|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სხვისი სახლი“ -ფილმის პრემიერა ქუთაისში გაიმართება

21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის „სხვისი სახლი“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ჩვენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება და მას თავად რეჟისორი დაესწრება. ეს პრაქტიკულად საპრემიერო ჩვენება იქნება, რადგან ფართო მაყურებელს საქართველოში რუსუდან გლურჯიძის ფილმი ჯერ არ უნახავს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ფილმი ბევრისთვის მტკივნეულ თემას - 1990-იანი წლების საქართველოს და აფხაზეთის ომს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული სურათია.
ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. „სხვისი სახლი“ აგრეთვე საქართველოს სახელით ოფიციალურად წარდგენილია ოქროს გლობუსის სელექციაზე ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა