|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ხანძრისგან დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ხანძრის შედეგად დაზარალებულები  ხანძრის ნარჩენებისაგან ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავებენ. ისინი შემთხვევის ადგილას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მისვლასა და მათი მხრიდან დახმარებას ითხოვენ.

„დავწყდით ხალხი. ღამის 3 საათიდან აქ ვართ. ცენტალური ადგილია, ერთი ნაგვის მანქანაც არ გამოგვიგზავნეს, ხალხი ვედროებით ეზიდება ნაგავს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არც ის იკადრეს ადგილზე მოსულიყვნენ და დაქცეული ხალხის მდგომარეობას გასცნობოდნენ. არჩევნებში ხალხის ხმები კი სჭირდებათ,“ - ამბობს ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული  გივი დევდარიანი.

ხანძარი, რომელმაც რამდენიმე მაღაზია და ცენტალური ბაზრის გარკვეული ნაწილი დააზარალა, 21 მაისს შუაღამისას, დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროენერგია სახელდება, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ტერიტორიის მიმართ გარკვეული ინტერესი არსებობდა.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებიც. 

„ჩვენ არ ვიცით რა მოხდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. დაზარალებულებს კითხეთ მიზეზები,“ – განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.

„ჯერ ექსპერტიზის დასკვნას დაველოდებით და თუ ის ობიექტური არ იქნება, ამის შემდეგ ვიმოქმედებთ. იმის გარკვეული წინაპირობები იყო, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, ვიღაცამ ხანძარი განგებ და თან ძალიან კარგად გააკეთა. ხალხმა შემოსავლის წყარო დაკარგა. ისეთი მაღაზიებიც იყო, რომლებმაც ათასები დახარჯეს ფართის მოწყობაზე და კაპიკი არ აუღიათ. იყვენ ადამიანები, რომლებიც პურის ფულს გაჭივრებით შოულობდნენ და გადასახადებს ვერ იხდიდნენ. ხალხს როგორც საკუთრება, ისე იჯარით აღებული ფართი დაუზიანდა,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული მზია აბრამიშვილი.

დაზარალებული მოვაჭრეების თქმით, ხანძარმა არა მხოლოდ ფართი, ტექნიკა და პროდუქციაც გაანადგურა.

„რაიონიდან ვარ ჩამოსული და ვვაჭრობ. 100 კილოგრამი ყველი მქონდა. რამდენიმე კილოგრამი თუ იქნება დარჩენილი, სხვა ყველა განადგურდა.  მაცივრები გაგვიფუჭდა. ფული წინასწარ გვქონდა გადახდილი. ხალხი დავიქეცით, ვინ დაგვეხმარება?“ - ამბობს ხანძრისგან დაზარალებული   დარეჯან გუჯაძე.

ამ დროისათვის ე.წ. პასაჟების ნაწილს ელქტროენერგიის  მიწოდება შეწყვეტილი აქვს. მოსახლეობის განცხადებით, ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის დროული რეაგირების გარეშე, შესაძლოა, ცენტრალურ ბაზართან მცხოვრებ მოსახლეობასაც შექმნოდა საფრთხე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე