|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა იზრდება

 ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტში  სწავლის საფასურის გადახდის პერიოდია.  ყველა ვერ ახერხებს თანხის გადახდას, რის გამოც ძალიან ხშირია სტუდენტის სტატუსზე იძულებით უარის თქმის შემთხვევები. „ნიუპრესი“ იმ სტუდენტებს გაესაუბრა, რომელთათვის ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას.

 გვანცა მაღლაკელიძე,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მეოთხეკურსელია,  თუმცა მხოლოდ 30 ოქტომბრამდე, რადგან  სწავლის  საფასურის გადახდას ვერ ახერხებს.

„ოჯახში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს,  რის გამოც  სწავლის საფასურს  ვეღარ ვიხდი.  ძალიან მიჭირს უარი  ვთქვა სწავლაზე.   გადავწყვიტე, სამსახური მეშოვნა და თავად დამეფარა  სწავლის  საფასური,  მაგრამ უშედეგოდ. ყველგან გამოცდილებას ითხოვენ.  ამაზე მწარედ  მეცინება,  თუ  შანსს არ  მომცემენ და მუშაობას არ დავიწყებ, გამოცდილებას როგორ შევიძენ?  რეიტინგული გამოცდები უკვე დაიწყო,  ამიტომ გამონაკლისი დაუშვეს და 30 ოქტომბრამდე სტუდენტის სტატუსი არ შემიჩერდება, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი,“-გვითხრა გვანცამ.

 ზურა დვალიშვილმა  უკვე შეძლო და აღიდგინა შეჩერებული სტატუსი, თუმცა რა არის მიზეზი სტუდენტებისათვის სტატუსის მასობრივად შეჩერების, ამის შესახებ  თავის მოსაზრება გაგვიზიარა:  „ამის  მრავალი ფაქტორი არსებობს,  ძირითადი კი ფინანსური მდგომარეობაა. ცხოვრება  გართულდა და სწავლა უკვე ძვირი სიამოვნება ხდება. ეს ყვლაფერი კი ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა განაპირობა.  გადასახადები იზრდება,  შემოსავალი კი აღარაფერია, ლარიც გაუფასურდა. ეს  ყველაფერი კი ზემოქმეებას ახდენს სტუდენტებზე  და სტუდენტურ ცხოვრებაზე“, - გვითხრა მან.

გვანცას და ზურას  მსგავსი პრობლემები  ძალიან ბევრ სტუდენტს აწუხებს.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს,  რომ მათ სტუდენტებს გადახდის ყველაზე მოხერხებული გრაფიკი აქვთ:  „საქართველოს  არცერთ სასწავლებელს მსგავსი პირობები არ აქვს, რაც სწავლის საფასურის ეტაპობრივად დაფარვას გულისხმობს.   სტუდენტმა პირველადი  შენატანი 30 ოქტომბერამდე უნდა გააკეთოს,  შემდეგ 30 დეკემბერამდე,  მაისში და ივნისში.  ეს ხელშეკრულებაშიც წერია. თუ  დროზე ვერ ახერხებს საფასურის შეტანას,  მან წინასწარ უნდა გააკეთოს მობილიზაცია და განცხადება დაწეროს თანხის გადავადების შესახებ“, - განუცხადეს „ნიუპრესს“ უნივერსიტეტის ადსმინისტრაციაში.

სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,  კახა კუპატაძის განმარტებით,  სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება და ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია.  თუმცა, როგორც მან ჩვენთან სუბარში აღნიშნა, ამ მომენტისათვის აწსუ-ში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 300 -ის ფარგლებში მერყეობს.  სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში სტატუსის აღდგენა  მომენტალურად ხდება. 

 სწავლის საფასურისაგან  ნაწილობრივ გათავისუფლებული არიან სოციალურად დაუცველები,  დევნილები, შშმ პირები,  ომში დაღუპულების შვილები და ობლები.  

ავტორი: ელიტა ჯინჯოლია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა