|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში მშენებარე კორპუსზე სართულების დემონტაჟის მოთხოვნა დროებით შეჩერებულია

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მშენებარე სახლზე სართულების დემონტაჟის მიზანშეწონილობის საკითხს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გადაწყვეტს- ამის შესახებ ქუთაისის მერიაში აცხადებენ.

ქალაქის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განმარტებით, ამ ეტაპზე დემონტაჟის შესახებ მოთხოვნა შეჩერებულია. 

"კომპანიამ წარმოადგინა პროექტის კორექტირებული ვარიანტი, თუმცა მიეთითა არსებული ხარვეზების შესახებ. შესაძლებელია, მიზანშეწონილობის დასადგენად კორექტირებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაეგზავნოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო, ამის თქმა ჩემთვის ძნელია, ვადასტურებ, ამ ეტაპზე დემონტაჟის შესახებ მოთხოვნა შეჩერებულია", -განუცხადა ჯავახიამ "ნიუპრესს". 

 

შეგახსენებთ, ქალაქის მერიის განცხადებით,  შპს "სახლი#1" მიერ თამარ მეფის 10 ნომერში მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს. კომპანიას დარღვევების გასწორებისაკენ მიეთითა, რაც პროექტით გაუთვალისწინებელი ორი სართულის დემონტაჟს ითვალისწინებს. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

მერიის ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი,  შეთანხმებულია, როგორც 5- სართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით და კომერციული ფართით, რეალურად კი აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარე წარმოადგენს 7-სართულიან შენობა-ნაგებობას. 

კომპანიაში განმარტეს, რომ მერიას პროექტის კორექტირებისათვის დოკუმენტაცია წარუდგინეს. მშენებლობა ქალაქის ცენტრალურ უბანში მიმდინარეობს, რის გამოც ის კულტურული მემკვიდრეობის საგენტოს თანხმობას საჭიროებს. აგვისტოში სააგენტომ კომპანიას არსებული ფორმით მშენებლობის გაგრძელებაზე უარი უთხრა. 

მოხდება თუ არა აშენებული სართულების დემონტაჟი და კომპანისათვის დაკისრებული ჯარიმის ამოქმედება, ეს სააგენტოს პოზიციაზეა დამოკიდებული.  

"სახლი #1"-ს სართულების დაშენებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უარი უთხრა

ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება

,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია

ავტორი: ირინა მაკარიძე