გააჩნდა.

„შემდეგ ის ტერიტორია, სადაც არქივი იყო, გაიყიდა. არ ვიცი არაბმა თუ ჩინელმა ინვესტორებმა იყიდეს. ქუთაისის ცენტრალურ არქივში ვიყავი, სადაც მითხრეს, რომ მათმა თანამშრომლებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს, ყველას პირადი საქმე აკინძეს, თუმცა მათვის გასამრჯელო არავის გადაუხდია. არქივმა ეს დკოკუმენტები რომ შეინახოს, ვიღაცამ ფული  უნდა გადაიხადოს.  ტომრებში მოთავსებული დოკუმენტები ქარხნის ერთ ოთახშია შეყრილი, სადაც წყალი ჩამოდის და  წლების ნამუშევარი ფუჭდება,“ - ამბობს ვიოლეტა გაგოშიძე.

მოქალაქის თქმით,  მის მსგავს ვითარებაში ყველა ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც ამა თუ იმ  მიზეზის გათვალისწინებით შრომის წიგნაკი ან თავისი პირადი საქმე დასჭირდა. ვიოლეტა გაგოშიძემ  დახმარებისთვის საჯარო რეესტრს მიმართა,  სადაც პირადი საქმის  ნომერი მისცეს და „დაამშვიდეს“, რომ ის ერთადერთი ადამიანი არ იყო, ვისაც აღნიშნული პრობლემა აწუხებს.

გაგოშიძის პირადი  საქმე  ყოფილ ავტოქარხნის არქივში უნდა მოიძებნოს, სადაც მოქალაქეებს შესვლა არ შეუძლიათ.

თუმცა ტერიტორიაზე შესვლა რომც მოახერხონ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არქივის მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი და იქ მისულ მოქალაქეებს პირადი საქმის მოძებნაში დაეხმარება.    

„ელემენტარული,  ადამიანს პენსიის დანიშვნა რომ დასჭირდეს და თავისი ნამუშევარი წლების გათვალისწინება მოითხოვოს, ამის საშუალება არ იქნება. იქნებ ხელისუფლება დაგვეხმაროს და დოკუმენტების არქივში განთავსების თანხა გადაიხადოს ან   ვიღაცამ იზრუნოს და არქივში დაინიშნოს ადამიანი, ვინც ჩვენ დოკუმენტების მოძიებაში დაგვეხმარება.  ავტოქარხანა-ცენტრალური არქივი-საჯარო რეესტრი- ასეთია სამკუთხედი, რომელზეც სიარული გვიწევს და ვიდრე გამოსავალი მოიძებნება,  ამ დროისთვის შესაძლოა, არქივი აღაც არსებობდეს,“ - ამბობს გაგოშიძე.

ქუთაისის ყოფილ საავტომობილო ქარხანაში 2009 წელს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ტერიტორია ჩინურმა, არაბულმა და ეგვიპტურმა ფირმებმა გადაინაწილეს.  მოქალაქეებისათვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინვესტორის კუთვნილ ტერიტორიაზე ნადგურდება ფოკუმენტები.

„ახალი გაზეთი“  ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის „ჯორჯიან ინტერნეიშენელ ჰოლდინგის“ პრესსამსახურს დავუკავშირდა. კომაპანიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ეკა გუგუშვილის  თქმით, ქარხნის მუშებმა არა მის სამართალმემკიდრეს, არამედ ძველ მფლობელს უნდა მიმართონ. როგორც გუგუშვილი ამბობს, როდესაც ტერიტორიაზე ახალი  კომპანია შედის, დოკუმენტაცია და არქივი ძველი  მფლობელის საკუთრებაში რჩება. ძველი მფლობელის კვალის დადგენა კი შეუძლებელია. „ქარხნის გაკოტრების შემდეგ, როგორც ვიცი, ქარხნის ბეჭედი და სხვა დოკუმენტაცია  პოლიციამ წაიღო,“ – ამბობს ვიოლეტა გაგოშიძე.

მოქალაქეთა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ვითარების გარკვევის მიზნით,   ქუთაისის ცენტალურ არქივს მივმართეთ. აქ  აცხადებენ, რომ მოქალაქეების პრობლემა მათთვის ნაცნობია. უფრო მეტიც, საკითხთან დაკავშირებით უამრავი მოქალაქის მიღება და საჯარო რეესტრში გადამისამართება უწევთ.   არქივის დირექტორის მერაბ კეზევაძის თქმით, მათ ქარხნის ლიკვიდაციამდე ის დოკუმენტები გადაარჩინეს, რომლებიც ეროვნულ საარქივო ფონდს გაენეკუთნებიან და საწარმოს ისტორიას ასახავენ.

„სახელმწიფო ინახავს იმას, რისი შენახვაც აუცილებელია. რასაც ისტორიული ან კულტურული ღირებულება გააჩნია. რაც შეეხება პირად შემადგენლობას, მოქალაქეთა პირად საქმეებსა თუ ხელფასის უწყისს, ჩვენ ამ კატეგორიას იმ შემთხვევაში ვემსხურებით, თუ ის დოკუმენტების  შენახვის ღირებულებას გადაიხდის,“ - ამბობს მერაბ კეზევაძე.

ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორს მიაჩნია, რომ ვინც ყოფილი საავტომობილო  ქარხანა შეიძინა საკუთრებაში, ის  არა მხოლოდ შენობა-ნაგებობისა და  ტერიტორიის მფლობელი გახდა, არამედ იქ დაცული დოკუმენტაციის შენახვაზეც უნდა აეღო ვალდებულება. კეზევაძის თქმით,  სახელმწიფო  ორგანო კერძო მფლობელს ვერ დაავალდებულებს. როგორც არქივის დირექტორი ამბობს, ამ შემთხვევაში  საქმეში ჩარევის პრეროგატივა სამართალდამცავ  უწყებებს აქვთ. როგორც ირკვევა, ყოფილი საავტომობილო ქარხანა პოსტსაბჭოთა საწარმოებიდან ერთადერთი  დაწესებულება არ არის რომლის მუშებსაც მსგავსი პრობლემა შეექმნათ.

„მე როგორც მოქალაქეებიდან  ვიცი, ანალოგიური ვითარებაა აბრეშუმკომბინატში, ყოფილ ელექტრომექანიკურ და რეზინის ტექნიკურ ნაკეტობათა ქარხნებში,“ - ამბობს მერაბ კეზევაძე.  

მოქალაქეებისათვის სანუგეშო პროგნოზს ვერც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აკეთებენ. სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეინაბ ხაჩიძის თქმით, იმდენად ვიწრო სეგმენტია, რომ კომპეტენტური კომენტარს ვერ აკეთებს.  ხაჩიძე აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩარევა უჭირს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე