|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

თანამედროვე ტექნოლოგიები პოეზიის სამსახურში

    ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და მოგვწონს თუ  არა, უნდა ვეცადოთ  ფეხი ავუწყოთ პროგრესს. თუ  გასულ  წლებში ახალგაზრდები  საყვარელი პოეტის  ლექსებს  ჩანაწერების რვეულში იწერდნენ და მაქსიმალურად ზრუნავდნენ მათ უსაფრთხოებაზე, დღეს ახალი თაობა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ეცნობა საყვარელ ლექსებს..
იმის გასარკვევად, თუ რომელ პოეტს ანიჭებენ ახალგაზრდები უპირატესობას, საკმარისია, ინტერნეტ სივრცეს გადახედო.  ატვირთული ვიდეოების  ნახვების მაჩვენებელი იძლევა ზუსტ  პასუხს კითხვაზე. რეიტინგებში ჩვენი თანაქალაქელი პოეტები ლიდერთა შორის არიან.  მათ შორის 21 წლის პოეტი და  ანსამბლ „კოლხას“ მოცეკვავე   ბესარიონ ჩანქსელიანია.  რთულია, ბარდნალაში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს  „სისხლში  პოეზია არ გიდუღდეს“.  ქუთაისში სასწავლებლად ჩამოსული ჩვენი რესპოდენტის ლექსები და ჩანაწერები დღითი დღე  პოპულარული ხდება. 

ბესარიონ ჩანქსელიანი "ნიუპრესის" სტუმარია.

-რა დრო გავიდა მას შემდეგ,  რაც  წერა დაიწყე ?

-თუ არ ვცდები, პირველი ჩანაწერი პოსტის სახით ამ წლის აპრილში გავაკეთე, რომელიც ქალზე იყო და პირველი მოწონებაც ამ ჩანაწერს მოყვა. სანამ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნებდი, გაცილებით ადრე, 2007 წელს ძმის დაღუპვით გამოწვეულ ტკივილზე  დავწერე...

-გარდა იმისა, რომ „უბრალოდ წერ“, სხვის დაწერილსაც კითხულობ. თორნიკე ნაროზაულის  "ძვირფასო მარიამ" ავტორის მიერ წაკითხულმა ლექსმა ორი წლის განმავლობაში 100 000 მნახველს გადააჭარბა, შენს მიერ წაკითხული კი 4 კვირაში 40 000 მდე ავიდა.  რამ განაპირობა შენს მიერ წაკითხული ლექსების პოპულარობა?

-„ძვირფასო მარიამ"-ეს ერთ-ერთი საყვარელი ლექსია ჩემთვის „თორრრნიკეს“ შემოქმედებიდან. არ ვიცი, რამ განაპირობა ამ ლექსის ასეთი პოპულარობა, ალბათ, იმ გარემოებამ, რომ ეს ლექსი გამიზნული არ გვქონდა ინტერნეტ სივრცეში დასადებად და უფრო ბუნებრივი გამოვიდა, თან „ძვირფასი მარიამიც“ შესანიშნავი სტიმული იყო, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და მისმენდა.

-"ჩემს მეგობრებს გადავხედე და აღმოვაჩინე რომ მათი 99% მარიამია",  -ეს  შენს გვერდზე ამოვიკითხე. ესეც  ნაროზაულის ლექსის შენეულმა ვარიანტმა გამოიწვია, თუ, უბრალოდ, დამთხვევაა?
-მარიამების სიმრავლე ჩემს „ფრენდებში“, ვფიქრობ, პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ნაროზაულის ლექსთან.

 -გყავს თუ არა საკუთარი "ძვირფასი მარიამი"?

 -არც „ძვირფასი“ მყავს და მით უფრო, არც მარიამი.

  -ხომ არ არის რამე პროექტი,  სადაც მონაწილეობას, როგორც პოეტი, ისე მიიღებ?

  -კი ბევრი საღამო იყო, სადაც როგორც პოეტი ისე მიმიწვიეს, თუმცა  მე  ყოველთვის ვამბობ, არ ვარ პოეტი. უბრალოდ, ფორმალურად თუ ჩამწერენ, როგორც პოეტი. ეს თავმდაბლობა არ არის, უფრო რეალობაა.

  -როგორც შენს მიერ წაკითხული ლექსებიდან ჩანს, თანამედროვე პოეტების შემოქმედებას კარგად იცნობ. რას იტყვი მათ შესახებ?

   -კარგად არ ვიცნობ, ვიცი, მხოლოდ რაღაც ნაწილი და ბევრი მომწონს. ძალიან სიღრმისეულად წერენ თანამედროვეობაზე.  პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, გასული საუკუნის პოეტებს, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, ვიტყვი, თანამედროვე პოეზიის გავლენის ქვეშ ვარ.

-ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები პოეზიის პოპულარიზაციიას, თუ  მხოლოდ ამის ილუზია იქმნება?

-თანამედროვე ტექნოლოგიები  ხელს უწყობს კომუნიკაციას, იმას, რომ ადამიანებს აჩვენო ის რასაც წერ. თუ რამდენად მოსწონს საზოგადოებას, ეს უკვე  სხვა თემაა, მაგრამ  შენი აზრების გასაჯაროებისთვის ინტერნეტი ძალიან კარგი საშუალებაა და  მას მეც ვიყენებ  იმისთვის, რომ საკუთარი "უბრალო ჩანაწერები "მეგობრებმა,  ან თუნდაც  დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ.

 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 44.97%
არა - 46.03%
არ იცი - 8.99%
სულ - 378 ხმა